ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ განათლების საკითხების მკვლევრის პოზიციაზე გიორგი არზიანი შეუერთდა.
გიორგი არზიანი განათლების ადმინისტრირების სპეციალისტია, რომელსაც განათლების, პროექტების მართვისა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს.
მისი პროფესიული ინტერესის ძირითად სფეროს წარმოადგენს ზოგადი განათლების პოლიტიკა, კერძოდ, ხარისხიანი განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მდგრადი პოლიტიკის განსაზღვრა, განათლების მართვისა და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირება. ამასთანავე, საგანმანათლებლო პროგრამების ბაზრის მოთხოვნებთან, რეგიონის სოციო-ეკონომიკურ მახასიათებლებთან და საჭიროებებთან შესაბამისობა.
გიორგი არზიანი მრავალი წელია საჯარო სექტორში მუშაობს, მისი საქმიანობა მოიცავს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, განსახორციელებელი ცვლილებების გავლენის შეფასებას, საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თანამშრომლობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და არასამთავრობო, დარგობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ამასთანავე, ის ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.
ასევე, გიორგი არზიანს საქართველოს პარლამენტში მონაწილეობა მიუღია ისეთი საზედამხედველო ინსტრუმენტების დანერგვაში, როგორიცაა თემატური მოკვლევა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება და პარლამენტის მიერ მიღებული აქტების აღსრულების კონტროლი. ის აქტიურად მონაწილეობს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებში, სხვადასხვა სახის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების მიზნით.
გიორგის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს.
მოხარულები ვართ, რომ გიორგის შემოერთება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გუნდს. ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ მას იმ მისიის შესრულებაში, რასაც „ჯეოქეისი“ ემსახურება.