ხათუნა ბურკაძე - რუსეთის აგრესიის ფონზე ნატო საქართველოს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებებით აძლიერებს

ნატო-ს ბოლო მინისტერიალისა და რამშტაინ-9-ის შედეგებზე, ამ ფორუმების ფონზე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს  ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა:  „ნატო-ს თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრები მიანიშნებენ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველთა პრიორიტეტია უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემისა და საბრძოლო მასალების მარაგების მიწოდების უზრუნველყოფა, რაც გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს საომარი მოქმედებების ველზე და უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატებით დასრულების შესაძლებლობას მისცემს. მეტიც, ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“. ეს კი გულისხმობს კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის სწრაფად მიწოდებას დაყოვნებების გარეშე. დღეს არა მხოლოდ არაორდინალური, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების, არამედ მყისიერი მოქმედებების დროა“.
 

მისი თქმით, საგრძნობლად გაზრდილი სამხედრო დახმარება და პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისათვის გამარჯვების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. ამ გამარჯვებაზეა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მომავალი დამოკიდებული. უკრაინის წარმატება უნდა გახდეს საფუძველი ისეთი შეკავებითი, პრევენციული მექანიზმების განვითარებისა და თანამედროვე უსაფრთხოების ისეთი გლობალური არქიტექტურის შექმნისა, სადაც სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება და ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა არ მოხდება.
 

„საერთაშორისო სამართლის ნორმების სათანადოდ აღსრულებისათვის საერთაშორისო სისტემის გარდაქმნა გარდაუვალია, სხვაგვარად კვლავაც აგრესიული მოქმედებების განხორციელების მოწმენი გავხდებით,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა როგორც კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ასევე კომუნიკაციის არხების უსაფრთხოების ტექნიკური, ორგანიზაციული სტანდარტების გაუმჯობესება და კრიზისების მართვის გაცილებით ეფექტიანი, კოორდინირებული მექანიზმის დანერგვა. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მზაობა ამ პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით საქართველოს აღმოუჩინონ დახმარება, რაც შესაძლოა გულისხმობდეს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებში, ახალი კონცეპტუალური, სისტემური ხედვის განვითარებას, განსაკუთრებით კრიზისების მართვის ნაწილში და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას“.


 გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს


 

გააზიარე: