ხათუნა ბურკაძე - პოლარიზაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის შემაფერხებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს

„უსაფრთხოების ურთულესი გარემო  პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაციას მოითხოვს. თუმცა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართულ მხარეებს შორის  კონსენსუსის შესაძლებლობა ყოველდღიურად მცირდება. მეტიც, გვავიწყდება, რომ საერთაშორისო არენაზე ქვეყანას წარმოვადგენთ და უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც, როგორც წესი,  ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისათვის პრიორიტეტის მინიჭებას გამორიცხავს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აუცილებელია დროული გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებთან სათანადოდ გამკლავებისათვის. პოლარიზაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის შემაფერხებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს,“ - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“  საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.


„მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ძალისხმევა ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ პარტნიორები დავარწმუნოთ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. ეს კი განაპირობებს ყველა აქტიური პოლიტიკური აქტორის მიერ თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებას იმ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესთან მიმართებით, რაც გულისხმობს ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი წევრობა კონსტიტუციით გამყარებული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გამაერთიანებელი მიზნის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევა გვჭირდება, რაც საერთო წარმატების მიღწევისათვის, ქვეყნის წინსვლისათვის გადამწყვეტია,“ - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


„ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინება და დაცვა უმთავრეს მისიას წარმოადგენს. პარტიულ დაპირისპირებებს არ უნდა შევწიროთ   გეოპოლიტიკური შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენების პერსპექტივა, რომლის გარეშე გაგვიჭირდება ახალ საერთაშორისო წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილის  დამკვიდრება,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.  
 

გააზიარე: