ნიკოლოზ ხატიაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი მონაწილეობს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში, ნიკოლოზ ხატიაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ს შავი ზღვის მომავალ სტრატეგიაზე და მასში საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობაზე.   


„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან საუბრის ძირითად საკითხს წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. განვიხილეთ აშშ-ს შავი ზღვის მომავალი სტრატეგია და მასში საქართველოს მნიშვნელობა. უკრაინაში მიმდინარე ომის და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების ფონზე, აშშ-ს მხრიდან შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ მზარდი ინტერესი იკვეთება, რასაც, ვფიქრობ, მომავალში შესაბამისი ხელშესახები შედეგებიც მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კოლეგებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ საქართველოს  გვერდში დგომას და დახმარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის თავდაცვა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, დემოკრატია და სხვა“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილი. 


წელს ფორუმი ისეთ გლობალურ გამოწვევებზეა ფოკუსირებულია, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, რუსეთის შეკავება, და შუა დერეფანი, როგორც ახალი შესაძლებლობა სპარსეთის ყურის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ევროპას შორის ახალი ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნების შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ წელს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც აღნიშნულ ფორუმში ოფიციალურად მონაწილეობს საქართველოს წარმომადგენელი.
 

გააზიარე: