ხათუნა ბურკაძე - ნატო-ს მინისტერიალზე მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შეთანხმდნენ

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ხათუნა ბურკაძის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს.
 

მისი თქმით, მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შეთანხმდნენ.
 

„მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების მე-4 პუნქტში აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ნატო-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ალიანსი 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
 

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული, სამხედრო მოქმედებები უკრაინაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ნატო-ს წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარების, მხარდაჭერის გაგრძელება, მათ შორის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
 

გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, პარტნიორებს წარვუდგინოთ ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას და 14 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე, მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების პროცესის დაჩქარებას. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და საფრთხეების შეკავების ქმედითი მექანიზმის განვითარებას უზრუნველყოფს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

გააზიარე: