თედო ჯაფარიძის საუბარი პროფესორ ნილ მაკფარლეინთან ¹
თ.ჯ.: მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდი. ერთმანეთი შორეულ 90-იანებში გავიცანით. მახსოვს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრს ვსაუბრობდით ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, განსაკუთრებით საქართველოს, მომავალზე. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს სივრცე ბევრისათვის ჯერაც “ნაცნობი უცნობია”.
კოვიდპანდემიამ და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური მასშტაბით უმძიმესი შედეგები მოიტანა. ყარაბაღის მეორე ომმა კი ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შეცვალა სტრატეგიული ლანდშაფტი.
ჩვენი საერთო მეგობრის ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, პროფესორ პოლ სტივენის ბოლო წიგნში ამ ფრაზას გადავაწყდი: “ბნელ დროში ვცხოვრობთ ... მსოფლიოში - მდიდრებთან და ღარიბებთანაც - ავტორიტარული ნაციონალიზმი ბრუნდება. მშვიდობა და კეთილდღეობა ქრება. ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ბევრი აპოლოგეტი, 80-იან წლებში მარქსისტების მსგავსად, ფიქრობს, რომ ისტორიამ ზურგი აქცია”. ნაციონალისტური და ავტორიტარული ძალები არა მარტო ევროპასა და აშშ-ში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც განიცდიან აღმავლობას. როგორ ფიქრობ, რომელი იდეოლოგია გაიმარჯვებს ჩვენს რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში? ეს კითხვა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამიჩინა. დეკოლონიზაციის დისკურსში რუსეთიც ხომ არ უნდა მოვიაზროთ? უკრაინა რუსეთისათვის იგივეა, რაც სუეცის არხი იყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისათვის? რომელი ისტორიული მაგალითი შეესაბამება უკრაინას? საით მივექანებით? როგორ უნდა გადარჩეს ასეთ რთულ დროში საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა და, თანაც, თავისი ადგილი იპოვოს მსოფლიოს ახალ სტრატეგიულ მოწყობაში?
ნ.მ.: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა ძველ მეგობრებთან საუბარი.
პოლ სტივენთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ “ახალი აპოკალიფსის” მისეულ ხედვას არ ვეთანხმები, რადგან პოსტსაბჭოური სივრცის გარდა, პოსტკოლონიური სახელმწიფოების მშენებლობის საკითხებზეც მიმუშავია.
საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან 15 ახალი სახელმწიფოს შექმნა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საბჭოთა ეკონომიკის ჩამოშლამ განაპირობა. ამას დაემატა ის სირთულეები, რაც თან ახლდა ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დანერგვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სამხრეთ კავკასიაში, რადგან ამ ყველაფერს უმრავლესობა-უმცირესობის კონფლიქტებიც დაერთო თან.
ამას “ახალ რუსეთამდე” (არის კი ახალი?) მივყავართ. რუსეთის წყალობით, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები პოსტსაბჭოური ეპოქის პირველივე წლებში გამწვავდა.
ისტორიის მანძილზე რუსეთს მრავალგზის უნახავს მარცხიც, დაპყრობაც, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაც. თუმცა, რუსები ძალების აღდგენას სწრაფად ახერხებდნენ. ამის მაგალითია 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღება. სამიოდე წლის შემდეგ, რუსი კაზაკები უკვე პარიზის ბისტროებში ღრეობდნენ. შედარებით ახალი მაგალითია 1940 წელი, როცა გერმანიის არმია მოსკოვს მიუახლოვდა. ხუთი წლის შემდეგ, საბჭოთა დროშა უკვე ბერლინში, დანგრეული რაიხსტაგის თავზე ფრიალებდა. ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ რუსეთის მარცხს მისი გაძლიერების პერიოდები მოსდევს.
ახლა, მე-19 საუკუნის ლოგიკის მოშველიებით, რუსეთი ცდილობს, იმპერიული სამხედრო ავანტიურა სრულიად ახალ მსოფლიოში გაიმეოროს. ეს მარქსის ცნობილ გამონათქვამს გვახსენებს, რომ ისტორია ფარსის სახით მეორდება.
რაც შეეხება სამეცნიერო შეკითხვებს:
ა) დიახ, ნაციონალისტური და ავტორიტარული ძალები ძალას იკრებენ. არასოდეს ვეთანხმებოდი ფრენსის ფუკუიამას, რომელმაც 1989 წელს “იდეოლოგიის დასასრული” და დემოკრატიული ლიბერალიზმის ტრიუმფი გამოაცხადა. მსოფლიო საოცრად მრავალფეროვანია, რადგან ადამიანები და მათ მიერ შექმნილი სისტემები საოცრად მრავალფეროვანია.
წარსულში ბევრი ასეთი გამარჯვება გამოუცხადებიათ, ევროპული იმპერიალიზმის ჩათვლით. პოსტსაბჭოური სივრცის შემთხვევაში, დემოკრატიული ლიბერალიზმის გამარჯვების ლოგიკური შედეგია ის, რომ დამარცხებული ძალები ახლა საპასუხო შეტევაზე გადმოვიდნენ. აშშ, რომელიც რეფორმისტული დღის წესრიგის მთავარ ფლაგმანად გვევლინებოდა და რომელმაც დიდძალი რესურსი დახარჯა ერაყისა და ავღანეთის წარუმატებელ დემოკრატიზაციაში, პრობლემებს წააწყდა და დაღმასვლა დაიწყო. მას მაშინვე დაუპირისპირდნენ სხვა ძალები. ამ ძალებში მოიაზრება მზარდი ჩინეთი და ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთი. რუსეთი (უფრო სწორად, პუტინი და მისი ახლო წრე) რუსეთის იმპერიის აღდგენას ცდილობს.
ბ) რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ კოლონიალიზმისა და დეკოლონიზაციის დისკურსის პრიზმაში უნდა განვიხილოთ?
რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ, მე-16 საუკუნიდან, ივანე მრისხანის პერიოდიდან მოყოლებული, იმპერიალიზმისა (ძალისა და ეკონომიკური ძალაუფლების გამოყენება სხვა ხალხების დასამორჩილებლად) და კოლონიალიზმის (ხალხის მართვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ, მათი რესურსების მითვისებისა და კოლონიური ძალის პოზიციების გამყარების მიზნით, მოწინააღმდეგე იმპერიებთან ტერიტორიულ დავაში) სტანდარტულ გაგებას ემყარება.
მე-18-19 საუკუნეებში რუსული იმპერიალიზმი, სპარსეთისა და ოტომანთა იმპერიებთან სისტემურ კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ კავკასიაშიც გავრცელდა. ადგილობრივი ხალხები და კონკურენტი იმპერიული ძალები მას, რასაკვირველია, წინააღმდეგობას უწევდნენ. რუსეთმა (მისი საბჭოთა ვერსიის ჩათვლით) უპირატესობა მოიპოვა და კავკასიის რეგიონზე სრულად გაბატონდა. რუსეთის ოკუპაცია, ბოლშევიკური კონტრრევოლუციისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მცირე პერიოდის გამოკლებით, 1990 წლამდე გაგრძელდა.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რუსეთმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა. ახლა, ძალების აღდგენის შემდეგ, მოსკოვი კვლავ ბატონობის აღდგენას ცდილობს. დიახ, რუსეთის ქმედება სწორედ კოლონიური და იმპერიალისტურია. ფორმა, შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ არსი იგივეა. მაგალითად, რუსეთის ამჟამინდელი ომი უკრაინაში შეიძლება შევადაროთ საფრანგეთის წინააღმდეგობას დეკოლონიზაციური პროცესების მიმართ ალჟირის ომის დროს, 1950-იან წლებში.
გ) საით მივექანებით?
მომავლის განჭვრეტა რთულია. თუმცა, ის სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: იმ ხალხების სიმტკიცე და ერთიანობა, ვინც რუსული რევანშისტული თავდასხმის ობიექტია; რამდენად შეძლებს პუტინი რუსეთის რესურსების მობილიზებას, რათა იმპერიალისტური ოცნებები აიხდინოს; რამდენად შეძლებს დასავლეთი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, რომელიც მე-19 საუკუნის იმპერიული საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკის თავსმოხვევასა და საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულვებელყოფას ცდილობს. ანუ, რამდენად შეძლებს დაიცვას სუვერენული სახელმწიფოებისა და ხალხების პოსტიმპერიული წესრიგი.
დ) როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ ამ გამოწვევებს და თავი დაიმკვიდროს საერთაშორისო პოლიტიკის ახალ სისტემაში?
ეს ძალიან რთული კითხვაა. პირველ რიგში, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის რისკები. საქართველოს რუსეთთან გრძელი საზღვარი აქვს. რუსეთი, მისი ტერიტორიული, დემოგრაფიული სიდიდითა და სამხედრო შესაძლებლობებით, საქართველოს გაცილებით აღემატება. რუსეთი ასევე ეწინააღმდეგება “დეკოლონიზაციას”.1989 წლიდან მოყოლებული, ის გამუდმებით ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში. რუსეთი მტრულად არის განწყობილი საქართველოს ეროვნული თვითგამორკვევის იდეისა და მისი ხალხის სურვილის მიმართ, იყოს დასავლეთის ნაწილი.
2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, საქართველოს არავინ დახმარებია. არ არსებობს გარანტია, რომ მომავალში დასავლეთი საქართველოს რუსეთის აგრესიისაგან დაიცავს. საქართველოს შეიარაღებული ძალები არასათანადოდ არის აღჭურვილი და რუსეთის მორიგ შემოჭრას ვერ გაუმკლავდება. შესაბამისად, საქართველომ მოქნილი საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს გაატარებს და, იმავდროულად, მინიმუმამდე დაიყვანს რუსული აგრესიის პროვოცირების რისკებს. ეს რთული და ხანგრძლივი გზაა.
თ.ჯ.: ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემაზე საუბარი ნაადრევია, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. თუმცა, აშშ-სა და ევროპაში უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა. როგორც მკვლევარი, რომელსაც ბევრი აქვს დაწერილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, როგორი წარმოგიდგენიათ გლობალური და რეგიონული ძალების ურთიერთქმედება ჩვენს რეგიონსა და, კონკრეტულად, საქართველოში?
ნ.მ.: მოდით, განვიხილოთ საქართველოს ადგილი საერთაშორისო სისტემაში. ევროპა და აშშ მხოლოდ ერთი ნაწილია იმ სტრუქტურისა, რომელთან შეხებაც საქართველოს უწევს. საქართველო ოთხდონიან სისტემაში მდებარეობს. პირველი დონეზე მოიაზრება მისი სამხრეთკავკასიელი მეზობლები; მეორეზე - სამი რეგიონული ძალა (რუსეთი, თურქეთი, ირანი). მესამე დონე ევროპის რეგიონს მოიცავს; მეოთხე კი - ფართო, გლობალურ სისტემას. ეს ოთხი დონე ურთიერთდამოკიდებულია. ერთ-ერთ მათგანში მომხდარი ცვლილებები, დანარჩენ დონეებზეც აისახება. საქართველოს უსაფრთხოებაზე პირდაპირი თუ ირიბი გავლენა აქვს ყველაფერს, რაც ამ ოთხ დონეზე ხდება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ წარმატებით მოახერხა ურთიერთობების აწყობა პირველ დონეზე - სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ეს ორი ქვეყანა, მთიანი ყარაბაღის გამო, 1988 წლიდან ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაშია. საქართველოს ამოცანა იმ უბრალო გეოგრაფიულმა ფაქტმაც გაამარტივა, რომ ზღვაზე გასასვლელისა და მსოფლიო ბაზრებზე წვდომის მხრივ, ეს ორივე ქვეყანა საქართველოზეა დამოკიდებული. ძალთა ბალანსი თანდათან შეიცვალა. ენერგორესურსების წყალობით, აზერბაიჯანის ეკონომიკა და სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა, რისი დემონსტრირებაც იყო 2020 წელს ყარაბაღის ომის განახლება და მასში აზერბაიჯანის არასრული გამარჯვება.
აზერბაიჯანის მზარდ ძალას საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს.
მეორე დონე - სამხრეთ კავკასიას სამი გაცილებით დიდი და ძლიერი სახელმწიფო ესაზღვრება. რეგიონზე გავლენისათვის ისინი საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს, რაც საქართველოსა და მის სამხრეთკავკასიელ მეზობლებს ძვირად უჯდებოდათ. ამ ძალებისათვის მათ შორის მოქცეულ სივრცეზე კონკურენცია კვლავაც გეოპოლიტიკური სტიმულია. პოტენციურ კონფლიქტს არბილებს შედარებით კარგი ურთიერთობები სამ მეზობელს შორის, რომელთა ძირითადი ყურადღება ახლა სხვა რეგიონებზეა მიპყრობილი. საქართველომ კარგად გაართვა თავი უშუალო და ახლო მეზობლებთან ურთიერთობებს. მათ შორის მოვიაზრებდი რუსეთსაც, იმის მიუხედავად, რომ 2008 წლიდან საქართველოს მასთან სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა, ეს მცირე პერიოდი გვიჩვენებს, რამდენად სარისკოა, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, დასავლეთისაკენ გადახრა და იმგვარი რიტორიკა, რომელიც რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.
რაც შეეხება მესამე დონეს (ევროპული უსაფრთხოების სისტემა), ატლანტიკის ორივე მხარეს უკვე მსჯელობენ, რა გავლენა ექნება უკრაინის ომს რეგიონის უსაფრთხოების სტრუქტურებზე. ჩემი აზრით, ახალი სისტემა ცივი ომისა და ძველი ევროპული და საერთაშორისო წესრიგის მსგავსი იქნება, რომლებიც დიდ ძალებს შორის კონკურენციით ხასიათდებოდა. ცივი ომის პერიოდის ევროპული წესრიგი გულისხმობდა ძალის გამოყენებას ტერიტორიის მისაღებად ან შესანარჩუნებლად (რუსეთის შემთხვევაში) და შეკავებისა და თავდაცვითი და საპასუხო შესაძლებლობების განვითარებას (ნატო-ს შემთხვევაში). ბოლო ოცდაათი წელი ნატო-მ ცივი ომის შემდგომი მისიის ძიებას შეალია. ახლა მას ახალი მისია აქვს, რომელიც, იმავდროულად, ძველიცაა.
ეს ცვლილება ესპანსიონისტურ რუსეთს უპირისპირებს დასავლეთს, რომელიც მის შეკავებას ცდილობს. ეს სასურველი სურათი არ არის, თუმცა, ალბათ, რეალურია. გაცილებით მომწონდა “ერთიანი, მთლიანი და თავისუფალი ევროპის” ცივი ომისშემდგომი ხედვა. სამწუხაროდ, ის რეალობას არ ასახავდა. “რეალობაში” იგულისხმება ის, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ახალი მეზობლების (მათ შორის, რუსეთის) ინტეგრირებაზე ყოყმანობდა.
უკრაინის ომმა დასავლეთის პოზიცია შეცვალა. ნატო და ევროკავშირი ახლა აქტიურად განიხილავენ არა იმას, “მიიღონ თუ არა”, არამედ “როდის მიიღონ” საკუთარ ინსტიტუტებში რუსეთის ახლო მეზობლები და მათზე (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) უსაფრთხოების გარანტიები გაავრცელონ, როცა შესაბამისი პირობები იქნება. ეს პირობები თითოეულისთვის განსხვავებულია.
მეოთხე დონეზე (გლობალური გეოპოლიტიკა) რამდენიმე ტენდენცია შეინიშნება. აშშ-ში დიდი ხანია კამათობდნენ, ღირდა თუ არა ნატო-ს მიმართ ვალდებულებების შენარჩუნება იმ ფონზე, როცა იზრდება ჩინეთიდან და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან მომდინარე გამოწვევები. თუმცა, უკრაინის ომის გამო, აშშ ხელახლა იქნა ჩათრეული ევროპის უსაფრთხოებაში. ეს “ნათლიმამას” ციტატას მახსენებს: “რაც მეტად ვცდილობ გამოვიდე, უფრო მეტად მითრევენ”. ახლა აშშ-ის სენატში არსებობს რეზოლუციის პროექტი, რომელიც პენტაგონსა და სხვა სტრუქტურებს შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებას დაავალდებულებს. შესაბამისად, რეგიონში აშშ-ის მეტ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩართულობას შეიძლება ველოდოთ.
ჩინეთთან დაკავშირებით, სამი საკითხია მნიშვნელოვანი:
პირველი, ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მისი “გზისა და სარტყლის” ინიციატივიდან მომდინარეობს. თუმცა, შიდა ეკონომიკური გამოწვევებისა და სტრატეგიის მიმართ გულაცრუების გამო, ამ მიმართულებით ჩინეთი შედარებით ნაკლებად აქტიურობს.
მეორე, რუსეთი ჩინეთს დაუახლოვდა, რაც, ნაწილობრივ, უკრაინის ომისა და რუსეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის შედეგია. ჩინეთი აშკარად სარგებლობს რუსეთის სისუსტით და მის დაქვემდებარებას ცდილობს. ამასთან, მათ საერთო მიზანი აქვთ - დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩინეთი არ შეეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, დომინანტური როლი შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე. რუსეთის მიერ იმპერიის აღდგენის წარუმატებელი მცდელობისაგან, ჩინეთი აშკარა სარგებელს იღებს.
ძნელია იმის თქმა, რა მოხდება შავი ზღვის რეგიონში. თუმცა, აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტორი: შავი ზღვის ორი ქვეყანა (უკრაინა და რუსეთი) ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის. შავი ზღვის მომავალი ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული; უკრაინა ახალ მძლავრ რეგიონულ სამხედრო ძალად ყალიბდება. ომის დასრულების შემდეგ, ეს რეგიონის სტრუქტურას შეცვლის; ნატო და ევროკავშირი წლების მანძილზე შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავებისაგან თავს იკავებდნენ. ახლა სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობენ. ინსტიტუციურად, ახალი სტრატეგია გამორიცხავს ორ ორგანიზაციას - BSEC-სა (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა) და ეუთო-ს, რომლებიც ამჟამად რეგიონში საქმიანობენ. ბოლოს, მომავალი თურქეთის ნატოელ მოკავშირეებთან ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული, რადგან თურქეთი შავი ზღვის შესასვლელებს აკონტროლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი სტრუქტურულად არის დაინტერესებული საქართველოს დამოუკიდებლობით. საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის ერთგვარ ბუფერს ქმნის.
თ.ჯ.: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ უკრაინისაგან? 1993 წელს საქართველომ და უკრაინამ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სტრატეგიულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რუსეთთან ომის დროს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უკრაინელი მოხალისეები ქართველი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდნენ. ქართველი მოხალისეები ასევე იბრძვიან უკრაინის არმიის რიგებში. ორ ერს შორის ისტორიულად ყოველთვის ძმური და მეგობრული კავშირები არსებობდა, რაც სამთავრობო დონეზე გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, დღესაც გრძელდება. რა შეიძლება ერთმანეთისაგან ისწავლონ საქართველომ და უკრაინამ, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც?
ნ.მ.: უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არსებული სამწუხარო დაძაბულობის გათვალისწინებით, ერთმანეთისაგან სწავლა გართულდება. გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რისი სწავლა სურს თქვენს მთავრობას უკრაინის გამოცდილებიდან და - პირიქით. შეიძლება თუ არა უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობის შედარება? უკრაინა დიდი ქვეყანაა, საქართველო - პატარა. უკრაინას სტრატეგიული სიღრმე აქვს, საქართველოს - არა. საქართველოს ვერც მოსახლეობის ზომით შევადარებთ უკრაინას, ვერც ეკონომიკური წონითა თუ განვითარების პერსპექტივით.
თუმცა, ზოგადად, საქართველოს შეუძლია უკრაინისაგან რამდენიმე რამ ისწავლოს: ის, რომ მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობები ნატო-სა და ევროკავშირთან, რადგან ისინი, რუსეთის ზეწოლის პირისპირ, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობას სთავაზობენ; საჭიროა აქტიური და ეფექტური კომუნიკაცია უფრო ფართო საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიპლომატიური კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის მეშვეობით; მეტი ინვესტირება თავდაცვის საშუალებებში, რადგან რუსეთმა უჩვენა, რომ მეზობლების განადგურება სურს. საქართველო რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის მოგერიებას მარტო ვერ შეძლებს, თუმცა რაც უფრო რთული სამიზნე იქნება რუსეთის სამხედრო ოპერაციისათვის და ძვირად დაუსვამს აგრესიას, მით ნაკლებია შანსი, რომ რუსებმა საქართველოზე თავდასხმა გაბედონ. ასევე, რაც უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს საქართველო საკუთარი თავის დასაცავად, მით მეტია შანსი, დასავლეთი დაეხმაროს.
თ.ჯ.: სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან ყველაზე დაახლოებული რეგიონული ძალა თურქეთია. შეიძლება თუ არა ანკარის რუსეთთან ურთიერთობა ერთგვარი მოდელი იყოს ჩვენთვის? როგორ შეაფასებდი თურქეთის როლსა და მისიას რეგიონში? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში, თურქეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში, თუმცა 1990-იანი წლების შუა ხანებში ვითარება შეიცვალა. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, თურქეთის ფაქტორი კვლავ გამოიკვეთა. საუკუნეების მანძილზე პირველად, თურქი სამხედროები ყარაბაღის ტერიტორიაზე სტრატეგიულ პუნქტებსა და სავაჭრო დერეფნებს აკონტროლებენ. როგორი იქნება თურქეთის სტრატეგიული ფუნქცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როცა ანკარა უკრაინის კონფლიქტსა და მარცვლეულის საკითხზე მედიატორობას ცდილობს? არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტმა ერდოღანმა “დიადი თურქეთის” აღდგენის პირობა დადო. რას ნიშნავს ეს საქართველოსათვის?
ნ.მ.: თურქეთის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში საქართველოსათვის მაგალითად ვერ გამოდგება. თურქეთს განსხვავებული წონა აქვს რეგიონულ სისტემაში და შესწევს უნარი, ისეთი რამ გააკეთოს, რაც საქართველოსთვის შეუძლებელია.
მეორე, როგორც ვიცით, ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო მიუხედავად მოლოდინისა, რომ სირთულეებს წააწყდებოდა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების, ინფლაციის, ლირის გაუფასურებისა და მთავრობის უნიათო რეაქციის გამო ქვეყნის სამხრეთში მომხდარ მიწისძვრაზე.
არჩევნების შედეგები, ბევრი დამკვირვებლის აღიარებით, ნაწილობრივ, სამთავრობო რესურსების გამოყენების, ოპოზიციის ლიდერებზე ზეწოლისა და სამთავრობო მედიის სუბიექტურობის დამსახურება იყო. ამასთან, ისიც ცხადი გახდა, რომ ერდოღანს კვლავ ჰყავს მხარდამჭერები ანატოლიაში და რელიგიურ მუსლიმებს შორის. მისი “აივნის სიტყვა” ერთიანობისკენ სტანდარტული მოწოდება და დაპირება იყო, რომ თურქეთი დამოუკიდებელ და მზარდ რეგიონულ და გლობალურ ძალად ჩამოყალიბდება. მან ასევე ხაზი გაუსვა ოპოზიციის ორპირობას და სამაგიეროს გადახდით დაიმუქრა. ამას შერიგებისა და გაერთიანებისაკენ მოწოდებას ვერ დავარქმევთ. ეს უფრო “ვინც ჩვენთან არ არის - ჩვენი მტერიას” ჰგავს, რასაც დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო.
ცხადია, ძლიერი და სტაბილური თურქეთის არსებობა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, თურქეთი ძლიერი და სტაბილური ძალაა. ის, ასევე, საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. თურქეთს გარკვეული ხარვეზები აქვს დემოკრატიული მართვის თვალსაზრისით (მაგალითად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედია და საარჩევნო კომისია), თუმცა ის სტაბილურია, რაც, პრინციპში, კარგია. ეშმაკი დეტალებშია. სტაბილური რისთვის და რის ხარჯზე?
“თურქეთის დიდების დაბრუნების” დაპირება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარმოუდგენია ეს თავად პრეზიდენტს. ეს შეიძლება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისათვის წინააღმდეგობას გაწევას გულისხმობდეს; შეიძლება, ასევე, რეგიონში გავლენის გაზრდის მცდელობასაც ნიშნავდეს. ვეთანხმები შენს კომენტარს 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობაზე გაზრდაზე. “ოტომანური სილის” ხსენება ოდნავ შემაშფოთებელია თუ გავითვალისწინებთ, რა ისტორიული როლი ჰქონდა ოტომანთა იმპერიას საქართველოში.
საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. სამხრეთ კავკასიის გარდა, თურქეთს ბევრი სხვა თავსატეხიც აქვს (სირია, ირანი, რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნება უკრაინის ომის პირობებში, ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება). სამხრეთი კავკასია, ამ თავისტკივილებთან შედარებით, მეორეხარისხოვანია. თურქეთის საქართველოსთან ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე მეგობრული და კონსტრუქციული იყო. ამ მიმართულებით არსებით ცვლილებას ვერ ვხედავ. საქართველოს დიპლომატიური იმპერატივი ამ ურთიერთობების პოზიტიურობის შენარჩუნებაა.
თ.ჯ.: მოდი, საქართველოს მეორე ისტორიულ მეზობელზე - ირანზე ვისაუბროთ, რომელსაც ხანგრძლივი ინსტიტუციური და კოლექტიური მეხსიერება აქვს და რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერის ფონზე. სად უნდა მოიაზრებოდეს ირანი ჩვენს სტრატეგიულ გათვლებში?
ნ.მ.: ირანზე უკვე წლებია ვსაუბრობთ. წლების მანძილზე ვამტკიცებდი, რომ ირანი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ სტრატეგიულ გამოწვევას არ წარმოადგენს, რადგან, სულ მცირე, თქვენს შორის აზერბაიჯანი მდებარეობს. ახლანდელ ვითარებაში, ამ არგუმენტმა სხვა მიზეზები შეიძინა. ირანი მწვავედ განიცდის სანქციების შედეგებს, რასაც მძიმე გავლენა აქვს მის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ირანის ხელისუფლებას ახალი შიდა არეულობის პრობლემა ექნება. მას დიდი დიპლომატიური და უსაფრთხოების გამოწვევები აქვს სპარსეთის ყურესა და ერაყშიც, ასევე დასავლეთთან ურთიერთობებში. მისი ძირითადი ყურადღება ახლო აღმოსავლეთსა და აშშ-ზეა კონცენტრირებული.
იგივე შეიძლება ითქვას ირანის მზარდ ურთიერთობებზე რუსეთთან. ირანს, მართლაც, ხანგრძლივი ისტორიული მეხსიერება აქვს, რომელიც ორ ქვეყანას შორის აგრესიისა და ომის რამდენიმე ეპიზოდსაც მოიცავს. გარდა ამისა, რუსები მათთვის “კაფირები” (kāfir - ურწმუნოები) არიან. ირანის რუსეთთან ურთიერთობა პრაგმატული გათვლის ნაწილია: სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაში რუსების დახმარების მიღება, იარაღის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები. ეს საკითხები საქართველოს არ უკავშირდება.
ირანს საქართველოსთან ინტერესთა უშუალო კონფლიქტი არ აქვს. 1991 წლიდან მოყოლებული, მას საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, დაინტერესებული უნდა იყოთ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ვითარების შენარჩუნებით.
თ.ჯ.: რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე ხარ და უამრავს წერდი და წერ ამ საკითხებზე, ასევე მრავალი ორგანიზაციის (ევროკავშირი, ნატო) მრჩევლად გიმუშავია. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ დიდი მეზობლის პირისპირ, რომლის წარმომადგენლებიც - ისინიც კი, ვისაც დასავლეთი თავგადაკლულ “დემოკრატებად” და “ლიბერალებად” მიიჩნევს - იმპერიული ამბიციებითა და რუკებით ხელმძღვანელობენ. ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობებში ერთგვარი კონსტრუქციულობის გაჩენამ, შეიძლება საქართველოს გაუჩინოს იმედი, რომ ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა მოგვარდება? ცოტა ხნის წინ, თომას გრემმა მოგვიწოდა, აგრესიის მიუხედავად, რუსეთთან თანაარსებობის გზები ვეძიოთ. როგორ უნდა ვიმოქმედოთ რუსეთთან მიმართებით პრაგმატულად და რეალისტურად ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები არ დავთმოთ?
ნ.მ.: ამაზე მოკლედ გიპასუხებ. რადგან თომას გრემი ახსენე, მეორე “კისინჯერელს”, უინსტონ ჩერჩილს, დავესესხები: “რუსეთი - გამოცანის შიგნით, იდუმალებაში გახვეული თავსატეხია”. აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ვაღიარებ, რომ რუსეთის ქცევის გაგება და წინასწარმეტყველება დიდი გამოწვევაა. გარკვეულწილად, ვეთანხმები გრემის “კისინჯერიანულ” მოსაზრებას. საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი მეზობლებით არის გარშემორტყმული, ისეთ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სამყაროშია მოქცეული, რომელზეც თუკიდიდე ამბობდა: “აქ ძლიერები იმას აკეთებენ, რაც სურთ და სუსტებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ვერ შეეწინააღმდეგებიან”. საქართველო ვერც რუსეთს დაამარცხებს და ვერც კალიფორნიაში გადაბარგდება. რუსეთი იმპერიული ძალაა და წერტილი! ამ რეალისტურ ხედვაში მთავარი ისაა, რომ მცირე სახელმწიფოებს შეუძლიათ, სხვა უფრო ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული უთანასწორობა დააბალანსონ. სამწუხაროდ, ძლიერი დამაბალანსებლების არჩევანი დიდი არ არის. ამიტომ, უნდა სცადოთ თანაარსებობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ სხვა ალტერნატივებზე, როგორიც “კოლექტიურ დასავლეთთან” დაახლოებაა. რუსეთთან თანაარსებობა ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოების პარალელურად უნდა ხდებოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს გპირდებათ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ამ პრობლემის მოგვარების ერთი გზა არსებობს. რასაკვირველია, ხუმრობით: დაბრუნდით დსთ-ში, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და უარი თქვით ნატო-სთან, ევროკავშირთან და დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე, როგორიც დიდი ბრიტანეთია, საქართველო კი ავტორიტარულ ოლიგარქიად აქციეთ. მოკლედ, გახდით კვლავ რუსეთის კოლონიური სამფლობელო. ვფიქრობ, ეს ქართველი ხალხისათვის მიუღებელია; თქვენ ასევე დაკარგავთ დასავლეთის მხრიდან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.
ჩემი აზრით, მოგიწევთ რუსეთის მიერ ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებში ცხოვრება, სანამ რუსეთი შეიცვლება ისევე, როგორც უკრაინას მოუწევს ომის გაგრძელება.
დიდი ხნის წინ მითხარი, რომ საქართველოს გადარჩენა რუსეთის დემოკრატიზაციაზე იქნება დამოკიდებული. ეს სიმართლეა. საქართველოს მომავალი კონკრეტულად პუტინის წასვლასა და, უფრო ზოგადად, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიცვლის რუსეთი კოლონიურ შეხედულებებს, მეზობლებს სუვერენული სახელმწიფოებივით მოექცევა და მათთან ორმხრივი სარგებლის პრინციპით ითანამშრომლებს. მხოლოდ პუტინის გაუჩინარება საკმარისი არ იქნება, რადგან მისი გარემოცვა რუსეთის სამეზობლოზე იმავე შეხედულებებს იზიარებს. შესაბამისად, მხოლოდ რუსეთის სრული დამარცხება უკრაინაში - რაც შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო - საკმარისი არ არის. საჭიროა რუსეთის პოლიტიკური კულტურის არსებითი ცვლილება. ამას კი დრო სჭირდება, თუკი ეს საერთოდ მოხდება.
თ.ჯ.: სამხრეთ კავკასიას დავუბრუნდეთ. ყარაბაღის მეორე ომმა რეგიონში სტრატეგიული ლანდშაფტი და ძალთა ბალანსი შეცვალა, ასევე გააჩინა ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების პერსპექტივა. თუმცა, სამხრეთ კავკასიას რეგიონად არავინ აღიქვამს. სამ სახელმწიფოსა და მათ სტრატეგიულ მიზნებზე ცალ-ცალკე საუბრობენ. ძალიან მომწონს ლორენს ბროერსის მოსაზრება დაკავშირებულობაზე. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ წვდომასა და ტრანზიტს, არამედ საზოგადოებებს შორის სხვადასხვა დონეზე კავშირებსაც მოიცავს. სამხრეთ კავკასიაში ეს კავშირები მხოლოდ დიდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება და არა - არასახელმწიფო აქტორებს. ყარაბაღის ომის შემდეგ, ხომ არ დადგა დრო, დაკავშირებულობის გაზრდაზე ვისაუბროთ?
ნ.მ.: გეთანხმები, რომ პოლიტიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები სამხრეთ კავკასიას ერთიან რეგიონად არ განიხილავენ. ამის მიზეზია ის, რომ რეგიონის ცნება გეოგრაფიულ ერთგვაროვნებას გულისხმობს, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, ასევე, საერთო ისტორიული გამოცდილება, კულტურული ატრიბუტები, ურთიერთდამოკიდებულება და დაკავშირებულობა. სამხრეთი კავკასია ბოლო ორ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით საერთო კულტურულ ატრიბუტებსა და დაკავშირებულობას.
სამხრეთ კავკასიაში მეზობლებს შორის ნაკლები კავშირები მეც მაკვირვებს. თუ რეგიონის ქვეყნები ერთად არ იდგებიან, ცალ-ცალკე დამარცხდებიან.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგება ახლო მომავალში ვერ მოხდება. ამგვარად, სამმხრივი დაკავშირებულობა გამორიცხულია. თუმცა, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.
“დაკავშირებულობა” არა მხოლოდ ელიტის, არამედ სოციალურ დონეზეც უნდა გაიზარდოს. ის არა მხოლოდ მჭიდრო, არამედ ღრმა და მდგრადიც უნდა იყოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, სურს თუ არა ამ სამ სახელმწიფოსა და საზოგადოებას უფრო მჭიდრო კავშირები. ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
თ.ჯ.: საქართველომ საგარეო პოლიტიკის ვექტორი დიდი ხნის წინ განსაზღვრა. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის განმტკიცებული. საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის წყალობით, ეს მიზნები უფრო ხელშესახები გახდა. თუმცა, ქართველი ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება ბუნდოვან სიგნალებს აგზავნის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული. როგორ წარმოგიდგენია საქართველოს მომავალი ევროპის ახალ უსაფრთხოების სისტემაში უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ?
ნ.მ.: არ მესმის, როგორ ზრდის უკრაინაში ომი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შანსებს. ქართულ-უკრაინული ურთიერთობები რომ უკეთესი იყოს, ალბათ, ეს სიმართლე იქნებოდა. თუმცა, ამჟამად მათ კარგი ნამდვილად არ ეთქმის. გარდა ამისა, აშკარაა, რომ ნატო არ არის მზად ალიანსში უკრაინის ან საქართველოს წევრობისთვის. რაც შეეხება ევროკავშირს, ის უარს ვერ ეტყვის საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, თუკი 12 რეკომენდაცია შესრულდება. მათი შესრულება უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება კანდიდატობას, ეს ნიშნავს, რომ შესასრულებელი მოთხოვნების ახალ ნუსხას მიიღებთ. თუ არ ვცდები, საშუალო დრო კანდიდატის სტატუსის მიღებასა და წევრობას შორის ათ წელზე მეტია. წევრობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ევროკავშირისა და ნატო-ს სურვილზე, არამედ - საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პირობების შესრულებაზეც. ეს ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მტკივნეული ცვლილებების გატარებასაც გულისხმობს.
თ.ჯ.: დავუბრუნდეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ფონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა იზრდება. რუსი მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია საქართველოში ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევად იქცა. საქართველო ეკონომიკურად სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე. ბევრი ქართველი და დასავლელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრესიულად ცდილობს, საქართველო სანქციებისათვის თავის არიდების რუხ ზონად აქციოს, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე კრემლის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმაც დაადასტურა. ბევრი აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში და რუსეთიდან მომდინარე უსაფრთხოების რისკების მართვას ვერ ახერხებს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საქართველო შეშინებულ მსხვერპლს ჰგავს, რომელიც პასიურად ელის და, შესაბამისად, იწვევს აგრესორს - შემდგომი ნაბიჯები გადადგას და საქართველო გავლენის სფეროში დაიბრუნოს ჰიბრიდული ომით, პროპაგანდითა და რბილი ძალის მეშვეობით. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა უკრაინის ომის შემდეგ ახალი “რკინის ფარდის” არასწორ მხარეს არ აღმოჩნდეს?
ნ.მ.: გეთანხმები, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებაში ჩამოყალიბებული სტრატეგია არ აქვს. დავამატებდი, რომ სერიოზული სტრატეგია არც დასავლეთთან მიმართებაში გაქვთ. გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსს რომ დავესესხო: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი” - საკმარისი არ არის. ლამაზი ფრაზები კონკრეტულ სტრატეგიულ ქმედებებს ვერ ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება სანქციებს: რუსეთი ცდილობს, არასანქცირებული მეზობლები სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს და საქართველო, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. ამ სიაში სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთიც იყო ნახსენები. სანქციები უნივერსალური არ არის. ისინი, ძირითადად, ევროკავშირმა და აშშ-მა დააწესეს და ისინი საქართველოზე და საერთაშორისო სისტემის სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება თუ მათ არ მიუერთდებით. არ არის შეზღუდული რუსეთში იმის გატანა, რასაც საქართველო თავად აწარმოებს.
პრობლემა იმ საქონლის რუსეთში გატარებაა, რომელთა წარმოშობის ქვეყანასაც რუსეთზე სანქციები აქვს დაწესებული. არსებობს რისკი, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა (სხვა ქვეყნებთან ერთად) საქართველო დაასანქცირონ, თუკი ის სანქცირებული საქონლის რუსეთში შეტანის დერეფნად იქცევა.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა უკრაინის ომის შემდეგ წარმოქმნილი ახალი უსაფრთხოების ფარდის არასწორ მხარეს არ აღმოჩნდეს?
საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი გავლით სანქცირებული საქონელი რუსეთში არ მოხვდეს. ეს საბაჟო პროცედურების საკითხია და მისი მოგვარება რთული არ არის. უფრო ზოგადი საკითხია, როგორ უნდა აიცილოს თავიდან საქართველომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება, როცა რუსეთის უკრაინაში აგრესიის პარალელურად, რუსეთთან ახლო ურთიერთობებს ავითარებს. პასუხი სავსებით ნათელია: არ გააღრმაოთ რუსეთთან ურთიერთობები!
ევროკავშირსა და ნატო-ს კარგად ესმით საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მოწყვლადობა და რისკები. ისინი საქართველოსგან რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას არ ითხოვენ. მათ ასევე ესმით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით, რუსეთთან თანაარსებობის რისკები. თუმცა, უკრაინის საკითხზე პრორუსული პოზიციის დაკავება ან რუსეთის დახმარება სანქციებისათვის გვერდის ავლაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის როგორც ახლო მომავალში, ასევე შემდგომაც, საქართველოს ევროპულ გზაზე.
თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპული მომავლის ერთგულია, თავი უნდა აარიდოს ისეთ რიტორიკასა და ქმედებებს, რომლებიც მისი რუსეთთან დაახლოების შთაბეჭდილებას ტოვებს.
თ.ჯ.: ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადება გააკეთეს. ისინი აშშ-სა და ევროპას ირიბად “გლობალური ომის ძალებად” მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ ეს “ძალები” საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ. სამთავრობო მედიამ საჯარო დისკუსია წამოიწყო საქართველოს ნეიტრალიტეტზე, პირდაპირ ესხმის თავს დასავლელ მოკავშირეებს და რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტიდასავლურ განცხადებებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას. გაურკვეველია, რა დგას ამ უცნაური ცვლილების უკან. ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლება, ამ გზით, საკუთარი წარუმატებლობიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. მიზეზების მიუხედავად, ამგვარმა განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება კურსის შემობრუნებასა და დასავლელი მოკავშირეების ნდობის აღდგენას. რა შეიძლება იყოს შეცვლილი რიტორიკისა და, შესაძლოა, პოლიტიკის მიზეზი და რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს?
ნ.მ.: მთავრობის წევრებისა და მმართველი პარტიის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, ეს შეშფოთება ლეგიტიმურია. დავამატებდი, რომ კითხვებს აღძრავს ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ ერთგულებაზეც. დასავლური და ევროპული ორიენტაცია ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ხელისუფლების ამგვარი განცხადებების მიზეზი. თუკი დასავლეთი მართლაც შეუერთდა რუსეთს და “გლობალური ომის პარტიაა” (რასაც არ უნდა გულისხმობდნენ ამ ტერმინით ქართველი ოფიციალური პირები), დასავლეთის მხრიდან უკრაინის დაცვისა და რუსეთის მხრიდან მის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესიის გათანაბრება, სულელური და შეურაცხმყოფელია. ეს ასევე დამაზიანებელია საქართველოს დასავლური მომავლისათვის. სიტყვებს იმახსოვრებენ და მათ შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, როგორც ალტერნატივას - ყველა ქვეყანას აქვს საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება. თუ ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ეს მათი უფლებაა. თუმცა, დღევანდელ ვითარებაში, ეს საქართველოსათვის ცუდი არჩევანი იქნებოდა. ის ქვეყანას დაუცველს დატოვებს რუსეთის პირისპირ და დასავლეთის ეკონომიკურ ჩართულობასა და საქართველოსათვის დახმარებას აზრს დაუკარგავს. რუსეთთან თანაცხოვრებისათვის გაღებული ძალისხმევა გასაგებია. თუმცა, ძალიან შორს წასვლას მტკივნეული შედეგები ექნება. ამის ნათელი მაგალითია ბელარუსი.
თ.ჯ.: ბოლო შეკითხვა: რა სტრატეგიული ინტერესი აქვს აშშ-ს საქართველოს მიმართ? რა არის საქართველოს სტრატეგიული ღირებულება (თუ ამგვარი რამ საერთოდ არსებობს); რატომ იტკიებს თავს აშშ საქართველოს ინსტიტუტებისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე ზრუნვით უკვე 30 წელიწადზე მეტია და არ ტოვებს საქართველოს რუსეთთან პირისპირ? რა არის აშშ-ის მიზანი?
ნ.მ.: აშშ-ს საქართველოს მიმართ დიდი სტრატეგიული ინტერესი არ გააჩნია, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, თუკი აშშ შავი ზღვის სტრატეგიას შეიმუშავებს. მას არც დიდი ეკონომიკური ინტერესი აქვს იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ აზიასთან ვაჭრობის თვალსაზრისით. შეხედეთ აშშ-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების მონაცემებს. ამერიკელები აფასებენ იმას, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ქვეყნების სივრცეში გამონაკლისია. საქართველოს ისინი რეგიონში დემოკრატიისა და რეფორმების შუქურად ხედავდნენ. ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს გულწრფელად უყვარს ქართველი ხალხი. თუმცა, ეს მარადიული არ არის. სიყვარული სტრატეგიულ ურთიერთობებში ორმხრივ სარგებელს ვერ ჩაანაცვლებს. შოტლანდიური ბალადა რომ მოვიშველიოთ: “სიყვარული ძველდება და ცივდება”. თუ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება სურს, რუსეთთან თანაარსებობის პროცესში ძალიან არ უნდა შეტოპოს და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა შეინარჩუნოს.
[1] ნილ მაკფარლეინი სამი ათეული წლის მანძილზე საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს. სადოქტორო ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ასევე ფლობს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდებას, რომელიც უნივერსიტეტში დასავლური სტანდარტების სადოქტორო პროგრამის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა. 30 წელზე მეტია მუშაობს რუსეთსა და მის სამეზობლოზე.