„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეოთხე მოდული „კოვიდ-პანდემია - გლობალური გამოცდა: გაკვეთილები, მიღწევები, გამოწვევები“ წარმატებით დასრულდა, მოდულს „ჯეოქეისის" ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზვიად კირტავა უძღვებოდა.
კოვიდ-19 პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. არა მარტო ჯანმრთელობის უსაფრთხოება, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური, ინფორმაციული და მენტალური უსაფრთხოების საკითხები რთულად გადაეჯაჭვა ერთმანეთს და მსოფლიოში მიმდინარე უამრავი პროცესების ტექტონიკური რყევები გამოიწვია. სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში არნახულად შეიცვალა კაცობრიობის საქმიანობის მრავალი სფერო და მილიარდობით ადამიანის ცხოვრების წესი. სადღეისოდ კოვიდით ინფიცირებულთა საერთოდ რაოდენობა 520 მილიონს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 6.2 მილიონს აღემატება. 11 მილიარდი ვაქცინირებულის ფონზე მსოფლიოს განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ზოგან ვაქცინაციის მაჩვენებელი 15%-ზე ნაკლებია.
მოდულში განხილული იყო პანდემიის აქტუალური საკითხები - როგორც გამოწვევები, ასევე ის შესაძლებლობები, რაც პანდემიამ გააჩინა: პანდემია - მოსალოდნელი და მოულოდნელი რეალობა. კოვიდ-19, ისტორიული ანალოგიები და დღევანდელობა. ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემების პასუხი პანდემიაზე. ინტერნეტი - როგორც დადებითი და უარყოფითი ინფორმაციული სივრცე. ჯანმრთელობის ცოდნის მნიშვნელობა - ჯანმრთელობის ვებ-პორტალები, ვაქცინების გამოყენება, ჯანმრთელობა და სოციალური ქსელი. ინტერნეტის პრობლემური გამოყენება - გაძლიერებული გამოწვევა პანდემიის პერიოდში. ელექტრონული ჯანდაცვა და ტელემედიცინა პანდემიამდე და პანდემიურ პერიოდში, პანდემიის დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში - ახალი შტამების გავრცელების და ახალი ტალღების შესაძლებლობა. ნულოვანი კოვიდის ჩინური პოლიტიკა და პანდემიის გამო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კრიზისების გაძლიერებული რისკები.
„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.