ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო - გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე ვებინარი გამართა. ღონისძიება საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტს, მის მნიშვნელობასა და შედეგების განხილვას მიეძღვნა.  


ვებინარის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი იყო ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.


ელჩმა ფიშერმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი და ის გზავნილები მიმოიხილა, რომელიც ანალენა ბერბოკმა ვიზიტისას მთავრობის წევრებთან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმოვანა. 


ელჩმა აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა და გამოწვევების არსებობის დროს განხორციელდა - ახლა ყველა 2023 წლის დეკემბერის მოლოდინშია, როდესაც ევროკავშირის კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისი თქმით, მინისტრმა ბერბოკმა ნათლად აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღება გერმანიის ინტერესებშია, თუმცა, საქართველოს გადასაწყვეტია, დააკმაყოფილებს თუ არა იმ სტანდარტებს, რომლებიც აღნიშნული სტატუსის მისაღებად და შემდგომ ევროკავშირში გასაწევრიანებლადაა საჭირო.


„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, ასევე, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდგრადი, პლურალისტური დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების სტანდარტების დაცვას“, - აღნიშნა ელჩმა ფიშერმა.


მისი თქმით, ევროკავშირის წევრებმა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც გაერთიანებას მოგვიანებით შეუერთდნენ, დიდი სარგებელი მიიღეს სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით. ეს არის ის, რითაც საქართველოსაც შეუძლია ისარგებლოს და მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ“.


პეტერ ფიშერმა ასევე აღნიშნა: „ევროკავშირში გაწევრიანება  ერთის მხრივ ჩვენს წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო, მეორე მხრივ, პრაგმატიზმსა და გეოპოლიტიკურ შეხედულებებს შორის ბალანსის დაცვის საკითხია. ჩვენ არ გვსურს, აქ ვაკუუმის დატოვებით ისარგებლოს რუსეთმა“.      


ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, მან ქართულ მხარეს ევროპის დედაქალაქებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და გაძლიერება ურჩია. 


დისკუსიის დროს ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიას შორის მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს და გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს განვითარების ხელშეწყობაში.


„გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით, საქართველოსთვის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დატვირთვა არ გააჩნია. თუკი ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, რამედ ევროკავშირის მარცხიც. საქართველოს გამარჯვება ევროკავშირის გამარჯვებაცაა. საქართველოს მარცხი კი ევროკავშირის პოლიტიკის წარუმატებლობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში.“ - დასძინა მან. 


ვებინარზე, შუა დერეფნის კონცეფციისა და შავი ზღვის ენერგო-კაბელის პროექტის კონტექსტში, საქართველოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, შესაძლოა, ის გახდეს სტაბილურობისა და განვითარების ცენტრი სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნებისთვისაც.  

 

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი ინგლისურ ენაზე

გააზიარე: