ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი და „ჯეოქეისის“ პროექტებისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი, ვახტანგ ასანიძე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ და 5 დღის განმავლობაში კურსის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ძირითად სამსჯელო მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩო, უსაფრთხოების ენერგეტიკული ასპექტები, ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ასპექტები, რეგიონში მიმდინარე გამოწვევები, მედია, უსაფრთხოების სფეროზე სამოქალაქო ზედამხედველობა, არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და სხვ.
უმაღლესი კურსის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები. პროგრამის მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ მოისმინონ ლექციები უმაღლესი თანამდებობის პირებისგან და მაღალი დონის უსაფრთხოების ექსპერტებისგან. მნიშვნელოვანია, რომ კურსის დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რაც ხელს უწყობს როგორც მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას და მის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე, უწყებათაშორის კოორდინაციასა და თანამშრომლობას კერძო და სამთავრობო სექტორს შორის“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი” სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და 2012 წლიდან ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ყოველწლიურად ტარდება.