ხათუნა ბურკაძე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ანალიზისათვის სამ ფაქტორს: ისტორიულს, საშინაოსა და საგარეო ფაქტორებს გამოკვეთს, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური არჩევანისკენ სწრაფვის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს: „საქართველოს მომავალი ევროპაშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ამ თვალსაზრისით ევროინტეგრაციის ისტორიის ანალიზის შედეგად თვალსაჩინოა, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა გულისხმობს მშვიდობას, უსაფრთხოებას, განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნას და, რასაკვირველია, მრავალფეროვნების, ევროპული ქვეყნების იდენტობის პატივისცემას, დაცვას. ევროპულმა გაერთიანებამ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეძლო მაღალი ევროპული სტანდარტების განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. შესაბამისად, ამ სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც გულისხმობენ ინდივიდის პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების დაცვას“.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას.
ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის მეტი რეალური ინსტრუმენტი სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით ამისათვის ახალი, ფართომასშტაბიანი პროექტების ინიცირება და განხორციელებაა აუცილებელი, ხოლო პოლიტიკურ კონტექსტში მხოლოდ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩართულობა საკმარისი არ არის, საჭიროა წარმოადგენდე ერთ-ერთ იმ სუბიექტს, რომლის პოზიციას პირდაპირი გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციაა, ის გავლენას ახდენს გლობალურ პროცესებზე. მეტიც, ყოველდღიურად იზრდება მისი როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში უნივერსალურ დონეზე. ევროკავშირის წევრობა კი ნიშნავს იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სრულფასოვან მოთამაშედ ჩართვას, რომლებიც განსაზღვრავენ რეგიონალურ პოლიტიკას და გავლენას ახდენენ გლობალურ პროცესებზე“.
„ისტორიული, საშინაო და საგარეო პოლიტიკური ფაქტორების ანალიზი ცხადყოფს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსათვის ეროვნული პროექტია, რადგან ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მექანიზმია. ამიტომაც წარმოადგენს ის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ, გამყარებულ არჩევანს, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან პატივისცემასა და დაცვას საჭიროებს. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია ანუ არ არსებობს სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტზე მაღლა დგას.
ამავდროულად, ევროპული გზა ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზაა და მათდამი პატივისცემა მოითხოვს გავაგრძელოთ მტკიცედ, თანმიმდევრულად სვლა ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს