ჩვენ, საქართველოს აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ საქართველოს წინაშე არსებულ დიდ გამოწვევებსა და ამავდროულად, უნიკალურ ისტორიულ შანსს, სრულფასოვნად დავიმკვიდროთ საკუთარი ადგილი ევროპულ თანამეგობრობაში. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, იწვევს იმედგაცრუებას საზოგადოებაში, ასევე საქართველოს პარტნიორებსა და მეგობრებში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას.
ამასთან, არსებული პოლარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, საქართველოსა და მთელი რეგიონისათვის გააჩინა ახალი საფრთხეები, რომლის პირობებშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობა. ომიდან გამომდინარე რისკებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებული გამოწვევები ზრდის ამ რისკებთან ვერ-გამკლავების ალბათობას.
მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნებისა, საკვანძო საკითხების მიმართ ქართული საზოგადოება ერთიან, კონსოლიდირებულ პოზიციას იკავებს, რაც სრულ თანხვედრაშია ევროპულ და საერთო დასავლურ სივრცეში ინტეგრირების კონსტიტუციურ პრიორიტეტებთან. ეს გარემოება ქმნის რეალური დეპოლარიზაციისა და საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას და წინაპირობას.
დღეს ძნელად წარმოსადგენია ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და ძალაუფლების განაწილების პრინციპის დანერგვა. შესაბამისად, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან როლს ამ პროცესში ალტერნატივა არ გააჩნია. ამ თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებსა და სრულიად საზოგადოებას, რომ კომპრომისების გზით მიღწეულ იქნას დეპოლარიზაცია და ეროვნული თანხვედრა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ, საქართველოს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები:
- ვთანხმდებით, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა განაგრძოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც გამართულად ფუნქციონირებენ დემოკრატიული ინსტიტუტები, გარანტირებულია მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა, დაცულია მოქალაქეთა, განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, უფლებები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და უზრუნველყოფილია განვითარების პერსპექტივები;
- მივიჩნევთ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, უარი ითქვას პოლარიზაციასა და აგრესიულ რიტორიკაზე;
- მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად და გამყოფი ზოლის მიღმა დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. აღნიშნული სტრატეგია დაეფუძნება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პრინციპს;
- მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც წინაპირობაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი რეფორმების განხორციელება და ვადასტურებთ ამ გზაზე, ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობების (12 პირობის) განუხრელი შესრულების აუცილებლობას. ვაცნობიერებთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება მხოლოდ დაგვაშორებს ევროკავშირში ინტეგრაციის ახლო პერსპექტივას;
- მივიჩნევთ, რომ ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ჩვენი ხალხის კონსტიტუციურ არჩევანს და საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს;
- ვთანხმდებით, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველს. თავდაცვის სფეროს მდგრადობა და განვითარება უნდა გახდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი. საქართველოს თავდაცვის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა;
- მივიჩნევთ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გახსნილი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა და უზრუნველყოს ეკონომიკის ისეთი სექტორების სწრაფი განვითარება, რაც გამოიწვევს კეთილდღეობის გაზრდას თითოეული მოქალაქისთვის;
- მიგვაჩნია, რომ მოსახლეობის განათლების დონის გასაზრდელად აუცილებელია განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტური რეფორმირება თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. განათლების სისტემის განვითარება წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის აუცილებელ წინაპირობას;
- ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ხოლო სოციალური დაცვის სამართლიანი პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ მოწყვლად ჯგუფებს და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას.
ვიმედოვნებთ, რომ დეკლარაციის სულისკვეთება და აზრი მისაღებია ყველა იმ ორგანიზაციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისათვის, აგრეთვე ინდივიდუალური პირისათვის, ვისთვისაც საქართველოს მომავალი განვითარება საკუთარი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.