„დღეს ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს ნატო-ში წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი - ვგულისხმობ ნატო-საქართველოს კომისიას, წლიურ ეროვნულ პროგრამას, განახლებულ არსებით პაკეტს," - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკის მცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა ხათუნა ბურკაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, დროა საქართველო ევროატლანტიკურ რუკაზე პოლიტიკურად უფრო მკაფიოდ იყოს წარმოდგენიილი.
„ჩვენ არაერთ სამშვიდობო ოპერაციასა თუ ჰუმანიტარულ მისიაში ვმონაწილეობდით. ასევე დავადასტურეთ, რომ წარმოვადგენთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშემწყობ ქვეყანას. მეტიც, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო წარმოადგენდა უმსხვილეს კონტრიბუტორს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, რადგან საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. განხორციელებული რეფორმები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და გეოპოლიტიკური ფაქტორი ნამდვილად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დროა საქართველო ევროატლანტიკურ რუკაზე პოლიტიკურად უფრო მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ბურკაძემ.
„დღეს „ჯეოქეისში“ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც სამოქალაქო სექტორის და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს წერილი და მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანსა და წევრი ქვეყნის ლიდერებს. ამ წერილში ძალიან მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია დახმარების ახალი პაკეტის შემუშავება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, სამიტის წინა დღეს გააკეთა ამაზე განცხადება, ეს არის დასტური იმისა, რომ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ახალი პაკეტის ფარგლებში გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, მათ შორის კიბერთავდაცვითი შესაძლებლობები, რათა გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.