ხათუნა ბურკაძე: ივნისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინში ვართ

„ივნისში ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინში ვართ, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სტრატეგიული კომუნიკაციის არხები“, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, საჭიროა, დიპლომატიურ რეზერვში მყოფი დიპლომატების პროცესში აქტიურად ჩართვა.
 
„მოხდეს, მათ შორის დიპლომატიურ რეზერვში მყოფი დიპლომატების ჩართვა პროცესში აქტიურად იმისათვის, რომ 23-24 ივნისს ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მეორე მხრივ, მადრიდის სამიტზე გამოიკვეთოს საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივისკენ კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ნაწილში“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
 
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ, „ქრონიკის“ ეთერში, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.
 
„სამწუხაროდ, რეზოლუციის ტექსტიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხთან - ევროინტეგრაციისა და ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ძალთა კონსოლიდაცია ვერ მოხდა. სამწუხაროდ, გარკვეული ძალები ცდილობენ, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის პროცესს. დღეს აბსოლუტურად ყველას უნდა გადაედო გვერდზე კრიტიკა და მთელი ძალისხმევა უნდა მიმართულიყო იმისკენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს და საქართველომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, განხორციელებული ცვლილებებით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესში გაწეული წვლილით, მიუხედავად გამოწვევებისა, შეძლო, თავისი სტრატეგიული არჩევანისკენ თანმიმდევრულად ევლო. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც, მიუხედავად ასეთი ტიპის გამოწვევებისა, ჩვენი ცივილიზაციური და ღირებულებითი არჩევანის საბოლოოდ მიღწევას შევძლებთ“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: