ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა ვახტანგ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო დელფის ყოველწლიურ რიგით მე-8 ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც საბერძნეთის პრეზიდენტის, ეკატერინა საკელაროპულუს პატრონაჟით გაიმართა.
26-29 აპრილს საბერძნეთში, ქ. დელფიში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომის პრიზმაში.
ფორუმი სხვადასხვა თემატურ პანელს მოიცავდა, მათ შორის იყო თემები: „ჩამოშლილი გეოპოლიტიკა“, „კლიმატი და გარემო“ „მდგრადი ეკონომიკა და ფინანსები“ „სოციალური ინკლუზიურობა“ „ტექნოლოგური მიღწევები“.
დელფის ეკონომიკური ფორუმი აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, აკადემიურ და სხვა სფეროების ლიდერებს, რათა მათ გამონახონ გზები წამოჭრილ გამოწვევებთან გასამკლავებლად და გავლენა მოახდინონ ეროვნულ და რეგიონულ დღის წესრიგზე, ხელი შეუწყონ მდგრადი და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის გატარებას ევროპაში, ფართო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და საბერძნეთში.