ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ევროპული მომავალი ერთიანობას მოითხოვს

„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენი მომავალი ევროკავშირშია და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს გარეშე ევროკავშირი ვერ იქნება სრულყოფილი. აღნიშნული განცხადება ნათლად მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მეტიც, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება და პროაქტიულ საგარეო პოლიტიკურ სვლებს მოითხოვს, რათა საერთაშორისო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე მკაფიოდ გამოიკვეთოს საქართველოს როლი, მათ შორის ახალი ფუნქცია“, - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა. 


„ევროკავშირის ლიდერები სტრატეგიული ინტერესების წარმოჩენასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რომლის გარეშე, ამ ეტაპზე, ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მიღწევა ვერ მოხდება. საქართველოს ევროპული მომავალი ერთიანობას მოითხოვს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განსახორციელებლად საყოველთაო კონსენსუსია საჭირო. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროცესში ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად უნდა ჩაერთოს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ეს უკანასკნელი კი უნდა მოიცავდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების ჩართულობას მიუხედავად განსხვავებებისა. პარალელური პროცესები პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებენ და შეაფერხებენ დეპოლარიზაციისკენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც დღეს აუცილებელი წინაპირობაა საკვანძო მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად და ევროპული სტანდარტების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასანერგად“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


„ისტორიულად საქართველო ღირებულებებით ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. შესაბამისად, ქვეყნის ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია. საქართველოს ევროპული მომავალი ნიშნავს განვითარებულ, დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოებრივ სისტემაში ცხოვრებას, სადაც ყველას წინსვლის შესაძლებლობა ეძლევა. ამდენად, დღეს ქართულ პოლიტიკას გამაერთიანებელი ლიდერები სჭირდება, რომლებიც საერთო დღის წესრიგის შექმნით რეფორმების განხორციელებას უზრუნველყოფენ და გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებას მაქსიმალურად ეცდებიან. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღებას და მყარი საფუძვლის შექმნას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესასრულებლად, რაც გულისხმობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: