„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი და ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანისკენ სვლას და ევროპულ ოჯახს აუცილებლად დავუბრუნდებით. საქართველო მისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით, საერთაშორისო მშვიდობისათვის გაღებული წვლილით, საქართველოს მოსახლეობის ურყევი მხარდაჭერითა და განხორციელებული ცვლილებებით იმსახურებს მისი ევროპული მომავლის მკაფიოდ გამოკვეთას, რომლის საბოლოო ეტაპი უნდა იყოს ქვეყნის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა. ეს კი სახელმწიფოს მისცემს რეალურ შესაძლებლობებს თავისუფალი, დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
„დღეს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელზედაც იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი განვითარების 5 ან 10-წლიანი ციკლი. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძალთა კონსოლიდაციისკენ, რათა ჩვენს ღირებულებით და ცივილიზაციურ არჩევანს დაბრკოლებები არ შეექმნას. ამ გზაზე დამარცხების უფლება არ გვაქვს! გამარჯვება კი ერთობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი სამშობლოს უკეთესი, ევროპული მომავლისათვის. ეს უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ახალი ისტორიის შექმნა, რომელიც მეტ შესაძლებლობებს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და გაზრდის რწმენას იმისას, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველო საბოლოოდ შეძლებს ევროპული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.