უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება აუცილებელია

დღეს საქართველო არაორდინალურ ვითარებაშია, საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება, რაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით მთელი რიგი ზომების განხორციელებას მოითხოვს, რათა ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება აუცილებელია, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
 

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები უნდა განსაზღვრონ.
 

„ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ნაკადებზე ვსაუბრობთ, რაც მკაცრ სასაზღვრო კონტროლს მოითხოვს. ამ ნაწილშიც მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებებია განსახორციელებელი, რათა იმ მოქალაქეებს შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცეთ, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ. ამასთანავე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დაცვაზე უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ, კრემლი ეცდება, ფრონტის წინა ხაზზე სწორედ ისინი გაუშვას. უნდა გვახსოვდეს, რომ სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ჩვენი სუვერენიტეტის უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ. როგორც არასდროს, ქართულ პოლიტიკას გამჭრიახე, დაბალანსებული, რაციონალური და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები სჭირდება. სხვაგვარად შეიძლება, ქაოსში აღმოვჩნდეთ და ეროვნული ინტერესების დაცვა ვერ შევძლოთ, რომლებიც თითოეულ ჩვენგას აერთიანებს.
 

უსაფრთხოების ურთულესი გარემოდან გამომდინარე, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დასაჩქარებელია, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად დახმარების ახალი პაკეტის უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ კონტექსტში მისასალმებელია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჰავიერ კოლომინას თბილისში ვიზიტი. ასევე, საჭიროა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყების - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატის გაფართოება და მისი შესაძლებლობების გაძლიერება“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: