ხათუნა ბურკაძე - ნატო-ს მადრიდის სამიტზე აუცილებელია საქართველოსათვის უსაფრთხოების ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება

„კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ხელყოფა ცხადყოფს, რომ მოსკოვის აგრესიის სამიზნე ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავიანთი უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება. ნატო-ს მადრიდის სამიტზე აუცილებელია საქართველოსათვის უსაფრთხოების ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის  „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად ახალ ინსტრუმენტებზე საუბრისა, უსაფრთხოების რეალურ გარანტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობა წარმოადგენს, რაც ისტორიულად ყველაზე ქმედითი შემაკავებელი მექანიზმი აღმოჩნდა.

 

„როგორც ფინეთი და შვედეთი, ასევე საქართველო და უკრაინა იმსახურებენ ნატო-ში წევრობას. თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მოწყვლადობამ ლიდერებს უნდა უბიძგოს მეტი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისაკენ. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც აგრესორი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ომის დანაშაულებს ჩადის.  მარ­თლმა­დი­დებ­ლურ, აღდგომის დღესასწაულზეც რუსულმა არმიამ უკრაინაში გააგრძელა ადამიანების მიზანმიმართული ხოცვა, ამ დღეს რუსულ აგრესიას 3 თვის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ეს უმძიმესი დანაშაულები წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული ყველა აქტორისათვის უნდა გახდეს საფუძველი იმ მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებისა, რომლებიც რუსეთის აგრესიას საბოლოოდ შეაჩერებენ და იმდენად დაასუსტებენ მას, რომ იძულებული გახდეს პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოთა ნებას“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

„ამასთანავე, ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლების საქართველოში რეგულარული ვიზიტები მიანიშნებენ იმაზე, რომ ალიანსისათვის საქართველო ღირებული პარტნიორია, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობაში უნდა შევძლოთ ჩვენი როლის მეტად გამოკვეთა, რაც აუცილებელია საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

 

 

 

 

გააზიარე: