ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის საიუბილეო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ვიქტორ ყიფიანი საქართველო-ოქსფორდის ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა. ფორუმი ჰიბრიდულ ფორმატში ოქსფორდის უნივერსიტეტის წმ. ანტონის სახელობის კოლეჯში ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია საქართველოს საელჩომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და რეგიონული კვლევების სკოლასთან (OSGA) და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით.


წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს როლს ევროპასა და მსოფლიოში - „Georgia in Europe and the wider world”. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს განხილვა, ასევე საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება.


ფორუმი ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების განყოფილების ხელმძღვანელმა, თიმ პაუერმა და ოქსფორდის გლობალური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ გერიმ გახსნეს.


ღონისძიებაზე მთავარ მომხსენებელთა შორის იყვნენ ჯონათან ჯანოგლი, ბრიტანეთის პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, საქართველოს ელჩი ბრიტანეთში, გიორგი ხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" თავმჯდომარე.  


სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანი უკრაინის ომის შედეგად დამკვიდრებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და მისგან გამომდინარე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საქართველოს მტკიცე მისწრაფებისა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ზემოაღნიშნული ომი საკითხის გადაწყვეტას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დიდი ბრიტანეთი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში, ვიქტორ ყიფიანმა გააჟღერა შეთავაზება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დაიწყოს მსჯელობა არასტანდარტული გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, ალტერნატიული შესაძლებლობების მოძიების შესახებ. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს როგორც ორმხრივი, ისე მცირე ფორმატის ალიანსები.


დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ჩართულობის გაღრმავების მიზნით, მან ასევე მხარეებს შესთავაზა შავი ზღვის კონტექსტში თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის თაობაზე დისკუსიის წამოწყება. „ასეთ პლატფორმად მოვიაზრებ დეკლარაციას, რომელსაც პირობითად შავი ზღვის დეკლარაციას ვუწოდებდი. იგი წარმოაჩენდა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული პლატფორმის საშუალებით მოხდებოდა რეგიონული უსაფრთხოებისათვის პარტნიორული თანამშრომლობის ხაზგასმა და რეგიონის, როგორც ე.წ. სპეციფიკური ინტერესებისაგან თავისუფალ ზონად წარმოჩენა. პლატფორმის ფარგლებში, ასევე, გამოიკვეთებოდა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობა რეგიონული კონცეფციის დივერსიფიკაციისათვის საჭირო სახსრების მობილიზებისათვის და რეგიონისთვის სოციალური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგრადი პროექტების ხელშეწყობა“, - განაცხადა მან.


ვიქტორ ყიფიანის აზრით, სხვა ამოცანები, რომელთა გადაჭრისათვის დეკლარაციის ფარგლებში მუშაობა იქნებოდა შესაძლებელი, არის რეგიონული უსაფრთხოების ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ტერორიზმი და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონული სავაჭრო ასოციაციების ამოქმედება.


მოხსენების დასასრულს, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლის მნიშვნელობას ბრიტანეთის გლობალური კონცეფციიდან გამომდინარე. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები რეგიონისთვის შეიძლება ძლიერი გზავნილი გახდეს და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინოს.


„საქართველო წარმოადგენს დემოკრატიას, რომელიც დასავლურ საზოგადოებაში თავისი უნიკალური ადგილის დამკვიდრებას ცდილობს და ვფიქრობ, ეს ძალისხმევა სათანადოდ და დროულად უნდა იქნას დაფასებული. ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის მონდომებამ ფუჭად არ ჩაიაროს და სიტყვებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს რეალური ქმედებების სახით“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 
 

გააზიარე: