ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი, ნიკოლოზ ხატიაშვილი ახლახან დაფუძნებული ქრაუდფანდინგ-ასოციაციის -Crowdfunding Association of Georgia - ბორდის წევრი გახდა.
ასოციაციის მიზანს ქვეყანაში ქრაუდფანდინგ-ეკოსისტემის განვითარება, უცხოელი ინვესტორების დაინტერესება, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა და დარგის სპეციალისტებთან ერთად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.
ასოციაცია სტარტაპების, სოციალური საწარმოებისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით იმუშავებს. ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის ჯილდოზე, წილზე, სესხსა და დონაციაზე დაფუძნებული მეთოდების განვითარებას.
„ვფიქრობ, საქართველოში ქრაუდფანდინგ-პლატფორმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტარტაპების განვითარებას, რადგანაც იგი ახალ შესაძლებლობასა და ალტერნატიული დაფინანსების მოდელს წარმოადგენს. ასოციაცია ეცდება აამაღლოს საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობისა და განათლების დონე, რათა მეტი ადამიანისა და ინვესტორის დაინტერესება მოხდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის და, ამასთანავე, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.“ - აღნიშნა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.