ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ნატო-ს მადრიდის სამიტის უმთავრესი შედეგი გახლდათ სტრატეგიული კონცეფციის მიღება, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაცია არის მთავარი და პირდაპირი საფრთხე ალიანსის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის, სტაბილურობისათვის ევროატლანტიკურ სივრცეში. ნატო-ს ყველა წევრის მიერ რუსეთის ოფიციალურად მთავარ საფრთხედ აღიარება კი ცვლის ალიანსის მიდგომებს. ნატო ორიენტირებულია შეკავებისა და თავდაცვის ინსტრუმენტების განმტკიცებაზე, მედეგობის უზრუნველყოფასა და რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე“.
 

მისი თქმით, სამიტმა აჩვენა, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის კრიტიკულ მომენტში ნატო-ს ხედვა მკაფიოა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს სურთ ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი არის დაცული და თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს საკუთარი გზა აგრესიისა და სხვა ტიპის იძულებითი ქმედებების გარეშე. ნატო-ს წევრები ერთობლივი ძალისხმევით დაიცავენ თავიანთ თავისუფლებასა და შეიტანენ წვლილს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება შესთავაზოს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და მოლდოვის რესპუბლიკას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი ზომები. აღნიშნული ზომები მიზნად ისახავენ მათი მედეგობის უზრუნველყოფასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას“.
 

„საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის" ამოცანაა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება და ამ პროცესში ალიანსის უფრო ქმედითი ჩართულობა კონკრეტული ღონისძიებების სახით, მათ შორის კიბერთავდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერების, სიტუაციური ანალიზისა და კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებებით“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს
 

გააზიარე: