ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: “2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, უსამართლო და უკანონო ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემა არ აღმოჩნდა ეფექტიანი სახელმწიფოებს შორის ძალის გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რადგან ამ სისტემას არ აქვს ქმედითი იძულებითი მექანიზმები საერთაშორისო ნორმების დასაცავად და შესასრულებლად. 2022 წლამდე კრემლმა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი არაერთგზის უხეშად ხელყო”.
მისი თქმით, რუსეთის ისტორიულად უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შეჩერებისათვის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი. გაერო-ს დღევანდელი ფორმითა და სტრუქტურით ფუნქციონირება არ იძლევა კრიზისებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების შესაბამის შესაძლებლობებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომი უნდა გახდეს მამოძრავებელი ფაქტორი ფუნდამენტური ცვლილებებისათვის, რაც სახელმწიფოთა პოლიტიკურ მზაობას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ აქტორების ერთობას, რომლებიც წესებზე დაფუძნებული სისტემის დამცველები და მხარდამჭერები არიან.
ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ღირებულებებისათვის ომში უკრაინამ მსოფლიოს წარმოუდგენელი სიმტკიცე, შეუპოვრობა აჩვენა. უკრაინის მედეგობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წესებისადმი ერთგული ყველა აქტორის გასაერთიანებლად და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გასამარჯვებლად.
საგრძნობლად გაზრდილი სამხედრო დახმარება და პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისათვის გამარჯვების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამაზეა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მომავალი დამოკიდებული. უკრაინის წარმატება უნდა გახდეს საფუძველი ისეთი შეკავებითი, პრევენციული მექანიზმების განვითარებისა და თანამედროვე უსაფრთხოების ისეთი გლობალური არქიტექტურის შექმნისა, სადაც სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება და ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა არ მოხდება”.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს