ხათუნა ბურკაძე - სახიფათო რეალობა ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობას მოითხოვს

შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, 2022 წლის ნატო-ს მადრიდის სამიტი უნდა იქცეს გარდამტეხი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად. ეს კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და როგორც ევროატლანტიკური, ასევე გლობალური უსაფრთხოების დასაცავად.  სახიფათო რეალობა ფინეთთან და შვედეთთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში წევრობას მოითხოვს. დღეს ალიანსში წევრობა გულისხმობს უსაფრთხოების რეალური გარანტიის შექმნას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ 14-15 მაისს, მადრიდის ივნისის სამიტამდე გამართული,  ნატო-ს არაფორმალური საგარეო მინისტერიალის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა პირისპირ  ებრძვის რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს და მისი გამარჯვება იმ ფასეულობებისა და ღირებულებების გამარჯვებაა, რომლებსაც ევროატლანტიკური გაერთიანება ეფუძნება. შესაბამისად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგულმა აქტორებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდონ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა და მისცენ აღნიშნულ გაერთიანებაში წევრობის შესაძლებლობა.

 

„ჩვენც არაერთგზის აღმოვჩნდით რუსეთის აგრესიის სამიზნე. საქართველომ შეუპოვრად იბრძოლა აგრესორის წინააღმდეგ. ამჟამადაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ია  ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის   პროცესში. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო. ასევე, მოხალისეობრივ საწყისებზე, ქართველები შეუპოვრად იბრძვიან უკრაინაში უკრაინისთვის, საქართველოსა და საერთაშორისო მშვიდობისათვის“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

 

„არსებული რეალობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყებას და ამ სახელმწიფოებისათვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემას. მათ გარეშე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება, რომელიც აუცილებელია მთლიანი ევროპის დასაცავად“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

 

გააზიარე: