გიორგი ანთაძე - კიევი ომის საჭიროებების მხარდაჭერისთვის კმაყოფილი უნდა იყოს ვილნიუსის სამიტის შედეგებით, მაგრამ რაც შეეხება ალიანსის წევრობას, უკრაინას მოუწევს გრძელი გზის გავლა და არავინ იცის ამ გზის გავლას რა დრო დაჭირდება

ავტორი:

ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგებზე, სავარაუდოდ, უკრაინას ნატოში მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებით თუ ამ ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ, ასევე საქართველოს ატლანტიკურ პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.


- ბატონო გიორგი, ვილნიუსის სამიტზე ბევრი საინტერესო რამ ითქვა. უკვე ვიცით, სავარაუდოდ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტზე სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები დაფიქსირდა. ბალტიის ზღვა, რომელთანაც სსრკ-ს უზარმაზარი სანაპირო ჰქონდა, დღეს„ნატოს ტბაა.“
 

უკვე ვიცით, რომ რუსეთთან მებრძოლ უკრაინას ნატოში მაპ-ის გარეშე იქნება მიღებული უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ. მანამდე ალიანსი მას დაეხმარება აგრესორ რუსეთთან ბრძოლაში.
 

თურქეთმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შვედეთის ნატოში გაწერების სანაცვლოდ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვდა, უარი თქვა თავის მოთხოვნაზე და თანხმობა განაცხადა შვედეთის ალიანსში წევრობაზე.
 

სამიტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული უკრაინის დახმარებაზე, რუსეთის წინააღმდეგობის დასაძლევად ალიანსის ქვეყნების ურთიერთქმედების მეტ კოორდინაციაზე.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგებს?
 

- ნატოს სამიტის კომუნიკეს სრული ტექსტი უკვე ხელმისაწვდომია. მასში საუბარი არის ფაქტობრივად ყველა იმ გამოწვევაზე რაც დღეს ნატო წინაშე არსებობს, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობებსა და სხვა მნიშვნელოვან აქტორებზეც არის საუბარი.
 

თუმცა, ჩვენი მთავარი ინტერესი ბუნებრივია საქართველო და უკრაინაა პირველ რიგში.
 

ამ თვალსაზრისთ, საკმაოდ მოსალოდნელი შედეგები დადგა. მიუხედავად კიევის აქტიური მცდელობისა მიეღო კონკრეტული დანაპირები გაწევრებასთან დაკავშირებით, ეს არ დაფიქსირებულა ტექსტში, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მხრიდან დაიდო პირობა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და გახდება მაპ-ის გარეშე.
 

მაგრამ როგორც კომუნიკეს ტექსტში ვკითხულობთ - უკრაინა მხოლოდ მას მერე გახდება ალიანსის წევრი, როცა დააკმაყოფილებს შესაბამის კონდიციებს და იქნება თანხმობა ალიანსის წევრ სახელმწიფოებში. ეს ნიშნავს, რომ რეალურად დანაპირების თვალსაზრისით თვისობრივად განსხვავებული ვერაფერი მიიღო კიევმა.


აპის გარეშე რომ შესაძლებელია ნატოს წევრობა, ეს ჩვენ ფინეთისა და შვედეთის მაგალითზეც ვნახეთ, ოღონდ ამისათვის სახელმწიფო თვითონ უკვე უნდა იყოს ყოველმხრივ მზად. სწორედ ამიტომ ხაზი ესმევა - როცა არ უნდა მორჩეს ომი, უკრაინამ მაინც უნდა გაატაროს არა ერთი რეფორმა, რათა დააკმაყოფილეს ნატოს სტანდარტები და მიაღწიოს შესაბამის კონდიციებს.


აქვე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით დღეს კიევისათვის მთავარი არის ომში გამარჯვება და დასავლეთს უწყვეტი მხარდაჭერა ამისთვის აუცილებელია. ამ მხრივ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ვილნიუსში ნატოსა და მისი წევრი სახელმწიფოების მზაობა განაგრძონ კიევის მხარდაჭერა ყველა მიმართულებით.


შესაბამისად, კიევი ომის საჭიროებების მხარდაჭერის თვალსაზრისით კმაყოფილი უნდა იყოს ვილნიუსის სამიტის შედეგებით, მაგრამ უშუალოდ ალიანსის წევრობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოუწევს გრძელი გზის გავლა და არავინ იცის ამ გზის გავლას რა დრო დაჭირდება.
 

ამ მხრივ გეოპოლიტიკურ რეალიებსა და ომის დასრულების შედეგებს კვლავინდებურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
 

- როგორც სამიტზე ითქვა, უკრაინა ნატოს წევრი უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.
 

იმას, რაც უკრაინის ნატოს წევრობას შეეხება, ყველაზე აქტუალურია უკრაინა ნატოს წევრად ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე იქნება მიღებული თუ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ.
 

ამ კითხვასაც გაეცა პასუხი ვილნიუსის სამიტზე, მაგრამ, რადგან ამ თემაზე კამათი არ წყდება, იმის გათვალისწინებით რომ ეს თემა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, მაინც ღირს მასზე ყურადღების გამახვილება. მითუმეტეს, რომ ამ თემაზე შიგა და შიგ გვინდა არ გვინდა, მაინც ურთიერთგამომრიცხავი აზრი გამოითქმის.
 

როგორც ჩანს, ამ თემაზე ნატოს გენმდივანს, იენს სტოლტენბერგს შემთხვევით არ განუცხადებია - „თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება“.
 

კოლექტიური დასავლეთი, მათ შორის ნატო, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ გეგმავს, თუ მაინც განიხილება რუსეთისათვის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის დატოვება?
 

- თქვენს კითხვაზე პასუხი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მშვიდობის კონფიგურაცია იქნება ომის დასრულების მერე, ან ყველაზე მინიმუმ მისი ცხელი ფაზის დასრულების შემდგომ.
 

ამას იმიტომ ვამბობ, რომ იგივე დასავლეთის აკადემიურ წრეებში აქტიურად განიხილება აღნიშნული ომის დასრულების სხვადასხვა სცენარები. მაგალითისთვის, ხშირად ხდება ანალოგიის გავლება კორეის კრიზისთან, სადაც ვერცერთი მხარე ვეღარ ახერხებდა გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევას და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე მოუწიათ მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც გადარჩა სამხრეთ კორეის დემოკრატიული ნაწილი.
 

დღეს სამხრეთ კორეა თანამედროვე დემოკრატიული, მაღალ ტექნოლოგიური განვითარებული სახელმწიფოა ძალზედ ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობებით. ასე, რომ მსგავსი სცენარი უკრაინის შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს. ანუ, კიევს მოუწიოს დე-ფაქტო რეალობის მიღება და უკეთესი მომავლის იმედით უკრაინის სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნვა დღეს და სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისტორიული შანსის ლოდინი ხვალ. ასეთ სცენარში არ არის ბოლომდე გამორიცხული რომ უკრაინა მაინც გახდეს ალიანსის წევრი.


ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული რომელთა ბოლომდე განჭვრეტა დღეს შეუძლებელია. მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ არის ახლო მომავლის ამბავი და ის ხედვა იქნება წინა პლანზე დასავლეთში, რომელიც რუსეთთან შემდგომი ესკალაციის მინიმალიზაციისკენ არის მიმართული. ასეთი გზა მით უფრო შესაძლებელია, თუ იგივე ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატში მუდმივი „ცხელი-ხაზი“ იარსებებს ალიანსთან და დასავლეთის მიერ მიღებული რესურსებით უკრაინა მაქსიმალურად შეეცდება თვითმყოფადი იყოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით მომავალში ბირთვული შესაძლებლობების დაბრუნებაც დამატებითი კოზირი იქნებოდა კიევისთვის.
 

დღეს ეს ერთი შეხედვით არა რეალისტურია, თუმცა ბოლომდე არ შეიძლება ამის გამორიცხვა. ამ ყველაფერს დამატებული, ომის დასრულების მერე კიევს აუცილებლად დასჭირდება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება. თუმცა, ალიანსის წევრობა მაინც ყველაზე კარგი უსაფრთხოების ქოლგაა, ვიდრე სხვა ვარიანტები და ოფციები უსაფრთხოების გარანტიებით.


რუსეთის ისტორიული მომავალიც აბსოლუტურად ბუნდოვანია, შესაბამისად არ შეიძლება გამორიცხვა რომ რევანშისტული განწყობები მოსკოვში მომავალში კვლავ არ იქნება. საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ რეალობა, სადაც ომი დასრულდება, მაგრამ კონფლიქტი არ იქნება ამოწურული მომავალში ხელახალი ესკალაციის რისკებით, ამიტომ ამის ყველაზე კარგი პრევენცია კიევის ნატოში გაწევრება იქნება.
 

- საინტერესო იყო ვილნიუსში თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობა. თურქეთის თემას ჩვენ აუცილებლად ცალკე შევეხებით.
 

ვიცით, რომ ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გაგრძელების შესახებ. ეს გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ რუსეთი არც აპირებს უკრაინაში ომის შეწყვეტას. მოსკოვი კიევისათვის გაუგებარ მოლაპარაკებებზე დროგამოშვებით კი საუბრობს, მაგრამ, ამაოდ.
 

სწორედ ამის გამო გერმანიის უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა კომპანია Rheinmetall მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში უახლოეს 12 კვირაში ჯავშანტექნიკის წარმოების ქარხნის აშენების შესახებ.
 

პრეზიდენტ ზელენსკის თურქეთში ვიზიტისას მხარეებს შორის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თურქეთი უკრაინაში „ბაირაქტარების“ ქარხანას ააშენებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ „კონტრშეტევისათვის საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს.“
 

ვიცით, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო ყოვნდება ამერიკელების მიერ უკრაინისთვის f -16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემა. როგორც ამბობენ, უკრაინული სამხედრო საქმის მცოდნე ხალხი და ოფიციალური კიევი ვაშინგტონისაგან f -16 ტიპის თვითმფრინავების ნაცვლად მიგ-29 მიღება ითხოვს, თუმცა, f -16 -ის მოლოდინიც აქვთ.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებას იმის გათვალისწინებით თუ რა შეიარაღება აქვთ მხარეებს?
 

- ახლა ფაქტობრივად თანაბარი ბრძოლები მიდის, დიდი ცვლილებების გარეშე. ზოგადად ერთია თავდაცვაში წარმატებული მოქმედება, რაც უკრაინას როგორც ვნახეთ ძალიან კარგად გამოსდის და მეორეა კომბინირებული ძალებით ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების წარმართვა.
 

განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსებმა საკმაოდ მძლავრი თავდაცვით ზღუდეები მოაწყვეს. ჩემი აზრით ამ ეტაპზე კიევი ძალიან ფრთხილად და გეგმაზომიერად ცდილობს მოსინჯოს რუსული თავდაცვის ზღუდეები, გამოავლინოს სუსტი წერტილები და ის უბნები სადაც შეტევის ძირითადი ძალისხმევა იქნება მიმართული. ამ ეტაპზე სასწორი საბოლოოდ არ გადახრილა ჯერ კიდევ კიევის მხარეს.


რაც შეეხება ავიაციის გაძლიერებას, ეს ვერ მოხდება გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი უახლოესი თვეების მანძილზე. საჭიროა ეკიპაჟების მომზადება და რაც კიდე უფრო რთულია ტექნიკური პერსონალის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მომზადება. ყოველივე ეს დროს საჭიროებს და 2024 წლამდე ვერ მოხდება.
 

შესაბამისად, თუ კიევი ავიაციის ზემოთ აღნიშნული ტიპებით გაძლიერდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, თუმცა წელს როგორც უკვე ვთქვი, საბრძოლო მოქმედებებს გავლენას ვერ იქონიებს, რაც თვის მხრივ ომის გაგრძელებას მოასწავებს.
 

მე ზოგადად არსებული საბრძოლო სურათის მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმი მექნებოდა. მოსკოვს კვლავინდებურად რჩება გარკვეული ბერკეტები, რაც ფრონტის კოლაფსის შემთხვევაში შეიძლება აამოქმედოს, მათ შორის არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხიც.
 

კიევისთვის მნიშვნელოვანია რომ წლევანდელი ზაფხული მნიშვნელოვანი გამარჯვებით გაფორმდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე საინფორმაციო ომის თვალსაზრისითაც. რამდენადაც კარგად ჩაივლის 2023 კიევისთვის ფრონტზე, იმდენად უკეთესი მშვიდობის იმედი შეიძლება ჰქონდეს კიევს ზოგადად.


- მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა რუსებთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის სერიოზულად ემზადება. უკრაინელი ექსპერტების მტკიცებით, უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე მაშინ გადავა, როცა მზად იქნება გავიდეს არა მხოლოდ ომის დაწყებამდე, ანუ 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებამდე, არამედ შეძლოს ყირიმის დაბრუნება.
 

სავარაუდოდ, როდისაა მოსალოდნელი უკრაინის მხრიდან ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყება?
 

- წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ყველა ეს ამოცანა რაც თქვენ ახსენეთ ერთი შეტევითი ფაზის განმავლობაში მოხდეს. ამის სამყოფი ძალები უკრაინას წმინდა არითმეტიკულად არ აქვს. ეტაპობრივად გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ არა ერთი კონტრშეტევის ჩარჩოებში.


მაშინ გამოდის რომ მთლიანი ფრონტი უნდა ჩამოეშალოს რუსეთს ყველა მიმართულებით ერთდროულად რაც ნაკლებად სავარაუდოა. ყირიმის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამარჯვებებისა და წინსვლის შემდგომ.
 

თან ამის შემდგომ, უკრაინას კვლავინდებურად უნდა ჰქონდეს უნარი განაგრძოს შეტევა. ანუ უკრაინის სამხედრო ძალები იმდენად არ უნდა გამოიფიტონ ამ შეტევებზე, რომ ყირიმისთვის აღარ დარჩეთ ძალები. უნდა ვივარაუდოთ რომ ომის გაგრძელების პირობებში ყირიმის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია ალბათ ომის დასკვნით ფაზა იქნება.
 

- გვერდს ვერ აუვლით უკრაინა-რუსეთის ომში თურქეთის როლს, მითუმეტეს, რომ კარგა ხანია ანკარა კიევსა და მოსკოვის დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობს.
 

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე საგრძნობლად გააქტიურებულია. არჩევნებამდე იგი სხვებისგან განსხვავებით აქტიურად თანამშრომლობდა პუტინთან, როგორც ჩანს, იგი ამ როლის შესრულებას შემდგომშიც გააგრძელებს, მაგრამ, ახლა უფრო მეტად ანკარის პირობების გათვალისწინებით.
 

ეს რომ ასე იქნება, ამის დასტური იყო ზელენსკის ბოლო ვიზიტი თურქეთში. არა მხოლოდ ის, რომ მან ზელენსკის „აზოველები“ გაატანა, არამედ ისიც, რომ თურქეთი გააგრძელებს უკრაინიდან არა მხოლოდ ხორბლის, არამედ სხვა ბუნებრივი რესურსების გატანაზე მუშაობას.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთის ომში თურქეთის როლსა და მის შუამავლობას?
 

- ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ თურქეთსა და რუსეთს ხანგრძლივი მოკავშირეობა ან პარტნიორობა უჭირთ და ეს დრო და დრო თავს იჩენს ხოლმე. ამის მიზეზი მარტივია - მათი გეოპოლიტიკური ინტერესების არეალი მჭიდრო არის ერთმანეთში გადაჯაჭვული, პირველ რიგში შავი ზღვის რეგიონში.
 

ერდოღანი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი თურქეთის ინტერესების წინსვლისთვის გამოიყენოს. ეს არის ერთის მხრივ რუსეთის დასუსტება და გავლენის შემცირება მომიჯნავე რეგიონებში, და თან ისეთი მედიატორული აქტივობები, რომელიც რუსეთის წინაშე თურქეთს ისე წარმოაჩენს, როგორც ნატოს წევრ არა მტრულ სახელმწიფოს. ეს ანკარას სირიაში სიტუაციის კონტროლი ჭრილშიც ჭირდება.


ერდოღანი როგორც სხვა სიტუაციებში, ამ კრიზისის ფონზეც ლავირების. ერთის მხრივ ბაირაქტარები დაფრინავენ უკრაინაში, მეორე მხრივ მედიატორის ფუნქციის შეთავსებასაც ცდილობს პერიოდულად ანკარა. ამიტომ დრო და დრო აქტიურდება მისი პოზიციონირება და მოსკოვთან კომუნიკაციის არხები.
 

ეს კრიზისი ანკარას საშუალებას აძლევს რეგიონული ძალის სტატუსი ბოლომდე გამოიყენოს. სავარაუდოდ, ბოლომდე არც დათბება და არც გაფუჭდება ურთიერთობები მოსკოვსა და ანკარას შორის და კვლავინდებურად ცვალებადი ფაზების დინამიკაში დარჩება. პუტინის დაანონსებული ვიზიტი თურქეთში ახალ მცირე დინამიკას შესძენს ურთიერთობებს ამ ორ ქვეყანას შორის.
 

- ვილნიუსის ნატოს სამიტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კი მონაწილეობს, მაგრამ, ამ სამიტისაგან საქართველოს რომ არანაირი მოლოდინი არ ჰქონია, ფაქტია.
 

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ უკრაინა- რუსეთის ფონზე საქართველოს შეეძლო მოეთხოვა და მიეღო ნატოს წევრობის სტატუსი. ნატო-ში გაწევრიანების მომენტიდან საქართველოს მშვიდობა იქნებოდა უზრუნველყოფილი სრულად და დიდი ხნით. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების ფონზე საქართველოს შეეძლო თავდაცვის უზრუნველსაყოფად პარტნიორებისგან მეტი იარაღი მოეთხოვა, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.
 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინ და გარეთ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომის მიზეზი, უკრაინის ნატოში სწრაფვა იყო. ხელისუფლება ამაყობს, რომ მშვიდობა გვაქვს იმის გამო, რომ არ შევერთებივართ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და „არ დავუჯერეთ გლობალური ომის პარტიას და არ გავხსენით“ ე.წ. მეორე ფრონტი.
 

თუმცა, დღემდე ხელისუფლება არ აზუსტებს ვინაა „გლობალური ომის პარტია“. საუბრები, რომ ჩვენგან ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდნენ, დამაჯერებლად არ გამოიყურება, რადგან ჩვენმა პარტნიორებმა საკმაოდ კარგად იციან ჩვენი შესაძლებლობები.
 

მიუხედავად, იმისა, რომ ბევრჯერ გვითხრეს რომ „ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა“, ჩვენ აღვადგინეთ ფრენები რუსეთთან. როგორც ამბობენ, მალე გროზნო-თბილისს შორის დაიწყება ფრენები.
 

იმის ფონზე თუ როგორ პოლიტიკას ატარებს ოფიციალური თბილისი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა როგორია?
 

- მოგეხსენებათ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული წინააღმდეგობები არსებობს, მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებიც და სხვა პრობლემებიც. აღნიშნული გამოწვევების გადალახვა გულისხმობს პროაქტიულ საქმიანობას თბილისის მხრიდან იმ დედაქალაქებში რომლებიც პირველ რიგში არიან სკეპტიკურად განწყობილი საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
 

აქვე პარალელურად შემოდის დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა, რაც კომუნიკეში პირდაპირ იქნა საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირებული.
 

სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება რომ ომის ფონზე რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას მსხვერპლად ეწირება ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი პროაქტიული დინამიკის ცხოვრებაში გატარება, რაც ჩვენ ყველა სცენარში მაინც დაგვჭირდება, იმისთვის რომ ალიანსის ნაწილი გავხდეთ.


ამის საპირისპიროდ ვხედავთ ურთიერთობების გაფუჭებას ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციურად აღებულ ვალდებულებას ყველაფერი გაკეთდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.
 

კანდიდატის სტატუსის კონტექსტში არსებული სიტუაცია პირდაპირ იქონიებს გავლენას ჩვენს ინტეგრაციაზე ნატოში. ქართული დემოკრატიის წინსვლა საქართველოს სტრატეგიული რესურსი შეიძლება ყოფილიყო ყოველ მხრივ, როგორც რეგიონულ კონტექსტში, ისე ნატოსთან კომუნიკაციის ჭრილში, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების ეს კონდიცია ჩვენს მიერ ვერ იქნა მიღწეული. ძლიერი ქართული დემოკრატია ეს ჩვენი კოზირი უნდა იყოს ნებისმიერ მოლაპარაკებებში და ეს მიზანი მისაღწევია.
 

ასევე უნდა ითქვას, რომ რუსების უკონტროლო შემოდინება ქვეყანაში ფრიად საფრთხილო საკითხია, პოტენციური რისკებიდან გამომდინარე, ამიტომ ყველა აქტორს, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო ბიზნესს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი.


ეს საკითხი ალბათ მომავალში გარკვეულ დარეგულირებას მოითხოვს, შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისითაც. ეკონომიკურ სარგებელს დღეს, არ უნდა გადაყვეს ქვეყნის გრძელვადიანი სასიცოცხლო ინტერესები. ეს არის თემები რომლებიც შორს ხედვასა და სტრატეგიულ აზროვნებას საჭიროებს, რომელიც არასდროს ყოფილა ქართული პოლიტიკური კლასის ძლიერი მხარე.
 

- ბევრი თვლის, რომ მას შემდეგ რაც უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარი დამაბრკოლებელ ქვეყანას რუსეთს საქართველოსთვის აშკარად არ სცალია, საქართველოს ნატოს მიმართულებით შეეძლო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, მსგავსი ნაბიჯები საქართველოს არ გადაუდგამს.
 

მიუხედავად ამისა, ვილნიუსში ნატოს სამიტის გახსნამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თემაზე ღია წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ „საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“.
 

მისივე თქმით, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, ცოტა რამ თუ შეიცვალა.
 

დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით „პაპუაშვილის წერილი სავსე იყო მანიპულაციითა და დეზინფორმაციაით, რაც აზიანებს ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას” და მან ეს შეგნებულად გააკეთა.
 

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის წერილმა? თქვენი დაკვირვებით ეს წერილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უფრო წაადგება თუ უფრო აზარალებს?
 

- არც წაადგება და არც დააზარალებს. ის ოთხი ძირითადი საკითხი რაც წერილშია მოცემული, დიდი ხანია სახეზეა და სწორედ ამ წინააღმდეგობების გადალახვა უნდა ყოფილიყო საქართველოს საგარეო პოლიტიკაც ბოლო წლებში. ეს არის ზუსტად ეროვნული ამოცანა.
 

ზოგადად წერილის შინაარსი, პათოსი გასაგები და მისაღებია, თუმცა, საუბარი მხოლოდ დემოკრატიის ინდექსებზე, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მდგენელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ცოტა არა დამაჯერებელია.
 

ამ მხრივ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ხელისუფლება არაა პასუხისმგებელი, ოპოზიციაც არა ნაკლებ სცოდავს. შესაბამისად, წერილში აღწერილი პრობლემების გადასალახად ღია საუბარი და მიმართვა სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაგვიანებულია.
 

ასეთ დროს პრობლემებზე საუბარი სამიტის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესის ვერ მიღების გამო თავის მართლებას ემსგავსება. რაც წერილშია აღწერილი ამაზე მუშაობა სულ უნდა მიმდინარეობდეს და ამ კონტექსტში საწინააღმდეგო შედეგების მომტანია მეგობარი ქვეყნების ხელისუფლებების კრიტიკაც, რომელთა გადაწყვეტილებაც მათ შორის განსაზღვრას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალს.
 

ვისურვებდი რომ წერილში მოცემული პრობლემების ირგვლივ ერთობლივად მუშაობდეს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება.
 

ვინაიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკა და გნებავთ უსაფრთხოების საკითხები ზოგადად, ის თემებია სადაც ეროვნული კონსენსუსი უნდა არსებობდეს ქვეყნის შიგნით. ზოგადად გლობალური ცვლილებების დრო მოდის და ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავინდებურად წარსულით განაგრძობს ცხოვრებას.
 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: