ხათუნა ბურკაძე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. მას საგარეო პოლიტიკის კომპლექსურ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ხათუნა ბურკაძეს შემუშავებული აქვს ინიციატივები, წინადადებები, რეკომენდაციები დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე. ამასთანავე, ის აქტიურად მუშაობს დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის განვითარების მიმართულებით, რომელთა შესახებ მის მიერ წარდგენილი განმარტებები 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანეს.
პროფესორ ხათუნა ბურკაძეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ხათუნა ბურკაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.
ასევე, პროფესორმა ბურკაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ხათუნა ბურკაძემ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. იგი გახლდათ ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი. ამასთანავე, ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი.
პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ხათუნა ბურკაძე იყო 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.