ხათუნა ბურკაძე - სანდო სატრანზიტო პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას ზრდის

„სანდო სატრანზიტო პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას ზრდის. საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის  მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის გამოკვეთას ხელს შეუწყობს. ამასთანავე, შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელით საქართველოს  ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაცია შესაძლებელი გახდება,“ - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“  საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.


„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ენერგოუსაფრთხოების სფეროში დაშვებული სტრატეგიული შეცდომების გამოსწორება მთელი რიგი გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას მოითხოვს. რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, აუცილებელია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია და ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდებისათვის ახალი  ალტერნატიული შესაძლებლობების შექმნა,“ - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


“პარტნიორების მხარდაჭერით შეგვიძლია მასშტაბური პროექტების განვითარება და განხორციელება, რომელთა შედეგად გვექნება თანამედროვე სატრანსპორტო და ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც ჩვენს სატრანზიტო როლსა და მნიშვნელობას მეტად გააძლიერებს. ეს კი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას საერთაშორისო არენაზე თავისი ინტერესები უკეთ დაიცვას,” - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 

გააზიარე: