ნიკოლოზ ხატიაშვილი: "უმნიშვნელოვანესია ამერიკელ პოლიტიკოსებთან მუშაობა, რათა შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველომ სათანადო ადგილი დაიკავოს"

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "აღნიშნული ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიული კავშირების სიმტკიცეს".
 

მისი შეფასებით, აშშ განსაკუთრებით ყურადღებას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში ამერიკის ჩართულობის გაზრდას და რეგიონის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებას.
 

"ამერიკელი სენატორების - ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიული კავშირების სიმტკიცეს. აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შავი ზღვის რეგიონში არსებულ წესრიგზე. სწორედ ჯინ შაჰინი იყო აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული და განხილული იმ რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც ავალდებულებდა აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას. ის, რომ სენატორები საქართველოდან მიემგზავრებიან შავი ზღვის რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანაში - რუმინეთში, ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ აშშ განსაკუთრებით ყურადღებას ანიჭებს ამ რეგიონის უსაფრთხოებაში აშშ-ს ჩართულობის გაზრდას და რეგიონის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცებას", – აცხადებს ხატიაშვილი.
 

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკელ პოლიტიკოსებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა იმისთვის, რომ აშშ-ს შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველომ დაიკავოს სათანადო ადგილი.

 

"მომდევნო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება ზემოაღნიშნული რეზოლუციის საბოლოო დამტკიცება აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რის შემდეგ უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკელ პოლიტიკოსებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან აქტიური კომუნიკაცია და მუშაობა იმისთვის, რომ აშშ-ს შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველომ დაიკავოს სათანადო ადგილი. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ სტრატეგიაში პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად, აისახოს პრაქტიკული მხარდაჭერის ასპექტები, რაც დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს. სწორედ აშშ-ს მეტი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ერთი მხრივ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს რეგიონში რუსეთის შესაკავებლად და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, ახალ საფეხურზე გადაიყვანოს აშშ-სთან სტრატეგიული კავშირები და გაზარდოს თავისი რეგიონული როლი. ეს პროცესი ავტომატურად დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე და მეტად დაგვაახლოებს ალიანსთან", – განაცხადა ხატიაშვილმა.

გააზიარე: