ხათუნა ბურკაძე - საფრთხეების ზრდის ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაცია დასაჩქარებელია

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „21-ე საუკუნეში კრემლის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია, მობილიზაციის გამოცხადება და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მკაფიოდ წარმოაჩენს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დრამატულ მხარეებს. მიანიშნებს, რომ პროცესი კიდევ უფრო სახიფათო მასშტაბებს იძენს. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებად აქციოს. ცხადია, აღნიშნული ბრძანებულება ბათილია, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელყოფითაა მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც უკანონობას ეფუძნება შეუძლებელია იქცეს კანონიერად და სამართლებრივი შედეგები წარმოშვას. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა და ერთგვარი მცდელობაა კოლონიალიზაციის პერიოდში დაბრუნებისა“.


მისი თქმით, დასავლეთი ყოველთვის ცდილობდა დიპლომატიური და სხვა მშვიდობიანი ინსტრუმენტების გამოყენების მეშვეობით დაეძლია რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სარფრთხეები. 2022 წლის 24 თებერვლამდე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაიმართა მოლაპარაკებები, შედგა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტების დონეზეც. მიუხედავად ამისა, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უსამართლო ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია. კრემლა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა მოსპო და  არაერთი წითელი ხაზი გადაკვეთა.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მიუხედავად კრემლის მუქარისა, რეზერვისტების რაოდენობის გაზრდისა და უკანონო რეფერენდუმების შედეგად ძალით უკრაინის ტერიტორიების მიერთებისა, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინა  კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებას აგრძელებს და დეოკუპაციის პროცესის წარმატებით დასრულებას, გამთლიანებას შეძლებს“.


მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, ეს რთული და, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რეგიონალურ დონეზე სათანადო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გაძლიერება. 
 

„საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მოწყვლადობის ფონზე, საქართველომ პროაქტიული საშინაო და საგარეო პოლიტიკითა და კონსტრუქციულობით უნდა მიაღწიოს ეევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებს. ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია როგორც ევროკავშირის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართულებით. აღნიშნული სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 

 

გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს

გააზიარე: