ხათუნა ბურკაძე - ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის პოზიტიურ საფუძველს ქმნის

„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული  ანგარიში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის პოზიტიურ საფუძველს  ქმნის. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით გარკვეულ დონეს მიაღწია მართლმსაჯულების, თავისუფლების, უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკისა და ფინანსური კონტროლის ფუნდამენტურ სფეროებში“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“  საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, შედარებით კარგადაა ქვეყანა მომზადებული სერვისების მიწოდების, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის, მეცნიერების, კვლევის, კულტურის,  საბაჟო კავშირის, საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ნაწილებში. ხოლო კონკურენციის პოლიტიკა, გარემოსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები,  სოფლის მეურნეობა, რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული კოორდინაცია განვითარების პირველ ეტაპზეა და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთანავე, დოკუმენტი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს. 


„ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში დასტურია იმისა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები განახორციელა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თვალსაზრისით. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის გაფართოების იმ პროცესში ჩართულობას, სადაც უკრაინა და მოლდოვის რესპუბლიკა მოიაზრებიან“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ. 


„როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებითა და ერთიანობის დემონსტრირებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შევძლებთ. ქვეყნის ევროპული მომავლისათვის აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა მხარემ გაანალიზოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს საქართველოს ევროინტეგრაციის იმ პროცესში, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისათვის უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: