უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად გარდამტეხი უნდა იყოს NATO-ს სამომავლო პოლიტიკის მიმართულებით, რომ გაცილებით ეფექტური მექანიზმებით და მოკლე ვადაში იყოს განხილული საქართველოს გაწევრიანება ალიანსში,- ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშნები არსებობს NATO-სა და ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის გზის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, იმ ნიშნულს ვართ მიახლოებული, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაღა გვაკლია, პოლიტიკური ნების გამოჩენა ალიანსიდან, რომ შევძლოთ ნატოში გაწევრიანების დაწყება. ევროკავშირში გაცილებით სხვა სიტუაციაა. იქ უფრო მეტი ამოცანა და საშინაო დავალებაა გასაკეთებელი. აქედან გამომდინარე, მე ამ პროცესის სიახლოვეს ერთმანეთს არ გავუთანაბრებდი“, - აღნიშნა ანთაძემ.
მისივე თქმით, ადრეც რომ ყოფილიყო მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, დღეს საქართველო გაცილებით დაცული იქნებოდა და რეალურად იქნებოდა შესაძლებლობა, რომ ნატოს წევრი ყოფილიყო.
„ახლა მოლოდინია ივნისში მადრიდის სამიტისგან, რომ ახალ პრაქტიკულ მექანიზმებს მივიღებთ, რომელიც მიმართული იქნება განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ეროვნული მედეგობისა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე კრიტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, ახალი შესაძლებლობების განვითარება საქართველოსთან და იმ პოლიტიკური საფრთხეების კიდევ ერთხელ დაფიქსირებაც, რას ჩვენ ნატოში ინტეგრაციას უკავშირდება. მეც ვისურვებდი, რომ ეს აქამდე მომხდარიყო, თუმცა ვფიქრობ, რომ უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად გარდამტეხი უნდა იყოს NATO-ს სამომავლო პოლიტიკის მიმართულებით, რომ გაცილებით ეფექტური მექანიზმებით და მოკლე ვადაში იყოს განხილული საქართველოს გაწევრიანება ალიანსში“,- აღნიშნა ანთაძემ.