არასწორი დილემა

ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“, სურს გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას, რომლის შეგნებული მიზანი თუ უნებლიე შედეგია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს შორის არჩევანის გაკეთება.
 

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ქართველი ერის ნება არ მოიაზრებს რომელიმე მათგანის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. ამდენად, ხსენებული ფუძემდებლური პრინციპები ხელშეუხებელია და განხილვას არ ექვემდებარება.
 

ამასთან, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ჰიპოთეტური დილემის წინაშე საზოგადოების დაყენებას არანაირი ფაქტობრივი და რაციონალური წინაპირობა არ გააჩნია. კერძოდ, ერთი მხრივ, ამგვარი არჩევანის გაკეთებას არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ითხოვენ საქართველოსგან და მეტიც, არც თავად საოკუპაციო ძალის მხრიდან გაცხადებულა ან ახლა ან ოდესმე, თითქოს რუსეთის ფედერაცია მზად იყო ან არის ხელი აიღოს საქართველოს ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე, საქართველოს მხრიდან რაიმე საგარეო პოლიტიკური დათმობის სანაცვლოდ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი მოლოდინი ამ უკანასკნელი შესაძლებლობის შესახებ, უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობაა.
 

ამდენად, ხსენებული ტიპის დისკუსიის ინიცირების მცდელობა, რომელიც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებულ ნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივ საფუძვლებსა და რაციონალურ წინამძღვრებს მოკლებულია, ჩვენი მხრიდან ფასდება, როგორც სახელმწიფოს დამაზიანებელი, მავნებლური ქმედება. საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია, ხოლო კერძო ინიციატივის მქონე პირებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება იმის დათმობის შესახებ, რაც პირადად მათ ეკუთვნით, როგორც საკუთრების, ისე ორიენტაციის ნაწილში.

გააზიარე: