ხათუნა ბურკაძემ, თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდით, ახალგაზრდებისათვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით პროექტი „ციფრული განათლება კიბერუსაფრთხოებისთვის“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“  საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებისათვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. 


ხათუნა ბურკაძემ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის აუცილებლობისა და იმ მექნიზმების, საშუალებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას განამტკიცებენ. ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება კიბერშეტევების საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებაზე გაამახვილა. 


„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითარების კვალდაკვალ, კიბერუსაფრთხოების  მნიშვნელობა იზრდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს გააერთიანებს და ხელს შეუწყობს საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას კიბერ საფრთხეების მიმართ. ასევე, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით,  ერთობლივი კიბერ წვრთნების,  ტრენინგების და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელების გაგრძელება,“- განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.   


„ამასთანავე, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კიბერჰიგიენისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსების, პროგრამების განვითარება საჭიროა. ეს ხელს შეუწყობს ციფრულ სივრცეში მონაცემთა, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტექნიკური, სამართლებრივი სტანდარტების გამოყენებას და კიბერუსაფრთხოების სფეროში ახალი სპეციალისტების პროფესიული უნარების განმტკიცებას,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: