ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ საგარეო მიმართულების მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი მადრიდის სამიტის წინ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას ვიზიტს აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი გზავნილი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო ალიანსისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-სთვის კიდევ უფრო აქტუალური ხდება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი, რაშიც საქართველოს საკვანძო როლი გააჩნია.
„საქართველოს გარეშე ძალიან რთული იქნება ევროპისთვის სტრატეგიული მიზნების მიღწევა და უსაფრთხოების განმტკიცება, მათ შორის ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროებისა და ახალი სატრანზიტო დერეფნების ჩამოყალიბების მიმართულებით. უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩამოაყალიბა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც ევროპის უსაფრთხოების გადახედვის და ახალი მიდგომების საჭიროება გაჩნდა. ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზა გადის ნატო-ს გაფართოებაზე, როგორც შავი ზღვის, ასევე, ბალტიის ზღვის მიმართულებით. მადრიდის სამიტზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გადადგან საჭირო ნაბიჯები ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რადგან რუსეთის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევითა და ურთიერთმხარდაჭერით. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაახლოებს საქართველოს ალიანსთან მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში და მთლიანად ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას,-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უკანასკნელმა წლებმა ცხადყო, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესმა დიდი პროგრესი განიცადა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ პრაქტიკული კუთხით, საქართველო მთლიანად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და ეფექტურად იყენებს გაწევრიანების ყველა მექანიზმს.
„საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რაც არაერთხელ დაამტკიცა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისას. ამაზე ერთხმად თანხმდებიან ალიანსის მოკავშირე ქვეყნებიც. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე დაიკავებს თავის სრულფასოვან ადგილს ალიანსის დიდ ოჯახში“,-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.