"ომის გავლენა სოფლის მეურნეობაზე და სურსათით მომარაგებაზე ძალიან დიდი იყო და ცხადია ამ მხრივ არც უკრაინაში მიმდინარე ომია გამონაკლისი. მით უფრო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ომში მონაწილე ორ მხარეზე რუსეთსა და უკრაინაზე“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.
ყიფიანმა აღნიშნა, რომ ომში ჩართული ორივე მხარე არის პურის კალათის ორი ძალიან მსხვილი გლობალური მოთამაშე, მისივე თქმით აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა რიგი ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია. მაგალითად შავ ზღვაზე თავისუფალ ნაოსნობას სირთულეები შეექმნა, რაც უკრაინის პორტების ბლოკადით არის განპირობებული, ამ ყველაფერმა კი სურსათის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
„შავ ზღვაზე ნაოსნობას შეექმნა პრობლემები – ამ მიმართულებით ექსპორტის შეჩერებასთან ერთად საგრძნობლად არის შემცირებული ბალტიის ზღვით გავლის ექსპორტი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომით, კოვიდით გამოწვეული გლობალური მომარაგება-მიწოდების ჯაჭვის ნაწილობრივი რღვევით, ჩვენ გვაქვს ძალიან უნიკალური ვითარება, როდესაც შექმნილი კრიზისი ორი ნიშნით გამოირჩევა.
პირველი არის ის, რომ ამ კრიზისმა გავლენა მოახდინა, როგორც სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტების წარმოების ბაზრებზე, ასევე მზა — ძირითადი საკვების წარმოების ბაზრებზე, ასე რომ ეს ძირითადი ციკლი ძალიან ცუდად შეიკრა.
FAO–ს მონაცემებით, თებერვალთან შედარებით სურსათზე ფასის ინდექსმა 12,6%-ით მოიმატა, ხოლო უშუალოდ მარცვლეულის ფასზე მატებამ 17,1% შეადგინა, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ექსპორტში, იგივე რუსეთსა და უკრაინას 30% და 20% უჭირავთ, ამიტომ ფასების ზრდაზე ასეთი მკვეთრი გავლენა ბუნებრივია.
ასევე საუბარია, რომ ფასები გაიზარდა შაქარზე და რძის პროდუქტებზე. ძალიან ნიშანდობლივია შემდეგი ციფრი, რომ თურმე მსოფლიოში 26 ქვეყანა მინიმუმ 50%-ით არის რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებულ ხორბალზე დამოკიდებული. აქვე აღვნიშნავ, რომ სასუქით მომარაგების მიმართულებით ცალკე სირთულეები წარმოიშვა, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკრაინის ომში ჩართული რუსეთი სასუქის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად ამ სირთულეებმა გამოიწვია ისეთი ვითარება, როდესაც სტატისტიკაზე დაყრდნობით რეგიონში სასუქზე ფასებმა 30%-იანი ზრდა გამოიწვია, ამ ვითარებაში ასევე საყურადღებოა, თუ როგორ მოერგება მსოფლიოს მსხვილი ხორბლის მწარმოებელი ქვეყნები შექმნილ დეფიციტს. ამ ქვეყნებს შორის არიან კანადა, ავსტრალია და არგენტინა“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
ყიფიანის თქმით, სასურსათო უსაფრთხოება მხოლოდ გარე ფაქტორბეზე დამოკიდებული არ არის და ის შიდა სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხიცაა.