ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიული ქსელის მუშაობის ფარგლებში, ჯეოქეისის მკვლევარმა და საერთაშორისო მდივანმა-ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. რჟეშოვში გამართულ მრგვალი მაგიდის განხილვაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს და ევროპული უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურას ეძღვნებოდა.
დემოკრატიული ქსელის წევრებმა და ექსპერტებმა რუსეთის შეკავების მექანიზმები, ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების როლი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში და შავი ზღვის უსაფრთხოების სამომავლო მნიშვნელობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალში პოტენციური ალიანსების ჩამოყალიბებასა და ახალი მექანიზმების შექმნას, რომლებიც ერთი მხრივ, შეაკავებენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს მსგავს ქვეყნებს უსაფრთხოების ახალ ბერკეტებს მიანიჭებენ. ნიკოლოზ ხატიაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე, საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც მოითხოვს მეტ ძალისხმევას და რესურსს იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი უსაფრთხოება უფრო დაცული და განჭვრეტადი იყოს. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა და რიგ ქვეყნებთან ერთად ახალი მექანიზმების შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის არსებული საფრთხეების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ახალი საფრთხეების განეიტრალებას მათ დადგომამდე. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება შავი ზღვის რეგიონს, როგორც სიმძიმის ახალ ცენტრს. უახლოესი წლების განმავლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გაზრდა - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვდა ქ. რჟეშოვის მერს - კონრად ფიოლეკს, პოლონეთის სეიმის წევრს - პაველ კოვალს, პოლონეთში არსებული უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს.
ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიის ქსელი 2022 წელს დაფუძნდა და მის მთავარ ამოცანას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმების გატარება, საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა მონაწილე ქვეყნებში და მათ წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ ახალი მიდგომების შემუშავება, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის, კაზიმირ პულასკის ფონდისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის მიერ ხორციელდება.