ხათუნა ბურკაძე - აშშ-ის ახალი უსაფრთხოების სტრატეგია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროინტეგრაციის გზაზე იმ ვალდებულებების განხორციელების მხარდაჭერას, რომლებიც  მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმირებას გულისხმობს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით რეფორმების საერთო დღის წესრიგის საბოლოოდ შემუშავება და საკვანძო მიმართულებებით შესაბამისი ევროპული სტანდარტების დანერგვა. სწორედ რეფორმებია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების წინაპირობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილი წევრების დასარწმუნებლად და ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად, გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გამოსაყენებლად“, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ 2022 წლის 12 ოქტომბერს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის  შეფასებისას განაცხადა. 


„ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა  ომმა  ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა მშვიდობას ევროპაში და ნეგატიურ გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ყველგან. წინდაუხედავი ბირთვული მუქარა კი საფრთხეს უქმნის გლობალური ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.  


„ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ითანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ ფასეულობებს იზიარებს. წესებზე დაფუძნებული წესრიგი  გლობალური მშვიდობისა და განვითარების ფუნდამენტად უნდა დარჩეს“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.   
 

გააზიარე: