„საქართველოში მონაცემთა ცენტრების შექმნა ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ციფრულ ცენტრად აქცევს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებული შეთავაზება მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონისათვის“, რაც გულისხმობს საქართველოში მონაცემთა დაცვის ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობის განხილვას. მსგავსი ინიციატივები და პროექტები საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და მთლიანად ციფრული ტრანსფორმაციისათვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება,“ - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და პანდემიის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე ცხადყო, რომ ყოველდღიურად ყველა საკვანძო სფერო ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის.
„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები იქცნენ იმ ინტრუმენტებად თუ საშუალებებად, რომელთა მეშვეობით დისტანციურად და გარკვეული რესურსების დაზოგვით შესაძლებელია ამა თუ იმ ქვეყანამ უზრუნველყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
„ციფრული რეალობის შესაძლებლობების გათვალისწინებით აუცილებელია ციფრული პოლიტიკისა და ეკონომიკის სათანადოდ განვითარება. ამ პროცესის წარმატებით წარმართვისათვის საჭიროა პერმანენტული ურთიერთობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მონაცემებზე ორიენტირებულ კომპანიებთან, მათ შორის ამერიკულ და ევროპულ ტრანსნაციონალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან. მათთან რეგულარული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და თბილისში, საქართველოს რეგიონებში აღნიშნული კომპანიებისათვის წარმომადგენლობების, მონაცემთა ცენტრების გახსნის შეთავაზება, რაც დაეფუძნება ორმხრივ დონეზე დადებულ საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებს. ყოველივე ეს ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც მოქალაქეთა კეთილდღეობის, ასევე მათი ციფრული უნარების განვითარების თვალსაზრისით,“- აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.