ხათუნა ბურკაძე - აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს

„აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერს შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეა,“ - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
 

მისივე განმარტებით, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ  და დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს. 
 

„საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივითანამშრომლობის მეტად გაღრმავება, რათა საფრთხეებს გავუმკლავდეთ.  უსაფრთხოების გარემოს დღევანდელი ანალიზი კიდევ უფრო ცხადყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ფარგლებში შესაბამისი მიდგომების მიხედვით მოქმედების აუცილებლობას,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: