საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონები ქართველი მკვლევარებისა და დაინტერესებული პირების ფოკუსის მნიშველოვან ობიექტს წარმოადგენს. მიუხედავად მეტად ახლო გეორაფიული, ისტორიული, კულტურული, გენეტიკური და სხვა ტიპის სიახლოვისა, ხშირად საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებაც კი, თუ რა ზომა-წონის ერებთან თუ რეპუბლიკებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ჩრდილოეთ კავკასიაზე. უნდა ითქვას, რომ ამ ბუნდოვანებას საკითხით დაინტერესებული პირებისთვისაც კი გააჩნდა ობიექტური ახსნა. კერძოდ, 2010 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში არ ჩატარებულა მოსახლეობის იმგვარი აღწერა, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულ სურათს მოგვცემდა ჩრდილოეთ კავკასიის სუბიექტების მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. პროგნოზი კი მართლაც რთული გასაკეთებელი იყო, რადგან, ზოგადად, მიიჩნევა, რომ ამ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს შორის, თუმცა კონკრეტულად რამდენი - ეს მხოლოდ სპეკულაციის საგანი იყო.
2020-2021 წლებში ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ საინტერესო შედეგები გვაჩვენა. მოკლედ მოგახსენებთ მათ შესახებ, რის შემდეგაც ასევე მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ხარვეზებს, რომლებიც ამ აღწერას შეიძლება გააჩნდეს.
დაღესტანი
მაშ ასე, მოვყვებით აღმოსავლეთიდან დასავლეთით. პირველივე სუბიექტი არის ჩრდილოეთ კავკასიის ყველაზე დიდი რესპუბლიკა - დაღესტანი. დაღესტანი, ზოგადად, ტერიტორიულადაც დიდია და მოსახლეობითაც. ტერიტორიით, დაახლოებით, 50,000 კვადრატული კილომეტრია, რაც თითქმის იმდენია, რამდენიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია (ანუ, ჩვენს 69,700 კვ.კმ.-ს გამოკლებული ოკუპირებული ტერიტორიები). დაღესტნის მოსახლეობა 2010 წლის შემდეგ გაიზარდა 9%-ით და შეადგინა 3,180,000. როგორც ვხედავთ, ამ მონაცემითაც, დაღესტანი საქართველოსთან შედარებადი სუბიექტია და როგორც მოსახლეობით, ისე ტერიტორიით არსებითად აღემატება, მაგალითად, მეზობელ სომხეთს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დაღესტანი საოცრად მულტი-ეთნიკურია. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი მოსახლეობის მხოლოდ 30%-ს შეადგენს. საუბარია ავარებზე, რომელთა რაოდენობა 10 წელიწადში 106,000-ით გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ რუსი მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და დაღესტნის მოსახლეობის მხოლოდ 2.6%-ს შეადგენს. შემდგომში ჩვენ ვნახავთ, რომ რუსი მოსახლეობის შემცირება ტენდენციას წარმოადგენს მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 1980-იანების ბოლოს დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ჩეჩნეთი
ჩეჩნეთის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით რეკორდულად გაიზარდა. ზრდამ ციფრებში 240,000 შეადგინა, რაც პროცენტულად 19%-იან ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ჩეჩნეთის მოსახლეობის რაოდენობა 1,510,000-ს შეადგენს. ჩეჩნეთის მოსახლეობის 96% ჩეჩნები წარმოადგენენ. რუსი მოსახლეობა, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებშია (შემცირებულია). სხვათაშორის, 1989 წლისთვის რუსები ჩეჩნეთის მოსახლეობის 25%-ს შეადგენდნენ.
ინგუშეთი
ინგუშეთთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო, ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგუში ერის არსებობა და მისი ზრდა. აღწერის შედეგები, ამ მხრივ, დამაიმედებელი და სასიხარულოა. 2010 წლისთვის ინგუშეთის მოსახლეობა 410,000-ს შეადგენდა. მოსახლეობის რაოდენობის რეკორდული, 23%-იანი ზრდის შედეგად, ციფრმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. აქვე, ინგუშეთში ინგუში მოსახლეობა 93%-ს შეადგენს, 2.5%-ს -ჩეჩნები. რაც შეეხება რუსებს, დღეისათვის ისინი მოსახლეობის უმნიშვნელო, ნახევარ პროცენტს შეადგენენ.
ჩრდილოეთ ოსეთი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის განსაკუთრებული კავშირიდან გამომდინარე, ჩვენთვის არანაკლებ საინტერესოა ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა და მისი რაოდენობის ცვლილების დინამიკა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა შემცირდა 3.5%-ით, 25,000-ით. შემცირებული მოსახლეობით, ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 680,000 ადამიანი ცხოვრობს. შემცირებაში „მოყვნენ“ თავად ოსები და რუსები. აქ ჩაშლა განსაკუთრებით საინტერესოა: ოსები პროცენტულად 4.3%-ით შემცირდნენ, ხოლო რუსები - მთელი 16%-ით. ამჟამად, რუსები რეპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 18%-ს შეადგენენ.
ყაბარდო-ბალყარეთი
ყაბარდო-ბალყარეთის (შეგახსენებთ, ყაბარდო-ბალყარეთი რაჭასა და სვანეთს ესაზღვრება, თუმცა დამაკავშირებელი გზები, პრაქტიკულად, არ არის, ამიტომ ამ რეპუბლიკასთან კავშირი მცირეა) მოსახლეობა 5%-ით გაიზარდა და, დაახლოებით, 900,000 შეადგინა. ყაბარდოელები საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩერქეზებისგან ხელოვნურად გამიჯნული ხალხია. ამდენად, ყაბარდოელებს ჩვენ ჩერქეზებად მოვიაზრებთ. მათი წილი ყაბარდო-ბალყარეთში წამყვანია და ნახევარ მილიონს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაბარდოელები საპასპორტო მონაცემებში სულ უფრო და უფრო აქტიურად მიუთითებენ თავის წარმომავლობად ჩერქეზულს. ისტორიული სამართლიანობის ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ამ ტენდენციას. რაც შეეხება რუსულ ელემენტს, ის განუხრელად მცირდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და თუკი რუსების წილი 1989 წლისთვის მოსახლეობის მესამედი იყო, ახლა იგი მეხუთედამდეა შემცირებული.
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
ყარაჩაი-ჩერქეზეთი დიდწილად აფხაზეთს ესაზღვრება ჩრდილოეთი მხრიდან. რესპუბლიკის მოსახლეობა შემცირებულია, დაახლოებით 2%-ით. შემცირების ძირითადი წილი რუსებზე მოდის: რეგიონში რუსი მოსახლეობის რაოდენობა 22,000-ით შემცირდა. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ის, პირიქით, გაიზარდა 2-11%-ით. ამ მომენტისთვის, რესპუბლიკის მოსახლეობა, დაახლოებით, 470,000-ს შეადგენს.
ადიღე
ადიღე ერთადერთი რესპუბლიკაა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოს არ ესაზღვრება. რეალურად, რუსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ადიღე ანკლავად აქცია - ის კუნძლია კრასნოდარის მხარეში და, შესაბამისად, მხოლოდ კრასნოდარის მხარეს ესაზღვრება. მისი მოსახლეობაც შესაბამის მდგომარეობაშია: აქ რუსები უმრავლესობაში არიან და ზრდასაც აფიქსირებენ (11%). მოსახლეობის რაოდენობის ჯამურმა პროცენტულმა ზრდამ 13% შეადგინა, რაც რაოდენობრივად, დაახლოებით, ნახევარ მილიონს შეესაბამება. საგულისხმოა, რომ ადიღეელები, რომლებიც რეალურად ისევ ჩერქეზები არიან, მოსახლეობის მეხუთედს შეადგენენ თავისივე სახელის ქვეშ არსებულ რესპუბლიკაში.
შეგახსენებთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლებიც შეიძლება რეალობას ზუსტად არ ასახავდეს მრავალი მიზეზის გამო. დავასახელებთ მხოლოდ ორ მიზეზს: პირველი, ხსენებული რეგიონები არიან რუსეთის ფედერაციის დოტაციაზე, რის გამოც რეგიონები ცდილობენ დააფიქსირონ მეტი მოსახლეობა, რათა მიიღონ მეტი ფინანსური დახმარება ცენტრისგან; მეორე, კვლევა ჩატარდა კოვიდ-19 პანდემიის დროს, რის გამოც ხშირად სათანადო აღრიცხვის ნაცვლად, ხორციელდებოდა აღწერა მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით და სავარაუდო მონაცემების პროექცირებით.
ჯამურად, აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა, დაახლოებით 7 მილიონს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობას, დაახლოებით ორჯერ აღემატება.