ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „14 წლის წინ, რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტიანი სახელმწიფოებს შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმები საერთაშორისო ნორმების დასაცავად და შესასრულებლად“. 
 

მისი თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით რუსეთის ქმედება პასუხობს ყველა იმ ნიშანს, რაც დამახასიათებელია აგრესიული მოქმედებებისათვის.  აგრესიული ომი ხელყოფს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რაც იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „რუსეთის აგრესიული მოქმედებების არეალი შემდეგ წლებშიც გაფართოვდა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით 2014 წელს კრემლმა ყირიმი უკანონოდ მიიერთა. 2022 წლის 24 თებერვალს კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ  ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განხორციელება დაიწყო. აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის ისტორიულად უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისათვის საერთაშორისო სისტემის ძირეული გარდაქმნაა აუცილებელი. გაერო-ს დღევანდელი ფორმითა და სტრუქტურით ფუნქციონირება არ იძლევა კრიზისებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების შესაბამის შესაძლებლობებს. მოქმედი უშიშროების საბჭოს რეფორმირება აუცილებელია სამართლიანობისა და სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. გაერო-ს წესდებით უშიშროების საბჭოა პასუხისმგებელი მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა აღნიშნულ პოლიტიკურ ორგანოს ამ ფუნქციის შესრულება გაუჭირდება, ვიდრე არ შეიცვლება მუდმივი წევრი სახელმწიფოების მიერ ვეტოს უფლების გამოყენების წესი. სწორედ ვეტოს მექანიზმი იქცა ერთგვარ დამაბრკოლებელ ფაქტორად იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებსაც საერთაშორისო მშვიდობა უნდა უზრუნველეყოთ“. 


„წარმოუდგენელია საერთაშორისო უსაფრთხოება დაიცვას  იმ სახელმწიფომ, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით, ოკუპაციით, ანექსიით ხელყოფს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის პრინციპებს. რუსეთი დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას, მათ შორის კრემლმა მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი ტერიტორიის ბიჭვინთის მიერთების შესახებ. რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს არ წყვეტს და ამ ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად რჩება ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობით. რეალისტური თვალთახედვით უნდა ითქვას, რომ 21-ე საუკუნის გლობალურ წესრიგს სხვა ტიპის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა სჭირდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომი უნდა გახდეს მამოძრავებელი ფაქტორი ფუნდამენტური ცვლილებებისათვის, რაც სახელმწიფოთა პოლიტიკურ მზაობას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ აქტორების ერთობას, რომლებიც წესებზე დაფუძნებული სისტემის დამცველები და მხარდამჭერები არიან“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს

გააზიარე: