ხათუნა ბურკაძე - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე პარტნიორებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი ინიციატივები უნდა წარვუდგინოთ

„საქართველოს ნატო-ს ნოემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიწვევა გვაძლევს შესაძლებლობას პარტნიორებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ახალი ინიციატივები წარვუდგინოთ. დღევანდელი ურთულესი რეალობა პროაქტიულ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფისათვის, ერთი მხრივ, აუცილებელია ნატო-საქართველოს შორის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ ალიანსისათვის იმ წინადადებების შეთავაზება, რომლებსაც ორმხრივი და რეგიონალური მნიშვნელობა ექნებათ“, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.


მისივე თქით, ნატო-ს მინისტერიალზე პარტნიორებისათვის, დღევანდელი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი ინიციატივის ან პრაქტიკული მექნიზმის შექმნის თაობაზე წინადადების შეთავაზებას ექნება როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა. აღნიშნული მინისტერიალი ჩვენთვის უნდა იყოს შესაბამისი მოსამზადებელი ეტაპი ნატო-ს 2023 წლის სამიტისათვისაც, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ტიპის გადაწყვეტილებების  მიღებას.


„ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების დამხმარე პაკეტის პრაქტიკული ასპექტების უფრო მეტად განსაზღვრა, რაც საქართველოს თავდაცვით და უსაფრთხოების შესაძლებლობებს გააძლიერებს. ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიხედვით, ალიანსი კრემლის აგრესიის პირისპირ მყოფი ქვეყნების პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
 

გააზიარე: