საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარადგინეს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ (Geocase)  წარმომადგენლებმა, პროექტის ‘Bipartisan Academic Platform for National Unity’ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა მოაწყვეს.


შეხვედრას გაუძღვნენ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, GSAC-ის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე და ამავე ორგანიზაციის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი.  მათ თავად პროექტისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. 


პროექტი იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი. 


ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, როცა განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.


ინიციატივა ასევე წარედგინათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია. 


პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რომლის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რაც დეკლარაციის ტექსტში აისახა. 


„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია” ზუგდიდში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს. დეკლარაციის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სხვა უნივერსიტეტებშიც გაიმართება.
 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, უნივერისტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.


პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარე: