“ჯეოქეისის” ორგანიზებით რუმინეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ფლორიან კოლდეასთან შეხვედრა გაიმართა

კვლევითი პროექტის, GEO Intel Project-ის ფარგლებში, ანალიტიკურმა ცენტრმა “ჯეოქეისი”,  რუმინეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ფლორიან კოლდეასთან შეხვედრა გამართა. 

ღონისძიებას „ჯეოქეისის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) უმასპინძლა. შეხვედრას „ჯეოქეისის“ სატრენინგო კურსის - “საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ - სტუდენტები, ასევე, „ჯეოქეისისა“ და GSAC-ის ანალიტიკოსები ესწრებოდნენ. 

განხილვას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა.

ფლორიან კოლდეას კონტრდაზვერვისა და  კონტრტერორიზმის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება გააჩნია. იგი რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 12 წელი მუშაობდა. ამჟამად კი რუმინეთის პრესტიჟულ სამოქალაქო და სამხედრო უნივერსიტეტებში აკადემიურ საქმიანობას ეწევა და მიღებულ გამოცდილებას სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელთა ახალ თაობას უზიარებს.   

სპიკერმა დისკუსიის მონაწილეებთან ისაუბრა უსაფრთხოებაზე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორზე და ამ მიმართულებით დაზვერვის სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე. ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდებს შორის უსაფრთხოების სერვისების და მათი გამართული მუშაობის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას; აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის, უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება ევრო-ატლანტიკური სტანდარტების შესაბამისად.    

ფლორიან კოლდეას გამოცდილებამ ახალგაზრდებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია,  შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმარმაც მათ შეკითხვებს საკუთარი პროფესიული პრაქტიკიდან ცალკეული მაგალითების მოშველიებით უპასუხა.
 

გააზიარე: