ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიწვევით, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციასთან შეხვედრაში. დელეგაციას ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადისლავ ვილიმეჩი ხელმძღვანელობდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ქართული არასამთავრობო და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი განიხილეს. ასევე, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე იმსჯელეს. გამოითქვა იმედი, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მაინც მიიღებს.