ქართულ-ფრანგული ურთიერთობები ევროინტეგრაციის კონტექსტში


გადმოწერეთ PDF ფაილი

"დადგება დღე, როდესაც თქვენ - ამ კონტინენტის ყველა ერი, საკუთარი ინდივიდუალურობის დათმობის გარეშე, მჭიდრო გაერთიანებად შეიკვრებით და დიდ ევროპულ ძმობას დაუდებთ საფუძველს. […] დადგება დღე, როდესაც აღარ იარსებებს საბრძოლო ველი, გარდა ბაზრისა, რომელიც იხსნება ვაჭრებისთვის და სულიერებისა, რომელიც იხსნება იდეებისთვის. დადგება დღე, როდესაც ტყვიებსა და ბომბებს ხმის მისაცემად გამზადებული ბიულეტენები შეცვლის”, - ვიქტორ ჰიუგო, პარიზის მშვიდობის კონგრესი, 1849 წლის 21 აგვისტო.

 

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას ერთმანეთთან ისტორიულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. სწორედ აღნიშნულის დასტურია 2019 წლის თებერვალში ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერა, რითაც ორმხრივი ურთიერთობები გადავიდა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას, რათა მიღწეულ იქნეს „2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ შესრულება, რომელიც სწორედ საფრანგეთის, როგორც აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შუამავლობით იქნა ხელმოწერილი საქართველო-რუსეთის მიერ. ამასთან, საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მსგავსად ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისა, იგი აღიარებს საქართველოს, როგორც ლიდერ ქვეყანას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  წევრ ქვეყნებს შორის და მას რეგიონში სანდო პარტნიორად მიიჩნევს. თავის მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში, საქართველო საფრანგეთს, გერმანიასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად განიხილავს და მიზნად ისახავს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს აღნიშნული მხარადაჭერის შემდგომ კონსოლიდაციას[1].

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის განმავლობაში, საქართველოს თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ძალიან ნათლად გამოხატულმა ევროპულმა საგარეო კურსმა, რომელიც უპირველესად ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანს ეფუძნება, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სამაგალითო ქვეყნად აქცია. თუმც, მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, დღეს ევროკავშირს არ აქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია არათუ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის, არამედ ამ ქვეყნებთან დიფერენცირებული ურთიერთობების დაწყების თაობაზეც კი, მით უმეტეს, საფრანგეთის რესპუბლიკას.

 

ისტორიულად საფრანგეთი ყოველთვის ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნებისკენ იხრებოდა, რომლებიც „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ პრიორიტეტების განსაზღვრისას უპირატესად მხარს სამხრეთის განზომილების გაძლიერებას უჭერდნენ, ვიდრე აღმოსავლეთ ნაწილის. სწორედ აღნიშნულის გამოხატულება გახლდათ საფრანგეთის მიერ, ევროკავშირის სამხრეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ერთად, 2008 წელს, პარტნიორობის ინიცირება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან, მაშინ როდესაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  პროექტი  2009 წელს პოლონეთისა და შვედეთის მიერ იქნა ინიცირებული.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ რეგიონში სტაბილიზაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფა, საქართველოსთვის კი - საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის, მეტი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება. თუმც, დღეს საფრანგეთს ევროკავშირის გაფართოებაზე მეტად, მისი შიდა გაძლიერება სურს და აღნიშნული მისი დღის წესრიგში არ დგას. უფრო მეტიც, იგი თვით ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული ქვეყნები უკვე 20 წელზე მეტია ევროინტეგრაციის გზას ადგანან. აღნიშნული პოზიცია პრეზიდენტმა მაკრონმა ფრანგულ-ევროპულ დონეზე არსებული გამოწვევებით ახსნა: „ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, ვიფიქროთ თავად ევროკავშირის შიდა რეფორმირებაზე“ ; [...] „როგორ გსურთ, ავუხსნა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მე-2 ქვეყანა, რომლიდანაც საფრანგეთში [პოლიტიკური] თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი მიგრანტი ჩამოდის, არის სწორედ ალბანეთი?“[2]. 

 

ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოსთვის, ვინაიდან იგი მე-3 ქვეყანაა საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა რაოდენობის მიხედვით[3]. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ბრწყინვალე თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის პრევენციის კუთხით, რომლის ფარგლებში 2019 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 50%-ით შემცირდა[4]. თუმც, პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრამდე საფრანგეთის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება, ბუნებრივია, ნაკლებად მოსალოდნელია. დღეს, ფრანგი ხალხისთვის იმიგრაცია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად არის აღქმული, მარინ ლე პენი კი,  რომელიც ანტი-იმიგრანტული პოლიტიკის მომხრეა, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, 2022 წელს მაკრონის მთავარი მეტოქეა საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, ემანუელ მაკრონისთვის საკუთარი ელექტორატის განწყობის გაზიარება და მთავარ კონკურენტთან - მარი ლე პენთან მიმართებაში პოლიტიკურად მომგებიანი სვლა უფრო მნიშვნელოვანია[5], ვიდრე ევროკავშირის გაფართოება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველომ არათუ გააგრძელოს საფრანგეთში არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობა და მისი გაძლიერება, არამედ ასევე მოახდინოს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის დივერსიფიცირება, მათ შორის, შესაბამის პრობლემატურ რეგიონებში საკონსულო დაწესებულებების გახსნა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისე ფრანგული საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ.

 

არალეგალური მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრის პარალელურად, იმისთვის, რომ საფრანგეთის მხრიდან აღიარებულ იქნეს საქართველოს ევროკაშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კომუნიკაციის დიფერენცირება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. დღეს, საფრანგეთისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია სულაც არ არის მისი პოლიტიკური „Coup de coeur“[6], უფრო მეტიც, პრეზიდენტ მაკრონის შეფასებით, ნატო „ტვინის სიკვდილს“[7] განიცდის და იგი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს ნატო-ს მიმართ, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის პროექტს და იმ ფონზე, როდესაც დღეს ევროკავშირის 28 ქვეყნიდან მხოლოდ 22 არის ნატო-ს წევრი, საქართველომ, ალბათ, უნდა იფიქროს, ხომ არ იქნებოდა უფრო მართებული მოხდეს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამიჯვნა და აღნიშნულ საკითხებზე ფრანგულ მხარესთან პოლიტიკური კომუნიკაციის დიფერენცირება და არა მხოლოდ მათთან? ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, თუნდაც, ინსტიტუციური თვალსაზრისით - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დონეზე, კიდევ უფრო მეტად გაუსვამდა ხაზს ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას. ცენტრს, ევროკავშირის ჭრილში, საინფორმაციო დანიშნულების გარდა, კარგი იქნებოდა მიეცეს „ევროპის სახლის“ ისეთივე დანიშნულება, როგორიც არის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

 

ამასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარების კუთხით, პოლიტიკურ დონეზე მეტად ლეგიტიმური საფუძვლის შექმნისთვის საჭიროა ფრანგულ საზოგადოებაში საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლება. დღეს, ფრანგი ხალხის მხოლოდ 32% არის მზად ევროკავშირის გაფართოებისთვის[8]. საქართველო კი საფრანგეთში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორის მიღმა, ძირითადად ჯერ კიდევ აღიქმება როგორც პოსტ-საბჭოთა, ომგამოვლილი ქვეყანა ან როგორც ღვინის სამშობლო და მზარდი ტურისტული მიმართულება. სამწუხაროდ, ფრანგებს მწირი ინფორმაცია აქვთ საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების, უძველესი ქართული კულტურისა თუ იმ უზარმაზარი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლითაც გამოირჩევა ორი კონტინენტის მიჯნაზე მყოფი ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს იმ დადებითი ტურისტული იმიჯის ამაღლების ხელშეწყობა, რაც დღეს საქართველოს ფრანგულ პრესაში აქვს, ვინაიდან საფრანგეთის მოსახლეობისთვის ევროკავშირის ყველაზე დადებითი შედეგი სწორედ თავისუფალი გადაადგილებაა ხალხებს შორის[9]; მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვანია საფრანგეთში მოხდეს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის შესახებ აქტიური კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის წარმართვა რეგიონებში არსებულ „ევროპის სახლების“, „ევროპის საინფორმაციო ცენტრებისა“ თუ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ფრანგების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ  უპირველესად, ეს სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება და მოქალაქეები არიან, ვინც თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ სისტემაში[10].

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კონტაქტებისა და აკადემიური სახის ურთიერთობების განვითარება. ფრანგი ხალხისთვის ევროკავშირის ყველაზე კონკრეტული #1 ბენეფიტი გახლავთ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა „ერასმუსი“[11]. ფრანგების სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, მოახდინა საფრანგეთმა ყოველწლიური ევროპული სახალხო ზეიმის „ერასმუსის დღეების“ ინიცირება სამი წლის წინ, რომელიც დღეს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება, როგორც ზეიმი ევროპული მოქალაქეობისა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „ერასმუს“-ის პროგრამის პარტნიორ 10 წამყვან ქვეყანას შორის იკავებს ადგილს, საქართველო არ იღებს[12] აქტიურ მონაწილეობას აღნიშნულ ზეიმში. შესაბამისად, ევროპული ღირებულებების გაზიარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ ქვეყნის აქტიური მონაწილეობა ამ მიმართულებით. უფრი მეტიც, საქართველომ საფრანგეთთან, როგორც ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ყველაზე მობილურ ქვეყანასთან, უნდა განავითაროს ურთიერთობები ევროპულ გაცვლით თუ კვლევით პროგრამებში მეტად ჩართულობის მიზნით. როგორც ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა - ”ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს ყმაწვილ-კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს“.

 

თავის მხრივ კი, საფრანგეთმა, როგორც ევროპული პროექტის დამფუძნებელმა ქვეყანამ, რომელიც ევროკავშირს ყოველთვის განიხილავდა როგორც პოლიტიკურ პროექტს, ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის დონეზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მკაფიო საბოლოო მიზნის განსაზღვრას და აღნიშნული ფორმატის წევრ ქვეყნებთან დიფერენცირებული ურთიერთობების დაწყებას. საერთაშორისო დონეზე, ევროპისადმი ნდობის საკითხი, პირველ რიგში, სწორედ მისი სამეზობლო პოლიტიკის თანმიმდევრულობით განისაზღვრება. „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“  პრინციპიდან „More for More“ გამომდინარე კი, 10 წლის მანძილზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა წევრი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი საჭიროებს ახალი მოტივაციის მიცემას, მათი დემოკრატიის ხარისხისა და ევროპული მისწრაფებების გათვალისწინებით. ევროკავშირისთვის წევრი ქვეყნებისადმი დიფერენცირებული მიდგომა უცხო ნამდვილად არ არის, სწორედ ამას ცხადყოფს ევრო ზონა და შენგენის სივრცე, რომლის წევრები არ გახლავთ ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყანა. ამასთან, დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სულ უფრო მეტად იკვეთება ჩინეთის, თურქეთის, რუსეთისა თუ აშშ-ის განსხვავებული ინტერესები, მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაფართოების დინამიკის გაგრძელება, რათა ევროკავშირს, როგორც წამყვან გეოპოლიტიკურ მოთამაშეს, მიეცეს მეტად მყარი პოლიტიკური წონა. უფრო მეტიც, ისტორიულად ევროპული პროექტის დაარსების საბოლოო მიზანი ხომ „მთელი ევროპის ხალხების გაერთიანებაა“ - ის, რაც სწორედ ფრანგმა ერმა დაუდო საფუძვლად აღნიშნული პროექტის შექმნას რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის სახით[13].

 

[1] 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, გვ. 11:  http://www.mfa.gov.ge/getattachment/MainNav/ForeignPolicy/ForeignPolicyStrategy/2019-2022-clebis-saqartvelos-sagareo-politikis-strategia.pdf.aspx

[3] საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მფარველობის ოფისის (OFPRA) სტატისტიკური მონაცემები საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა თაობაზე: https://www.ofpra.gouv.fr/fr/l-ofpra/actualites/les-donnees-de-l-asile-a-l-ofpra-en

[5] ELABE-ის კვლევა ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო მანდატის პირველი ნახევრის შესახებ: https://www.slideshare.net/contactElabe/elabe-pour-bfmtv-mi-mandat-demmanuel-macron?ref=https://elabe.fr/mi-mandat-macron/

[6] Coup de coeur“ - ფრანგული გამოთქმა, რომელიც გამოიყენება რაიმე საკითხის ან ვინმეს მიმართ ძლიერი ინტერესის, მიმზიდველობის აღსანიშნავად;

[7] ემანუელ მაკრონის ინტერვიუ The Economist-თან: https://www.economist.com/europe/2019/11/07/emmanuel-macron-warns-europe-nato-is-becoming-brain-dead

[8] Eurobarometer-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2019 წლის აგვისტო: https://ec.europa.eu/commfrontoffice/publicopinion/index.cfm/survey/getsurveydetail/instruments/standard/surveyky/2253

[9] Eurobarometer-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2019 წლის აგვისტო: https://ec.europa.eu/commfrontoffice/publicopinion/index.cfm/survey/getsurveydetail/instruments/standard/surveyky/2253

[10] 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ინსტიტუტებისა და მმართველების შესახებ: https://www.ipsos.com/fr-fr/fractures-francaises-2019-la-defiance-vis-vis-des-dirigeants-et-des-institutions-atteint-des

[11] კვლევა საფრანგეთში „ერასმუსის“ პროგრამის იმიჯის შესახებ, გვ. 6: http://www.agence-erasmus.fr/docs/2545_bva-erasmus-etude-de-notoriete-mai-2017-conference-de-presse.pdf ;

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვა, პრაღა, 2019 წლის 6 დეკემბერი, გვ. 7:

https://ge.ambafrance.org/Discours-de-M-Jean-Yves-Le-Drian-Prague-6-decembre-2019

[13] შუმანის 1950 წლის 9 მაისის დეკლარაცია:

 https://europa.eu/european-union/about-eu/symbols/europe-day/schuman-declaration_fr

 

გააზიარე: