ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკური წარმატების ფორმულები და სავაჭრო ომი
13 ნოემბერს, ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი მწერლის, პუბლიცისტისა და ანალიტიკოსის, თომას ფრიდმანის ანალიტიკურ- დიდაქტიკური სტატია სახელწოდებით „ჩინეთო და ტრამპო, მომისმინეთ!“ , რომელშიც ის ორივე მხარეს მოუწოდებს მოიქცნენ გონივრულად და პატიოსნად, რათა ორივე ქვეყანამ ეკონომიკურად წარმატებული იყოს.
ავტორი გასულ კვირას ტოკიოსა და ჰონკონგში იმყოფებოდა და ჩინურ და იაპონურ მხარეებთან და ევროპელ კონსულტანტთან გამართული საუბრების მოკლე შინაარსს გადმოცემს. ჩინეთის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებისგან მან შემდეგი შეკითხვები და მოსაზრებები მოისმინა:
ჩინური მხარე: „შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის პრეზიდენტ ტრამპის მთავარი მიზანი ამ სავაჭრო ომში? ეს სავაჭრო ბალანსის შეცვლის მცდელობაა, თუ ჩინეთის აღმასვლის შეჩერებისა? თქვენ ხვდებით, რომ ამერიკამ ძალზედ დააგვიანა? ჩვენ უკვე იმდენად დიდი ვართ, რომ უკვე ვეღარაფერს დაგვაკლებთ. ეს თქვენ ათი წლის წინ უნდა გაგეკეთებინათ.“
იაპონური მხარე: „მადლობა ღმერთს, რომ დონალდ ტრამპი მოგვივლინა. როგორც იქნა ჩვენ გვყავს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც ხვდება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთი. გთხოვთ, გთხოვთ იყავით ფრთხილად. არ აჰყვეთ პეკინს ზედმეტად და არ დაამსხვრიოთ გლობალური სავაჭრო სისტემა.“
ევროპელი კონსულტანტი: „ბიჭო, დავიჯერო, ჩინეთს ასეთი წარუმატებელი დაზვერვა ჰყავს. აზრზე არ არიან, თუ როგორ მოწადინებული არიან დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც და ევროპელებიც, რომ ტრამპმა ჩინელები გაანადგუროს ამ სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგად. მაგრამ, გთხოვთ, არ წამოიწყოთ ცივი ომი ჩინეთთან, რაც გვაიძულებს, რომ მხარეები შევიცვალოთ.“
ფრიდმანის პასუხები ჩინელებთან და იაპონელებთან გამართულ დიალოგებში: „მე მოხარული ვარ, რომ ტრამპი ეწინააღმდეგება ჩინურ მხარეს მის საბაზრო წვდომის ბარიერებთან დაკავშირებით. სწორედ ისინია მთავარი პრობლემა და არა ორმხრივი სავაჭრო დისბალანსი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, ვაჭრობა არაა ის სფერო, სადაც ერთი მხარე მთლიანად იმარჯვებს, ხოლო მეორე სრულ კრახს განიცდის. ჩინეთს შეუძლია განვითარდეს და აღმასვლა განაგრძოს, ისევე, როგორც ჩვენ. და ეს შეიძლება ერთდროულად მოხდეს. ეს ხდებოდა კიდეც ბოლო 40 წლის განმავლობაში. მაგრამ, ჩვენ ორივე უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, თუ ჩინეთი გაუადვილებდა აშშ-ს მეწარმეებს წვდომას თავის ბაზარზე, ისე, როგორც ამის საშუალება ჩინელ მეწარმეებს აქვთ ამერიკულ ბაზარზე. ახლა უკვე დროა, რომ მოხდეს აშშ-ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გადასინჯვა მანამ, სანამ მართლა გვიანი არ იქნება.“
ავტორი ფიქრობს, რომ დღეს ის გარდატეხის მომენტია, როგორც მაშინ, როდესაც, 70 წლის წინ, ამერიკამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის მიმართ შეკავების პოლიტიკა განეხორცილებინა. მისი აზრით, ამერიკას არ სჭირდება ჩინეთის შეკავება. თუმცა, ორივე ქვეყანამ უნდა მეტი გონი და პატიოსნება გამოიჩინოს: ჩინეთი უფრო თავმდაბლად უნდა მოიქცეს და გაიაზროს, თუ როგორ მიაღწია ამ მასშტაბებს მისმა ეკონომიკამ ასე სწრაფად. ხოლო ტრამპმა ღრმად უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ ინარჩუნებს ასეთ სიძლიერეს ამდენი ხნის მანძილზე.
ჩინეთის ეკონომიკური წარმატების ფორმულა
ფრიდმანის განმარტებით, ჩინეთის წარმატება სამ სვეტზე დგას:
- ეს არის უდიდესი შრომა; მოთმინება; უდიდესი მომჭირნეობა; გონივრული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში; განათლება და მეცნიერული კვლევა; და კაპიტალიზმის დარვინისტული სისტემის დანერგვა. ჩინეთის „კაპიტალიზმის ჯუნგლებში“ შემდეგი პრინციპი მუშაობს: ერთსა და იგივე ბიზნესში თუ არის 30 კომპანია, ერთმანეთთან კონკურენციის შედეგად გამოვლენილ ალფა მამრს, უკვე შემდგომ, სახელმწიფო უჭერს მხარს, რომ ის გლობალური ეკონომიკურ და ბიზნეს მოთამაშედ გადააქციოს. სწორედ ამ სისტემამ, მიუხედავად ცენზურის ქვეშ მყოფი ინტერნეტისა, თავისუფალი პრესის არ ქონისა და ავტორიტარული მთავრობისა, შვა მაღალი დონის ისეთი ინოვაციები, როგორიც Alibaba, Tencent- ი და DJI-ა,.
- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების უგულვებელყოფა; ტექნოლოგიების იძულებითი ტრანსფერები; სხვებისგან ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა; სახელმწიფოს დახმარება, როგორც დარვინისტული კონკურენციის გამარჯვებულებისთვის, ისე არა ეფექტიანი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიებისთვის.
- ის, რაც ჩინეთს აქამდე არ გაუცნობიერებია (ან არს სურს რომ აღიაროს) - სტაბილური გლობალური სავაჭრო სისტემაა, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწეებმა შექმნეს და, რომლის სტაბილურ ფუნქციონირებას აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ. სწორედ ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფნა წყნარი ოკეანის რეგიონში აძლევს იმედს ჩინეთის რეგიონალურ სავაჭრო პარტნიორებს (იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სხვა), რომ ჩინეთის ეკონომიკური რეგიონალური დომინანტობა არ გადავა გეოპოლიტიკურ დომინანტობაში - და, ამიტომაც, ისინი ღია არიან ჩინეთიდან წამოსული მასიური ვაჭრობისთვის და ინვესტიციებისთვის.
ამერიკის ეკონომიკური წარმატების ფორმულა
რაც შეეხება ამერიკის წარმატების ფორმულას, ფრიდმანი თვლის, რომ ის განპირობებულია იმით, რომ, ქვეყნის დაარსების პირველი დღიდან, ამერიკელები თავიანთ ბავშვებს უნერგავდნენ და ასწავლიდნენ, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ მოცემული პერიოდის ტექნოლოგიების უპირატესობები. როდესაც ბამბის ექსპორტი იყო აშშ-ს მთავარი შემოსავლის წყარო (17-18-ე საუკუნეები), მაშინ ამერიკელებმა აქცენტი უნივერსალურ დაწყებით განათლებაზე გააკეთეს. როდესაც ქარხნები ააშენეს (19-ე საუკუნე), საშუალო განათლება გახადეს საყოველთაოდ აუცილებელი. როდესაც კომპიუტერები გამოიგონეს (20 საუკუნე) უმაღლესი განათლება მისცეს თავის ახალგაზრდობას, ხოლო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური გონის თანამედროვე ეპოქა კი მოითხოვს, რომ ამერიკელებმა მთელი ცხოვრების მანძილზე ისწავლონ და განვითარდნენ.
ამერიკელები ასევე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ყოველთვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა (გზები, პორტები, აეროპორტები და ტელეკომი) ჰქონოდათ. სახელმწიფო აფინანსებდა ძირითად კვლევებს, რომ მეცნიერების ბოლო მიღწევებით დახმარებოდა თავის კომპანიებს ინოვაციების დანერგვაში და სწრაფ განვითარებაში. მთავრობა ჰქონდა ღია იმიგრაციული სისტემა, რათა მოეზიდა, როგორც დიდი ენერგიისა და დაბალი უნარ-ჩვევების მუშა ხელი, ისე უმაღლესი IQ-ს მქონე რისკის გამწევი ადამიანები.
და ბოლოს, ამერიკა ყოველთვის იდგა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ ღირებულებებზე, ყოველთვის იხარჯებოდა, რომ გლობალური სისტემა სტაბილური ყოფილიყო, რომლიდანაც ის ყველაზე დიდ სარგებელს ნახულობდა და ამიტომ ყოველთვის ჰყავდა ღირსეული და სტაბილური მოკავშირეები და არა ისეთი შეშინებული მეზობლები და მომხმარებლები, როგორიც ჩინეთს ჰყავს.
ამერიკას ყველა ამ წარმატების მიღწევაში მისი დემოკრატიული სისტემა და პოლიტიკური კლასი ეხმარებოდა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის პოულობდა გზებს, რომ წასულიყო კომპრომისზე, რომ თავისი ზრდის მოდელის ელემენტები განეახლებინა. „ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გავმხდარვართ ის, რაც დღეს ვართ, წერს ფრიდმანი. „რასაც ფრენსის ფუკუიამა „ვეტოკრატიას“ უწოდებს - სადაც ორი ეროვნული პოლიტიკური პარტია ხშირად ადებს ერთმანეთს ვეტოს და, რაც ჩვენი წარმატების ფორმულაში ინვესტიციების განხორციელებას შეუძლებელს ხდის.“
ფრიდმანს სჯერა, რომ მიმდინარე სავაჭრო ომის მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება კარგად, თუ ჩინეთი პატიოსნად მოეკიდება თავისი წარმატების ფორმულის ყველა სვეტს, ხოლო ტრამპი ასევე პატიოსნად დაიცავს ამერიკის წარმატების ყველა პირობას. ამერიკამ შეიძლება ტონობით სავაჭრო კონცესიები მიიღოს ჩინეთისგან, მაგრამ, თუ ის თავისი წარმატების ფორმულას გადაუხვევს, იმ ფორმულას, რომელმაც ფაქტიურად ის დიადი გახადა, ამერიკა ვერ შეძლებს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას.
ამგვარად, როდესაც ავტორი უყურებს სპირალურად წარმართულ სავაჭრო ომს და ისმენს ორივე მახრის აზრს, მას უნდა ჩინელებს უთხრას: „თქვენ ამ წარმატებას მხოლოდ მძიმე შრომის ფასად არ მიაღწიეთ. ბარიერები, რომლებიც თქვენ დააწესეთ, არ წარმოადგენს უფლებას, რომელიც მუდმივად შეგიძლიათ შეინარჩუნოთ და ის გლობალური სისტემა, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ, თქვენ არ აგიშენებიათ. თქვენმა უდიდესმა მომხმარებელმა და მოწინააღმდეგემ-აშშ შექმნა ის.
„ხოლო ტრამპს კი მინდა ვუთხრა,“ წერს ფრიდმანი: „ამერიკა გახდა დიადი იმ ფორმულის წყალობით, რომელსაც ყოველი დიდი ამერიკელი პრეზიდენტი განაახლებდა და ინვესტიციებით აჯერებდა. თქვენ კი ამას არ აკეთებთ. თქვენ ძირს უთხრით და უგულვებელჰყოფთ მის ზოგიერთ მთავარ ელემენტს - იმიგრაციას, მოკავშირეებს, წესებს და რეგულაციებს.
„რომ შევაჯამოთ, მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამერიკა იმდენადაა ფოკუსირებული იმაზე, თუ ვინ არიან ჩინელები და რანი უნდათ, რომ გახდნენ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ მოვედით აქამდე. ეს კი ჩვენი ეკონომიკისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა,“ რჩევას აძლევს ფრიდმანი ტრამპს.
ჩინეთი - რუსეთი
ABC News-ის ინფორმაციით, (ავტორი ჩრდილოეთ აზიაში კორესპონდენტი - მეთიუ ქარნი -Mathew Carney) ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეგობრული ‘ბრომანსის’ ფორმირების პროცესში არიან. პუტინის ბოლო დაბადების დღე მათ რუსული არყით აღნიშნეს, რის შემდეგაც სი ძინ პინმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი ყველაზე ახლო მეგობარია. რა თქმა უნდა, ამ ინტიმური მეგობრობის მთავარი მიზეზი მათი საერთო მტერი დონალდ ტრამპია, რომელმაც რუსეთს ეკონომიკური სანქციები, ხოლო ჩინეთს მეტი მაღალი ტარიფები დაუწესა.
პუტინი და სი ძინ პინი ერთმანეთს უკვე 26 - ჯერ შეხვდნენ... და ისევ შეხვდებიან მომავალი თვის ბოლოსკენ. მათი ქვეყნები აყალიბებენ ყველაზე ღრმა და ძლიერ ურთიერთობებს, რომლებიც ჰქონიათ მას შემდეგ, რაც 1961 წელს ოფიციალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სადაო სასაზღვრო ტერიტორიების გამო. ორივე იზიარებს ერთ დიდ ამბიციას - მოსპონ ამერიკის დომინანტობა მსოფლიო წესრიგში და ირანის დახმარებით ცდილობენ ამის გაკეთებას მთელ ევრაზიულ სივრცეში სირიიდან ჩრდილო კორეამდე.
ტოკიოს პრესტიჟული საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტის უფროსი ასოცირებული პროფესორი სტივენ ნეგი (Stephen Nagy) ბოლო ათი წლის მანძილზე ყურადღებით აკვირდება გეოპოლიტიკური პლიტების ძვრებს და ამბობს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები მას უფრო ორივე მხარისთვის მოსახერხებელ და მისაღებ ქორწინებას აგონებს.
ჩინეთი გრძნობს ამერიკიდან მომავალ სიცხეს. ამგვარად, რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერებით, სი ძინ პინსა და პუტინს შორის მეგობრობაზე ხაზგასმით, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გაძლიერებით, ის ცდილობს მიაწოდოს აშშ-ს გზავნილი, რომ ჩინეთს მართლაც და აქვს არჩევანების გაკეთების საშუალება და, რომ რუსეთი ძლიერია არჩევანია, რომელსაც ენერგიის მიწოდებაც შეუძლია მისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი მისი იდეოლოგიური პარტნიორიცაა, რომელიც მასავით იზიარებს და თაყვანს სცემს ავტორიტარიზმის პოლიტიკურ სისტემას.“
თუმცა, პროფესორი ნეგი იქვე ამბობს, რომ მათ შორის რეალური კავშირები ნამდვილად ძლიერდება. გასულ წელს ორმხრივმა ვაჭრობის მოცულობამ 20 პროცენტი შეადგინა და 100 მილიარდ დოლარამდე ავიდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი გახდა ჩინეთის უდიდესი და ყველაზე გარანტირებული მიმწოდებელი ნავთობისა. „ეს მართლა დიდი ძვრაა. აქამდე ორ სახელმწიფოს დიდი სავაჭრო ურთიერთობები არ ჰქონიათ. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ ორივე სახელმწიფო ერთმანეთს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.“
ყველაზე მნიშვნელოვანი შემობრუნება ჩინეთის და რუსეთის ურთიერთობებში სამხედრო თანამშრომლობის სფეროში მოხდა. ისინი ახლა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ იაპონიის ზღვიდან ხმელთაშუაზღვამდე. ამის კარგი მაგალითია, „ვოსტოკ 18“ - ის სექტემბერში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, რომლებიც რუსეთის დასავლეთ ნაწილში გაიმართება და სადაც მონაწილეობას მონღოლ სამხედროებთან ერთად ჩინელებიც მიიღებენ.
ათწლეულების მანძილზე, რუსეთი არ ჰყიდდა თავის ყველაზე განვითარებულ სამხედრო აღჭურვილობას ჩინეთზე, მაგრამ ეს ასე აღარ არის. პროფესორ ნეგის აზრით, ეს რუსეთის სამხედრო პოლიტიკაში სტრატეგიული ცვლილების ნიშანია. შესაძლოა ძალიან შორეულ პერსპექტივაში რუსეთს უნდა ჰქონდეს აგრესიული, გაძლიერებული ჩინეთის შიში, მაგრამ ამ ეტაპზე, ორივე მოქმედებენ უნისონში და ცდილობენ ეფექტიანად გაუწიონ წინააღმდეგობა აშშ-ს ისე, რომ ერთმანეთთან პირდაპირ კონფლიქტში არ შევიდნენ.
„ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ჩინეთი პირდაპირ შეასკდება აშშ-ს, მაგრამ ის ისეთ ურთიერთობებს დაამყარების რუსეთის ტიპის ქვეყნებთან, რაც დაეხმარება სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის დამყარებაში, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს არაპირდაპირი ზეწოლა მოახდინოს აშშ-ზე.“
ისტორიას თუ გადავხედავთ, აშშ-სთვის არაგონივრული იქნება, რომ სტიმული მისცეს ამგვარი ძლიერი რუსეთ-ჩინეთის კავშირის შექმნას. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გაიმარჯვა აშშ-მ ცივ ომში იყო ის, რომ 1972 წელს ის ჩინეთს დაუმეგობრდა სსრკ-ს წინააღმდეგ და სულ რაღაც 20 წელიწადში დაშალა იგი. ამ ისტორიული მანევრის არქიტექტორმა, პოლიტიკურმა სტრატეგოსმა, ჰენრი კისინჯერმა, როგორც ჩანს, ტრამპს ურჩია ნიქსონის სტრატეგიის შემოტრიალება, რაც უკვე მოსკოვთან დამეგობრებაში და ჩინეთის იზოლირებაში მდგომარეობს. ფაქტი კი ერთია, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს აქვს მსოფლიო წესრიგის განსაზღვრის პოტენციალი.
http://www.abc.net.au/news/2018-08-20/russia-and-china-bolster-ties-to-thwart-us-dominance/10134426
რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა
11-15 სექტემბერს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „ვოსტოკ 18“ ტერიტორიულად ურალს იქით, შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, შესაბამისად, რუსეთს არ აქვს ვალდებულება, რომ მას ეუთოს დამკვირვებლები დაასწროს, თუმცა მასზე მიწვეული არიან ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები. ამ წვრთნების სპეციფიური მხარეები აქვს. გარდა იმისა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა სამხედრო მოსამსახურეებისა (თავდაცვის მინისტრ შოიგუს განცხადებით, მასში 300,000 სამხედრო პერსონალი და 1000 მდე საბრძოლო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას), მასში ასევე ჩართული არიან სამხედრო ნაწილები ჩინეთიდან და მონღოლეთიდან. პეკინმა განაცხადა, რომ ის 3,300 სამხედროს და 30 ვერტმფრენს და 900-მდე სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას გააგზავნის აღნიშნულ წვრთნებზე.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ წვრთნების მიზანია გააძლიეროს ორი ქვეყნის სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობა და გაზარდოს მათი უნარი პასუხი გასცენ რეგიონში პოტენციალურად არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის შეფასებით, ჩინეთის მონაწილეობა წვრთნებში „მეტყველებს იმაზე რომ ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება და ფართოვდება.“
ჩინეთის საპოლიციო, კონტრ-ტერორისტული და არმიის ნაწილები, რუსეთთან ერთად, სხვადასხვა ფორმატებში რეგულარულად გადიან მომზადებას, თუმცა, ჩინეთის ჩართულობა „ვოსტოკ 18“-ის წვრთნებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრის მანიშნებელია. „ვოსტოკის“ ადრინდელ წვრთნებში ჩინეთი განიხილებოდა, როგორც პოტენციალური საფრთხე,“ ამბობს ალექსანდრე გაბუევი (Alexander gabuev), მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი ჩინეთის საკითხებში, თუმცა, ახლა ის მოიწვიეს რომ შეუერთდეს რუსეთს, როგორც მეგობარი და თითქმის როგორც კვაზი-მოკავშირეც კი. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა.“ თუ გავითვალისწინებთ იმ ისტორიულ დაპირისპირებას, რაც საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის 1960-იან წლებში იყო, როდესაც 1969 წელს ორ სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი სასაზღვრო კონფლიქტი კინაღამ სრულ მასშტაბიან ომში გადაიზარდა.
საბჭოთა ლიდერმა მიხელი გორბაჩოვმა შეძლო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება 1989 წელს და ახლა, ციმბირში, დაახლოებით 6 მილიონი რუსი მშვიდობიანად ცხოვრობს და ავითარებს სავაჭრო ურთიერთობებს საზღვრის იქით მცხოვრებ 100 მილიონიან ჩინურ მოსახლეობასთან. თუმცა, რუსეთის უდიდესი გეოგრაფიული სივრცეები და ასეთი მცირე მოსახლეობა ამ რეგიონს მოსკოვისთვის ძალიან მოწყვლადს ხდის და რუსეთის მოსახლეობა ერთგვარ ფრუსტრაციას განიცდის, რადგან მათ, იმავდროულად, უწევთ დათმობებეზე წავიდნენ ჩინეთთან არსებული კომერციული ინტერესების გამო.
თუმცა, დასავლეთთან ბოლოს დროს წარმოქმნილი დაპირისპირების გამო, პუტინმა თვალი დახუჭა ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე და ყველაფერი გააკეთა, რომ ჩინეთი მოკავშირედ გაეხადა. ჩინეთიც, თავის მხრივ, ჩაეხუტა რუსეთს. ორივემ ეს დასავლეთიდან წამოსული საფრთხის გამო გააკეთეს. მათ განაცხადეს, რომ ისინი აშენებენ „სტრატეგიულ პარტნიორობას“ და იზიარებენ ერთობლივი პოზიცია აშშ-ს მიერ დომინირებულ „უნიპოლარული“ მსოფლიოს წინააღმდეგ.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი ვეი ფენგჰე (Wei Fenghe), მიმდინარე წლის დასაწყისში, მოსკოვში ჩავიდა. ეს მისი პირველი მგზავრობა იყო საზღვარგარეთ. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი იყო „ეჩვენებინათ ამერიკელებისათვის, რომ ჩინეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორისი მჭიდრო კავშირები არსებობდა.“ „მე ვსტუმრობ რუსეთს როგორც ჩინეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, რათა მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონე და ჩვენი შეიარაღებული ძალების მტკიცე გადაწყვეტილება გავაძლიეროთ სტრატეგიული თანამშრომლობა,“ თქვა ვეიმ.
ამგვარი რიტორიკა და განცხადებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ყურადღებას ადუნებს ჩინეთის მიმართულებით, თქვა გაბუევმა, და აღნიშნა, რომ ჩინეთის ჯარებს, „ვოსტოკის“ წვრთნების ფარგლებში, მხოლოდ კონკრეტულ ლიმიტირებულ გეოგრაფიულად არეალზე ექნებათ წვდომა. მაგალითად, მათ ახლოს არ მიუშვებენ რუსეთისა და მონღოლეთის საზღვართან. „რუსები ისეთი გულუბრყვილოები არ არიან, რომ ჩინელები ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენონ,“ უთხრა გაბუევმა The Times-ს.
აშშ- ჩინეთი. აშშ-ს პოლიტიკა წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონებში
„აზიისკენ სვლა უნდა განვიხილოთ,
როგორც ამერიკის ოთხას წლიანი საზღვრის
გაფართოვების პროცესის გაგრძელება დასავლეთისაკენ.
ევროპა მკვდარი სისტემაა. წყნარი ოკეანის მოსაზღვრე მიწები
თავიანთი მილიარდიანი მოსახლეობით გადაწყვეტს კაცობრიობის
ისტორიის კურსს მომავალი ათი ათასი წლის განმავლობაში.“
გენერალი დაგლას მაკარტური, 1944 წელი.
1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებისა და ცივი ომის დამთავრების სიმბოლური აქტი იყო, უსაფრთხოების ექსპერტებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ, ამის შემდეგ, აშშ თავის დიპლომატიურ და სამხედრო ენერგიას წყნარი ოკეანის რეგიონისკენ მიმართავდა. მაგრამ, 1990 წელს, სადამ ჰუსეინის მიერ კუვეიტის დაპყრობამ ამერიკა იძულებული გახადა უკვე მესამე ათეული წელია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დარჩეს ჩართული სახმელეთო საომარ ოპერაციებში (ავღანეთი - 2001, ერაყი - 2003, სირია- 2013).
ახლა კი, როდესაც ამ კონფლიქტების დასასრულის კონტურები იკვეთება, ვაშინგტონი, ისტორიული კვაზი იზოლაციონიზმის ნაცვლად, ცდილობს თავისი ყურადღება გლობალური ეკონომიკის გეოგრაფიული „გულისკენ“ - წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისკენ მიმართოს.
ამერიკელი სტრატეგოსები კარგად აცნობიერებენ, რომ ინდოეთის ოკეანე მსოფლიო ენერგეტიკული რესურსების სახელმწიფოთა შორის გაცვლის ადგილია, რომლის გავლითაც ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი არაბეთის ნახევარკუნძულიდან და ირანის ზეგანიდან აღმოსავლეთ აზიის მზარდი საშუალო კლასის მოსახლეობის მქონე ურბანული ცენტრებისკენ მიედინება.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ძალზედ განვითარებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირების საშუალებები, დღესდღეობით, მაინც კონტინენტებს შორის კომერციული საქონლის გადაზიდვის 90 პროცენტი საზღვაო მარშრუტებზე მოდის. ხოლო ამ საქონლის ნახევარი მისი ტონაჟობისა, და მესამედი, მისი ფინანსური ღირებულების თვალსაზრისით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოძრაობს, რომელიც ინდოეთის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აკავშირებს.
უფრო მეტიც, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიო ვაჭრობის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს, სადაც საერთაშორისო საზღვაო გზები ერთდება. ამასთან, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო და საჰაერო ძალებია ის მექანიზმები, რომლებიც ამ საზღვაო სავაჭრო საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ძირითადად[1], რაც ცივი ომის შემდგომი გლობალიზაციის პროცესს უწყობს ხელს პირველ რიგში. ეს ის რეალური საჯარო პროდუქტია, რომლითაც ამერიკა დანარჩენ მსოფლიოს ამარაგებს.
თუმცა, ამერიკას მოცემულ რეგიონში ახალი გამოწვევა გამოუჩნდა. მზარდი ჩინეთი თავისი ტოტალური სიძლიერის დემონსტრირებას იწყებს. ის გეოგრაფიულად სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან და მის მიმდებარე არეალთანაა ახლოს. ჩინეთის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის გამო, იგი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია ყველა საზღვაო სახელმწიფოსთვის. ასევე ჩინეთი სულ უფრო და უფრო ზრდის თავის წყალქვეშა ნავების ფლოტს. ამას გარდა, ჩინეთი ყიდულობს ბალისტიკურ რაკეტებს, ემზადება კოსმოსური და კიბერ ომებისთვის და ამითაც აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს.
რა თქმა უნდა, ჩინეთს არანაირ განზრახვა არ აქვს ეომოს ამერიკას, მაგრამ, კრიზისის შემთხვევაში, ის ალბათ შეეცდება ხელი შეუშალოს ამერიკის სამხედრო მანევრირებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და აზიის დანარჩენ წყლებში. მოსალოდნელია, რომ ჩინეთი თავის გავლენას გამოიყენებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის „ფინეთიზაციისთვის“[2] რაც სამხედრო და ეკონომიკური მეთოდებით ამერიკის დე ფაქტო და დე იურე მოკავშირე ქვეყნების - ვიეტნამი, მალაზია, ფილიპინები და სინგაპური - სუვერენიტეტის შეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს.
ამ მხრივ ჩინეთის მთავარი სამიზნე, ალბათ, ვიეტნამი იქნება, რომლის სანაპირო სამხრეთ ჩინეთის ზღვის დასავლეთის კიდეს წარმოადგენს და რომლის დინამიურად მზარდმა 87 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ეკონომიკამ ის შესაძლოა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მომავალ „თურქეთად“ გადააქციოს. ამიტომ, თუ ჩინეთი ვიეტნამის ფინეთიზაციას შეძლებს პეკინი პრაქტიკულად მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას დაიპყრობს. სწორედ ამითაა გამოწვეული ვაშინგტონის გაზრდილი სამხედრო ინტერესი ვიეტნამში. მაშინ, როდესაც ვიეტნამსა და სხვა სანაპირო ქვეყნებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზოგიერთ ნაწილზე აქვთ პრეტენზია, ჩინეთს არგუმენტად მოჰყავს ისტორიული „სამხრეთ ჩინეთის ზღვის 9 გამყოფი ხაზის“ (Nine dashes line) ისტორიული კონცეპცია[3], რომლიც მიხედვითაც ჩინეთს თითქმის მთელ ზღვაზე აქვს პრეტენზია.
ჩინეთის მთავრობას და პოლიტიკურ ელიტას ესმით, რომ საჭიროა ამ საკითხში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ ჩინეთის ნაციონალისტური ელემენტები მათ ამის გაკეთების უფლებას არ აძლევენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც. ისტორიულად დასავლეთის მიერ დამცირებულ ჩინელებს ფსიქოლოგიურად უჭირთ მათ მეტოქეებთან რაიმე დათმობაზე წასვლა, მითუმეტეს, რომ ჩინელი ოფიციალური პირებისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვა „ლურჯ ეროვნულ მიწას“ წარმოადგენს.
ამერიკის დიპლომატია ამ საკითხთან დაკავშირებით წლების მანძილზე აქტიურობდა, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მათ სიტყვას ფასი არ ექნება, თუ მათ არ ექნებათ ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა. სწორედ ამაში მდგომარეობს „შემობრუნების“ კონცეფცია, რამეთუ ამერიკა არ აპირებს საზღვაო აზიის მიტოვებას ამ ძნელ პერიოდში. რეგიონის მცირე ქვეყნების აზრით, თუ ამერიკა თავის ავიამზიდებს რეგიონიდან გამოიყვანს, ეს იქნება თამაშის შემცვლელი ის პირობა, რომელიც რეგიონს „ფინეთიზაციის“ ფაზაში შეიყვანს.
ამერიკა-ჩინეთის ამჟამინდელი ურთიერთობები თვისობრივად განსხვავდება ამერიკა საბჭოთა კავშირის ურთიერთობებისგან ცივი ომის დროს. ტრამპის საგარეო პოლიტიკის შემობრუნების ეს მცდელობა ჩინეთის შეკავებისაკენაა მიმართული. ტერმინი „შეკავება“ გამოიყენებოდა საბჭოთა რუსეთთან მიმართებაში, როდესაც მას ვაშინგტონი ერთმნიშვნელოვნად მტრულ სახელმწიფოდ განიხილავდა. რაც შეეხება ჩინეთს, დღეს ათი ათასობით ამერიკელი სტუდენტის და კორპორატიული აღმასრულებელი პირების ყოფნა პეკინში ადასტურებს იმ მრავალფეროვან, მრავალ-განზომილებიან ურთიერთობებს, რომელიც ამერიკას ჩინეთთან გააჩნია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი მთლიანობაში წარმოადგენს დინამიურ საზოგადოებას, რომელიც ბუნებრივად ახორციელებს თავისი სამხედრო და ეკონომიკურ ექსპანსიას ინდოეთის და წყნარი ოკეანეების რეგიონებში დაახლოებით ისე, როგორც აშშ აფართოებდა თავის გავლენას კარიბის ზღვასა და ატლანტიკის ოკეანეში თავისი სამოქალაქო ომის შემდეგ. თუმცა, როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, საჭიროა დიდი სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე გამოჩენის პროცესის მართვა, მითუმეტეს, თუ მას თან ახლავს იმავე არენაზე ინდოეთის, ვიეტნამის, მალაზიის, სინგაპურისა და ავსტრალიის მზარდი სახელმწიფოების გამოჩენაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამხრეთ კორეაც და იაპონიაც ასევე ახდენენ თავიანთი საზღვაო და საჰაერო ფლოტის მოდერნიზირებას უახლესი საბრძოლო სისტემებით. ამიტომ, ცხადია, რომ ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონებში მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება, რაც ხელს უშლის რეგიონების საზღვაო სავაჭრო გზების უსაფრთხოებას.
ტრამპს და მის მრჩევლებს კარგად ესმით, რომ, თუ შეერთებული შტატები ახლა არ მიუბრუნდება ამ რეგიონებს, ის რისკავს, რომ მიიღოს მრავალპოლუსიანი სამხედრო წესრიგი, რომელიც თან დაერთვება უკვე არსებულ მრავალპოლუსიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ წესრიგს. მრავალპოლუსიანი სისტემები კი უფრო არასტაბილურია ვიდრე ერთპოლუსიანი ან ორპოლუსიანი სისტემები, რადგან მათში უფრო მეტი ურთიერთშეხების წერტილებია და შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობაა მცდარი გათვლებისთვის, რამეთუ თითოეული ქვეყანა ცდილობს ძალაუფლების ბალანსი თავის საკუთარ ინტერესებს მოარგოს. აშშ-ს სამხედრო ყოფნა მოცემულ რეგიონებში აუცილებელია არა მხოლოდ იმისათვის, რომ ჩინეთის ზესახელმწიფოებრიობისაკენ სვლის პროცესი მართოს მშვიდობიანად, არამედ იმისათვისაც, რომ რეგიონებში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა იმ ფონზე, როდესაც იქ ადგილობრივი სამოქალაქო და სამხედრო პოსტ ინდუსტრიალური კომპლექსების მშენებლობები მიმდინარეობს.
თუ ამერიკის გავლენა შემცირდება, მაშინ ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სახელმწიფოები გაცილებით უფრო აგრესიულები იქნებიან ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ისინი ახლა არიან, რამეთუ ისინი ყველა სარგებლობენ უსაფრთხო საზღვაო საკომუნიკაციო ხაზებით, რომლებსაც ამერიკის სამხედრო საზღვაო და საჰაერო ძალები უზრუნველყოფს.
შექმნილ მდგომარეობაში ამერიკა ეძებს თავის მთავარ მოკავშირეს რეგიონში, რომელიც შეიძლება ავსტრალია აღმოჩნდეს. 23 მილიონიანი მოსახლების მქონე სახელმწიფო, მომავალი ორი ათეული წლის განმავლობაში, გეგმავს 279 მილიარდი დოლარი დახარჯოს წყალქვეშა ნავებზე, საბრძოლო თვითმფრინავებზე და სხვა სახის შეიარაღებაზე.
„შემობრუნება“ ჯერ მხოლოდ ამერიკის მისწრაფებაა და არა გაცხადებული პოლიტიკა. ის მხოლოდ მაშინ გახდება რეალური, თუ მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ამერიკისთვის მისაღები სცენარით განვითარდება და მას აღარ მოუწევს იქ სახმელეთო ოპერაციების განხორციელება.
აშშ-ჩინეთის დაპირისპირება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში
1 ოქტომბერს, აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ ჩინეთის სამხედრო საზღვაო გემი თითქმის დაეჯახა აშშ-ს გამანადგურებელ გემს, რომელიც თავისუფალი ნავიგაციის ოპერაციების (Freedom of Navigation Operations - FONOP) ფარგლებში პატრულირებას ახორციელებდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადაო სპრატლის კუნძულებთან (Spratly Islands).
შეერთებულმა შტატების ინფორმაციით, 30 სექტემბერს, ჩინეთის გამანადგურებელი გემი 41 მეტრის რადიუსში მიუახლოვდა ამერიკულ საბრძოლო გემ USS Decatur - ს, რამაც იგი აიძულა მკვეთრი მანევრები გაეკეთებინა შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტისთვის შეერთებული შტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკულმა გემმა ჩინეთის ტერიტორიული წყლები დაარღვია და საფრთხე შეუქმნა მის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.
ეს იყო უპრეცედენტო აგრესიული ქმედება ჩინეთის მხრიდან, რადგან მანამდე პეკინი პატივს სცემდა ამერიკული გემების უფლებას ემოძრავათ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში FONOP-ის ფარგლებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთის გემები აჩრდილივით თან დაყვებოდნენ აშშ-ს გემებს, რომლებიც რეგიონში FONOP-ის პრივილეგიით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ისინი არასოდეს მისულან ისე ახლოს, რომ შეჯახების რისკი დამდგარიყო.
სტრატფორის ანალიტიკოსის აზრით, იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები უფრო და უფრო აძლიერებს წნეხს ჩინეთზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესება, სანქციების დადება ჩინურ კომპანიებზე, შეიარაღების იმპორტის გაზრდა ტაივანში და იმ დროს, როცა ამერიკამ შესაძლოა სხვა დამატებით ზომებსაც მიმართოს, ჩინეთი, დიდი ალბათობით, იწყებს ფიქრს: ეს ახალი ნორმაა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მის მიმართ, თუ საბოლოო ჯამში მაინც შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება?
ჩინეთს ასევე სჭირდება დაფიქრება, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ს მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას. ჯერ-ჯერობით ჩინეთი კონკრეტულად პასუხობს ამერიკის თითოეულ ქმედებაზე. მაგ. თავადაც დაუწესა ტარიფები ამერიკულ პროდუქციას, უარს ეუბნება ამერიკულ გემებს თავის პორტებში შესვლაზე და სამხედრო ურთიერთობებიც შემცირა ამერიკასთან.
ამიტომ ამერიკის საბრძოლო გემის გადაჭერის მცდელობაც უნდა დავინახოთ, როგორც ერთჯერადი კონკრეტული რეაგირება ამერიკის ზეწოლაზე. თუმცა, ჯერ ცნობილი არაა ეს მართლა ერთჯერადი რეაქციაა ჩინეთის მხრიდან, როგორც სიგნალი მისი უარყოფითი განწყობისა თუ ეს ახალი დონეა აგრესიისა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. აშშ-ს გემების FONOP-ის ფარგლებში გადაადგილებაზე ჩინეთის მომავალი რეაქციები პასუხს გასცემს ამ შეკითხვებს.
წარსულში ჩინეთი ამერიკის საბრძოლო გემების გადაადგილებას ნახევრად სამხედრო გემების საშუალებით აკონტროლებდა. ამჯერად კი USS Decatur-ისთვის გზის გადაკეტვის მცდელობა იმის ნიშანია, რომ ჩინეთი შეგნებულად უფრო მკაცრად დააფიქსირებს თავის პოზიციას FONOP-ზე.
ეს ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც შეერთებული შტატებმა აქტიურად დაიწყო მუშაობა FONOP-ის სტანდარტიზაციაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ამყარებს ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ ჩინეთის ამ პერიფერიულ ზონაში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ჩინეთმა ასეთი მაღალი რეზონანსის გამომწვევი ქმედება USS Decatur-თან დაკავშირებით, შეიძლება ისიც არის, რომ ჩინეთი შიშობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საზღვაო ძალებმა მოუხშირეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადაადგილებას. მართალია, აშშ-ს გარდა, არც ერთ მათგანს არ უცდია FONOP-ის სტანდარტიზაცია, მაინც გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ უფრო ხშირად დაიწყეს თავიანთი საბრძოლო გემების გაგზავნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რითაც ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა ჩინეთის პრეტენზიების შეზღუდვა რეგიონში.
ჩინეთ - ტაივანის ურთიერთობები და აშშ
როდესაც გასულ თვეში (2018 წლის სექტემბერი), აშშ-მ ტაივანისთვის 330 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის პროექტი მოიწონა, ჩინეთმა ეს დაუყოვნებლივ გააპროტესტა. პეკინმა ამერიკა გააფრთხილა, რომ ეს სვლა „სასტიკად დააზიანებდა“ სამხედრო ურთიერთობებს ვაშინგტონსა და პეკინს შორის და აშშ-ს ამ გარიგების გაუქმება მოსთხოვა. ტაივანში კი ეს შესყიდვა აღიქვეს, როგორც ვაშინგტონის განახლებული სურვილი გააძლიეროს მათთან სამხედრო კავშირები.
მიმდინარე თვის (2018 წლის ოქტომბერი) ბოლოს, ტაივანის სამხედრო ოფიციალური პირები და ექსპერტები აშშ-ში გაემგზავრებიან, რათა ამერიკულ მხარეს შესთავაზონ უფრო დიდი შესყიდვების გარიგებები და ასევე ტაივანის კომპანიების ინტეგრირება აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიის მიწოდების ქსელში. ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა, რომელიც, ჩინეთთან ჩართულობის მაგივრად, მის მთავარ ეკონომიკურ და უშიშროების საფრთხედ გამოცხადებაში მდგომარეობს, ტაივანში „შესაძლებლობების სტრატეგიულ სარკმლად“ აღიქვეს, თქვა სუ ტზუ-იუნმა (Su Tzu-Yun), რომელიც ტაივანის თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის მაღალი ოფიციალური პირია.
აშშ-ტაივანის მომავალი კვირის თავდაცვის მრეწველობების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტაივანის მხარე აპირებს თავისი გემთმშენებლები ამერიკას შესთავაზოს, რათა შეიქმნას ცენტრალური დამუშავების ერთეულები, რომლებიც საჭიროა ათასობით F-16, F-15 და F-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესაკეთებლად, რომლებსაც აშშ, ნატო და რამდენიმე აზიელი მოკავშირე იყენებს.
უფრო მეტიც, ტაივანის მთავრობა ვაშინგტონს შესთავაზებს გააძლიეროს ზომები, რათა არ მოხდეს ტექნოლოგიური მიღწევების გაჟონვა ჩინეთის სასარგებლოდ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრობლემაა. პეკინმა ტაივანი თავისი ტერიტორიის ნაწილად 1949 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ჩან კაიშის კუმინტანგის მთავრობამ ჩინელ კომუნისტებთან სამოქალაქო ომი წააგო და ტაივანის კუნძულზე გადავიდა.[4] კომუნისტური ჩინეთის მთავრობა იმუქრება ტაივანის დაპყრობით იმ შემთხვევაში, თუ ის ოფიციალურად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას ან გაერთიანებას უსასრულოდ შეეწინააღმდეგება.
შეერთებული შტატებს პასუხისმგებლობა აქვს აღებული ტაივანის დაცვაზე და დე ფაქტო მისი უსაფრთხოების გარანტორს წარმოადგენს. 22 ოქტომბერს აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს პასუხისმგებლობა როდესაც მისმა ორმა საბრძოლო გემმა ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებულ სრუტეში გაიარა[5]
თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ვაშინგტონმა რამდენჯერმე უარი უთხრა ტაიპეის, რომელიც მისგან შეიარაღების ახალ სისტემებს ითხოვდა. ტაივანის მთავრობას წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლია ამგვარი თხოვნით მიმართვა აშშ-სთვის. ამგვარად ვაშინგტონი თავიდან ირიდებდა მრავალჯერად თხოვნებს და ჩინეთთან ურთიერთობების გამწვავებას შეიარაღების კონტროლზე მასთან არსებული გარიგებიდან გამომდინარე. მაგრამ, ახლა, ტრამპის ადმინისტრაცია დაუბრუნდა პროცესს, როდესაც შეიარაღების შესყიდვების თხოვნებს, ტაიპეის მხრიდან, უფრო სწრაფად იხილავს.
ვაშინგტონში ტაივანის მხარდამჭერები ლობირებენ, რომ შესუსტდეს სახელმწიფო დეპარტამენტის როლი, რომელიც ტაივანისთვის იარაღის შესყიდვების დიდი პროექტების წინააღმდეგ გამოდის და ტაივანის მთავრობაზე ზეწოლას ახდენს, რომ ამგვარი თხოვნებით აშშ-ს არ მიმართოს. ლობისტური ჯგუფის „აშშ- ტაივანის საბჭოს“ პრეზიდენტი რუპერტ ჰამონდ-ჩემბერსი (Rusppert Hammond Chambers) ამბობს, გასული ათწლეულის პრაქტიკამ „უზარმაზარი ზიანი“ მოიტანა. „მათ (სახელმწიფო დეპარტამენტმა) ნება მისცეს ჩინეთს, რომ პროცესში ჩართულიყო და ხელი შეუშალა ტაივანს ქმედითუნარიანი თავდაცვის სისტემის შექმნაში,“ თქვა მან.
ტაივანის თავდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანას სჭირდება მთელი რიგი ახალი სისტემებისა, რომ ჩაანაცვლონ მოძველებული სამხედრო აღჭურვილობა. ტაიპეიმ თავის ოთხწლიან თავდაცვის მიმოხილვაში, გასულ წელს, აღნიშნა, რომ ის გეგმავს შეიძინოს „ახალი საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც აქვთ მოკლე ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უნარი და რომლებსაც აქვთ სტელზის თვისებები,“ საუბარია F-35 –ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. ტაივანის თავდაცვის მესვეურები ამტკიცებენ, რომ მათ სჭირდებათ 60 ასეთი თვითმფრინავი იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ასაფრენ ბილიკებსა და საკომუნიკაციო სისტემებს, რადგან მათ შეუძლიათ აფრენა აეროდრომების გარეშე და შეუძლიათ შექმნან საჰაერო მობილური საკომუნიკაციო სისტემა. თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მას სჭირდება M1 აბრამსის ტიპის ტანკები - ამერიკის ყველაზე ბოლო სიტყვის საბრძოლო ტანკი.
ტაიპეის პრეზიდენტ ტსაი ინგ-ვენს (Tsai Ing-wen), მისი წინამორბედისგან განსხვავებით, სურს თავდაცვის სისტემა კიდევ უფრო გააძლიეროს. ეს პოლიტიკა მოიცავს დიზელ-ელექტროობაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს - 7 მილიარდი დოლარის პროექტს, რომლისთვისაც ვაშინგტონმა გასცა საბაზრო ლიცენზიები და ნება მისცა აშშ-ს კომპანიებს, რომ მის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს პროექტი განახლდა იმ გეგმიდან, რომლის მიხედვითაც ტაივანს ვაშინგტონისგან ეს ნავები უნდა ეყიდა, მაგრამ 2001 წელს ის შეჩერებული იქნა.
https://www.ft.com/content/b6e22b82-d599-11e8-a854-33d6f82e62f8
კომენტარი:
აშშ-ს თავის საგარეო პოლიტიკაში დანერგილი აქვს პრაქტიკა, რომ მისთვის საინტერესო და სტრატეგიულ რეგიონებში ჰყავდეს პატარა, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხოების კუთხით მასზე დამოკიდებული სახელმწიფოები (ისრაელი, ტაივანი), რომელთა შენახვა და დახმარება ძალიან ძვირი არ უჯდება[6] მოცემულ რეგიონში თავისი ინტერესების გასატარებლად (ბუნებრივი საწვავზე კონტროლი და ა.შ.) და რეგიონალური ლიდერების დასაბალანსებლად, დრო და დრო, იმის და მიხედვით, თუ როგორ იქცევა ესა თუ ის რეგიონალური ლიდერი, ვაშინგტონი ააქტიურებს ან პირიქით ამუხრუჭებს მის კლიენტ ქვეყანას. დღეს ტრამპის ადმინისტრაციასა და პეკინს შორის მზარდად დაძაბული ურთიერთობების ფონზე ტაივანი, რომელიც ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, ვაშინგტონ ერთგვარად მივიწყებული ჰყავდა, ისევ მისი ყურადღების ცენტრში ექცევა, რაც შესაძლოა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ძალზედ არასასიამოვნო დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
აშშ - ჩინეთის ურთიერთობები თავდაცვის სფეროში
24-26 ოქტომბერს ჩატარებულ პეკინის უსაფრთხოების ფორუმზე ჩინეთის სამხედრო ძალების დელეგატებმა თქვეს, რომ, იმ ფონზე როდესაც ჩინეთისა და აშშ-ს ორმხრივი კავშირები ისტორიულად უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზეა, ორი ქვეყნის სამხედროებმა უნდა დაამყარონ კომუნიკაცია მათ შორის არსებული მზარდი დაძაბულობისs გასანელებლად.
დელეგატებს არ განუხილიათ ჩინეთისა და ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს შორის სულ ბოლო დროს განვითარებული დაპირისპირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო წყლებში, მაგრამ, ორდღიანი ფორუმის საზღვაო უსაფრთხოების პანელზე, ხაზი გაუსვეს ორ სამხედრო ძალას შორის არსებული კავშირების სტაბილიზების მნიშვნელობას.
ფორუმის ორგანიზატორებთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ, მომავალ თვეში, არგენტინაში, დიდი ოცეულის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინ პინისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის წინ, პეკინს უნდოდა შეექმნა ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების უკეთესი ატმოსფერო.
ორი ლიდერის შეხვედრის ალბათობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ვიცე ადმირალმა, ჩინეთის სამხედროს საზღვაო ფლოტის მეთაურის მოადგილემ, ლიუ იიმ (Liu Yi) თქვა, რომ, ივნისში, სინგაპურში ჩატარებულ კიდევ ერთი რეგიონალური უსაფრთხოების - შანგრი-ლას დიალოგზე (Shangri-La Dialogue) - ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, მიაღწიეს კონსენსუსს, რომ გააძლიერონ კომუნიკაცია. „თავდაცვის ორმა მეთაურმა ერთობლივად გამოხატეს სურვილი გააძლიერონ ურთიერთობები და თანამშრომლობა ორ სამხედრო ძალას შორის, რაც ორმხრივი ურთიერთობების „მასტაბილიზირებელი“ ფაქტორი იქნება“, უთხრა მან ფორუმს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ყურადღებით განვიხილოთ შექმნილი სიტუაცია და ყველანაირად მოვემზადოთ. ამ ეტაპზე, მთავრია კომუნიკაცია და კოორდინაცია, თანამშრომლობის განვითარება და რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნება.“
ჩინეთს თავისი თავდაცვის მინისტრები სინგაპური დიალოგზე 2011 წლის შემდეგ არ გაუგზავნია. წელს მის დელეგაციას ჩინეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გენერალ ლეიტენანტი ჰე ლი (He Lei) ხელმძღვანელობდა.
ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობები
ჩინეთში თავისი პირველი ვიზიტის დროს, რომელიც იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ 25-27 ოქტომბერს განახორციელა, მან თქვა, რომ იაპონია და ჩინეთი ვალდებულები არიან უზრუნველყონ სტაბილურობა რეგიონში. მან ასევე აღნიშნა რომ საჭიროა ორმხრივი უერთიერთობების ნორმალიზება და ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაწყვეტა.
„ვიზიტი, ფაქტიურად, ისტორიული შემობრუნების წერტილია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალიან გაუარესდა, ჩინეთის აგრესიული პოლიტიკის გამო იაპონიასთან მიმართებაში. თავის მხრივ პეკინს არ მოსწონს, რომ აბე უარს ამბობს ბოდიში მოიხადოს იაპონიის სამხედრო ქმედებების გამო წარსულში,“ თქვა დოიჩე ველეს კორესპონდენტმა მატიას ბოლინგერმა (Mathias Boelinger) და დასძინა, რომ ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს მოქნილობა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„ტრამპი არაა ერთადერთი მიზეზი, თუმცა ეჭვგარეშეა ის მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ ცდილობს ჩინეთი ურთიერთობების გამოკეთებას იაპონიასთან,“ თვლის მატიას ბოლინგერი.
ვიზიტის განმავლობაში აბე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და მასთან განიხილა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური კავშირები მსოფლიოს სიდიდით ნომერ 2 და ნომერ 3 ეკონომიკებს შორის. ჩინეთი იაპონიის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და იაპონურ კომპანიებს უზარმაზარი ფინანსები აქვთ ინვესტირებული ჩინეთში. აბეს ჩინეთში ვიზიტის დროს 500 იაპონური კომპანიის დელეგატები ახლდა თან. ორივე მხარეს თავისი ინტერესი აქვს ამ თანამშრომლობაში: იაპონიას მეტი წვდომა უნდა ჩინეთის მასიურ ბაზარზე, ხოლო ჩინეთი იაპონური ტექნოლოგიებითა და ექსპერტიზითაა დაინტერსებული.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩინეთსა და იაპონიას შორის არსებულ კავშირებში დადებითი შემოტრიალება შეინიშნება. ეს ნათლად გამოჩნდა, სექტემბერში, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გამართული სამიტის ფარგლებში სი ძინპინსა და სინძო აბეს შორის შემდგარი შეხვედრის დროს.
„მართალია აშშ საკმაოდ გავლენიანი ფაქტორია ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებში, მაგრამ ამის ეფექტი შეზღუდულია,“ წერს ჩინეთის Global Times გაზეთი თავის ედიტორიალში. „თუ პეკინი და ტოკიო აპირებენ თავიანთი ორმხირივი ურთიერთობები აშშ-ს მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით წარმართონ, მაშინ ისინი მხოლოდ წააგებენ,“ ამტკიცებს ჩინური სახელმწიფო ყოველდღიური გაზეთი.
წარსულში იაპონია ცდილობდა ჩინეთის მზარდი პოლიტიკური და სამხედრო ზეგავლენა შეეზღუდა აზიაში. პეკინსა და ტოკიოს აქვთ გადაუწყვეტელი ტერიტორიული დისპუტები, რომლებიც მოიცავენ კუნძულებს სენკაკუს (Senkaku) იაპონიაში და დიაოიუს (Diaoyu) ჩინეთში. ორივეს ამჟამად ადმინისტრირებას იაპონია უწევს, თუმცა ჩინეთი აცხადებს პრეტენზიას, რომ ისინი მისი საკუთრებაა.
პეკინში ჩასვლამდე, აბემ თქვა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩრდილოეთ კორეის საკითხს განიხილავდა. აქაც ორი ქვეყნის პოზიციები განსხვავდება: იაპონია ჩრდილოეთ კორეის სრულ ბირთვულ განიარაღებას მოითხოვს, ხოლო ჩინეთი კიმ ჩენ ინის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია. 26 ოქტომბერს, აბემ მედიას უთხრა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებით, მაგრამ სანამ ეს მოხდება გადასაწყვეტია რამდენიმე საკითხი, ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მოქალაქეების გატაცების ჩათვლით.
ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები აშშ-სთან შედარებაში
Poligraph.info-ს[7] ინფორმციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკამ აშშ-ს ეკონომიკას გადაუსწრო.
„მოცულობის მხრივ, ჩინეთის ეკონომიკა უკვე უფრო დიდია ვიდრე აშშ-ს ეკონომიკა,“ თქვა მან.
Poligraph.info შეეცადა დაედგინა რუსი პოპულისტი ლიდერის განცხადების სიმართლე, ანუ მართლა არის ჩინეთის ეკონომიკა ამერიკულზე უფრო დიდი, თუ ეს უბრალოდ კრემლის პროპაგანდის მორიგი გამოხტომაა. ვებ-გვერდის დასკვნით, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები სულ სხვა რამეზე მიუთითებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მაჩვენებლების მიხედვით, ჩინეთის ერთიანი შიდა პროდუქტი (GDP) აშშ-ს ერთიანი შიდა პროდუქტის (GDP) მოცულობის 62 %-ს შეადგენს. ფონდის გათვლებით, ჩინეთის ნომინალურმა GDP -იმ შესაძლოა ამერიკისას მხოლოდ 2030 წლისთვის გადაუსწროს.
ამგვარად, ფაქტია, რომ ჩინეთის ეკონომიკა თავისი მოცილობით ამ ეტაპზე სიდიდით მეორეა მსოფლიოში. სხვა მაჩვენებელებითაც აშშ-ს ეკონომიკა წინ უსწრებს ჩინეთის ეკონომიკას.
მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთის ერთიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 8, 633 ამერიკულ დოლარს, მაშინ როდესაც ამერიკისა 59,792 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ზოგად სამთავრობო დანახარჯებს, შეერთებული შტატები აქაც მსოფლიოში პირველია და 2016 წლის მაჩვენებლებით დახარჯული აქვს 6.596 ტრილიონი ამერიკული დოლარი, მაშინ როდესაც ჩინეთის მთავრობამ დახარჯა 3.584 ტრილიონი დოლარი.
აშშ-ს დანახარჯი სხვადასხვა სექტორში ბევრად მაღალია ვიდრე ჩინეთისა.
მაგალითად, თავდაცვის სფეროში, აშშ-მ დახარჯა 615 მილიარდი დოლარი 2017 წლის განმავლობაში მაშინ, როდესაც ჩინეთმა იგივე სფეროში სამჯერ ნაკლები დახარჯა. განათლების და ჯანმრთელობის სფეროში ვაშინგტონი გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე პეკინი.
იმავდროულად, Transparency International-მა, ბერლინში ბაზირებულმა საერთაშორისო კორუფციის „ვოჩდოგმა,“ 180 ქვეყნიდან, ჩინეთს 77-ე ადგილი მიაკუთვნა 2017 წლის მის მიერ შემუშავებული კორუპციის აღქმის ინდექსის მიხედვით (რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო კორუმპირებულადაა აღქმული ქვეყანა). აშშ ამ რეიტინგით მე-16-ე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ინდექსით, ჩინეთი 28-ე ადგილზეა, ხოლო აშშ 1 ზე.
გასულ წელს „მშვიდობის სიმყიფის ფონდის“ (Fund for Peace Fragile) ინდექსით, ჩინეთის მაჩვენებელმა 72.4 შეადგინა და ის „განსაკუთრებით საფრთხილო“ ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, ხოლო აშშ-ს მთლიანმა მაჩვენებელმა 37.7 შეადგინა, რაც მას ახასიათებს, როგორც „ძალიან სტაბილურ“ სახელმწიფოს. ეს ინდექსი შემუშავებულია Foreign Policy ჟურნალთან ერთად და მისი მიზანია განსაზღვროს სახელმწიფოების მოწყვლადობა კონფლიქტებისა ან ეკონომიკურ კრიზისებთან მიმართებაში.
ამგვარად, Poligraph.info აკსვნის, რომ პუტინის კომენტარები, რომელიც მან ვალდაის სადისკუსიო კლუბში გააკეთა და რომლებშიც ამტკიცებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს ეკონომიკაზე დიდია და უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებს, არასწორია. შესაძლოა მისი სიტყვები გამართლდეს ერთი ან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როგორც ამას სავალიუტო ფონდის პროგნოზი აჩვენებს, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა უბრლოდ მოცულობით გადაასწრებს ამერიკისას, წერს ვებ-გვერდი.
https://www.polygraph.info/a/putin-downplays-us-economy-to-china-favor-fact-check/29553488.html
სი ძინპინის პროფილის ფსიქოლოგიური შტრიხი
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ყველაზე დიდ გმირს და უშიშარ მეომარსაც კი ეშინია საჯარო დაცინვის. ამ სიბრძნის უტყუარობა კარგად გამოჩნდა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩინელი ექსპერტები მაო ძედუნის შემდეგ ყველაზე ძლიერ, გავლენიან და ქარიზმატულ ლიდერს უწოდებენ, და, შესაბამისად, თვით დენ სიაოპინზე მაღლაც კი აყენებენ, სი ძინპის მაინც აქვს საზოგადოების მხრიდან დაცინვის შიშები.
ყველაფერი კი, the Guardian- ის ინფორმაციით, 2013 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად გადაღებულ ერთ სურათზე სი ძინპინი პოპულარული მულტფილმის გმირ ვინი პუჰს შეადარეს. მსუქანა ვინი - სიძინპინი ტანწერწეტა ვეფხვ - ობამას გვერდით, ასეთი იყო მაშინდელი საერთაშორისო პრესის იუმორისტული კომენტარები.
ვინი პუჰის პერსონაჟი ჩინეთის მოსახლეობისთვის პრეზიდენტთან შედარების საოხუნჯო თემა გახდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ჩინეთის პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ ხუმრობაში სასაცილო ვერაფერი დაინახეს. პირიქით ჩინეთის სახელმწიფო ცენზურამ ქრისტოფერ რობინის ვინი პუჰზე გადაღებული ახალი ფილმის ჩვენება აკრძალა ჩინეთში.
მეორედ სი ძინპინი მხატვრულ დათვს 2014 წელს შეადარეს, როდესაც ის იაპონიის პრემიერ მინისტრ სინძო აბეს შეხვდა, რომელსაც (აბეს) ამ სურათზე ვინი პუჰის ამბის კიდე ერთი პერსონაჟის, მოწყენილი, პესიმისტი სახედრის იოიის (Eeyore) როლი ერგო.
შედარების პოპულარობის ზრდასთან და ამ ინტერნეტ მემეს სოციალური ქსელებით გავრცელების კვალდა-კვალ ჩინეთის ცენზურამ სი ძინპინის დამცინავი იმიჯების წაშლა დაიწყო. აშშ-ს HBO სატელევიზიო სადგურის ვებ-გვერდი. მიმდინარე წლის ივლისში, დაბლოკილი იქნა, მას შემდეგ რაც კომედიანტმა ჯონ ოლივერმა რამდენჯერმა დასცინა ჩინეთის პრეზიდენტს, იმის გამო რომ ის ასე განიცდიდა მსგავსებას მულტფილმის პოპულარულ გმირთან.
კიდე ერთი შედარება სისა და ვინის შორის, რომელიც 2015 წელს ჩინეთის სამხედრო აღლუმის დროს გაკეთდა, ცენზურის მიერ იმ წლის ყველაზე უფრო დაგმობილ იმიჯად იქცა, Global Risk Insights[8] –მიხედვით, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ ეს მემე „ჩინეთის პრეზიდენტის ოფისის იმიჯის შელახვის სერიოზული მცდელობად აღიქვა.“
„ავტორიტარული რეჟიმები ხშირად ძალზედ მგრძნობიარენი არიან, თუმცა ეს რეაქცია გაუგებარია, რადგან მთავრობა ახშობს იმ პოზიტიურ და ორგანულ განწყობას, რაც სი ძინპინის საზოგადოებრივი იმიჯის კამპანიამ შეიძლება მოიტანოს. პეკინის რეაქცია კიდევ უფრო უცნაურია, რადგან ფაქტია, რომ სი ძინპინმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რომ ძლიერი და პოზიტიური მმართველის იმიჯი დაემკვიდრებინა,“ ნათქვამია Global Risk Insights-ის მოხსენებაში.
რუსეთი- ჩინეთი
18 თებერვალს Politico-მ გამოაქვეყნა ბრუნო მაკაესის (Bruno Macaes) ანალიტიკურ სტატია სახელწოდებით „რუსეთი ეუბნება ჩინეთს: ერთად ჩვენ მსოფლიოს მართვა შეგვიძლია“, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ჰენრი კისინჯერის, ზბიგნევ ბზეჟინსკის, სემ ჰანტინგტონისა და სხვა ამერიკელი გეო სტრატეგოსების მთავარი შიში მართლდება - რუსეთი ცდილობს შეკრას კავშირი ჩინეთთან ევრაზიის მატერიკზე, რაც დასავლური სამყაროს მსოფლიო დომინაციის დასასრულს გამოიწვევს.
ბრუნო მაკაესი ევროპის მინისტრი იყო პორტუგალიის საკითხებში. ახლა იგი ლონდონის Flint Global-ის უფროსი მრჩეველია და ვაშინგტონის ჰუძონის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მკვლევარია. იგი ევრაზიის ექსპერტად ითვლება. 2018 წელს Penguin - მა გამოსცა მისი წიგნი „ევრაზიის აისი.“
რუსეთი ეუბნება ჩინეთს: ერთად ჩვენ მსოფლიოს მართვა შეგვიძლია
რუსეთი ევროპას სიყვარულზე აღარ თანხმდება. მოსკოვს ეს კონტინენტი აღარ აინტერესებს. მას არც ევროპული ინტეგრაცია აღელვებს და არც ევროპისკენ სვლა. თუმცა, ის არც ევროპის ნაწინასწარმეტყველი დიზენტიგრაციის მიმართ იჩენს ინტერესს და არც რიგი ქვეყნების დასავლეთისთვის წართმევასა და თავის აზროვნების სტილზე გადაყვანას ცდილობს.
კრემლის დარბაზებში დღეს მხოლოდ ჩინეთზე ფიქრობენ - და იმაზე ბჭობენ, შეძლებს თუ ვერა მოსკოვი პეკინის დარწმუნებას, შექმნას ალიანსი დასავლეთის წინააღმდეგ.
რუსეთის ჩაციკვლა ჩინეთთან პოტენციური ალიანსის შექმნაზე ფიქრით უკვე, 2017 წელს, ვალდაის კლუბის განხილვებისას, გამოჩნდა. ეს არის რუსული საგარეო პოლიტიკური ტვინების ყოველწლიური შეკრება. თავიანთ ბოლო შეკრებაზე, გასული წლის ბოლოს, იდეა, განხილვის სფეროდან უკვე ისეთ სტადიაში გადავიდა, როდესაც რუსეთს რაღაც რეალურის გაკეთება უნდა. და ამის გაკეთება უნდა მალე.
ყველა რუსული სფიჩი - გაუგებრად მოაზროვნე აკადემიკოსებით დაწყებული და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვითა და თავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით დამთავრებული - ამ ნოტაზე იყო აგებული და სხვა არაფერზე. ჰაერში სასოწარკვეთილების ერთგვარი ახალი განცდაც კი ტრიალებდა.
როგორც პუტინის ყოფილმა მრჩეველმა სერგეი კარაგანოვმა საუზმის დროს ამიხსნა, კონფერენციაზე მთავარი და ერთადერთი თემა ჩინეთი იქნებოდა.
რუსეთის წარმოდგენა ჩინეთზე, ბოლო ხუთი წლის მანძილზ,ე მნიშვნელოვნად შეიცვალა. რუსეთმა დაკარგა ყველანაირი იმედი იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა ის მაგალითია, რომელზე უკეთესსაც იგი თავად ოდესმე შექმნის. ამის სანაცვლოდ, ახლა რუსი საგარეო პოლიტიკის ექსპერტები იმაზე საუბრობენ, როგორ გამოიყენონ ჩინეთი საკუთრი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.
ვალდაიში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩინეთმა იცოდა, თუ როგორ გაეზარდა თავისი ეკონომიკა, ხოლო რუსეთს კი ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. რუსეთის ელიტა, რომელიც ყოველთვის მზადაა უარყოს დასავლეთის მხრიდან რაიმე სახის ჰეგემონია - უპრობლემოდ აღიარებს ჩინეთის ეკონომიკურ უპირატესობას. ამ თანხმობამ მომაგონა ის, თუ როგორ აღიარა დიდმა ბრიტანეთმა თავის დროზე შეერთებული შტატები მსოფლიოს დომინანტურ ეკონომიკურ სახელმწიფოდ.
როგორც ჩანს, მოსკოვი არაა ახალი ალიანსის წინააღმდეგი, რომელშიც ჩინეთი წამყვანი მხარე იქნება. და ახლა, როდესაც, ვაშინგტონმა ტარიფები დაუწესა ჩინეთის ექსპორტს, რუსეთი იმედოვნებს, რომ ჩინეთი საბოლოოდ მიხვდება, რომ პრობლემა ვაშინგტონია და არა მოსკოვი.
წარსულში, ორ სახელმწიფოს შორის ალიანსის შექმნას ხელს უშლიდა ჩინეთის შიში, რომ ამით ის აშშ-სთან თავის ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. მაგრამ, ახლა, როდესაც იგი უკვე გახდა ვაშინგტონის სამიზნე, ალბათ ის უფრო გამამაცდება. ამიტომაც, ვალდაიზე გამომსვლელი ყველა სპიკერი ჩინეთის ამ მიმართულებით წაქეზებას ცდილობდა.
როდესაც პუტინი პოლიტიკის შემოქმედებთან ბუხრის პირას საუბრებს მორჩა - ეს კონფერენციის ის ნაწილია, სადაც ის სპეციალურად მისთვის დასმულ კომფორტულ შეკითხვებს იღებს ხოლმე აუდიტორიისგან - იგი წამოიწია, რომ ოთახი დაეტოვებინა, მაგრამ მერე უცებ ჩინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იანგ ჯიეჩისკენ (Yang Jiechi) გავარდა უკან, რომელსაც ახლაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ არქიტექტორს უწოდებენ. მან სხეულის ენით ხაზი გაუსვა, რომ ჯიეჩისთან ერთად სურდა ოთახიდან გასულიყო, რაც ჩინელ სტუმარს აშკარად ძალიან ესიამოვნა.
მაგრამ, ახლა რა ხდება? მართლა შეუძლიათ რუსეთს და ჩინეთს მეგობრებად ყოფნა და რამდენი ხნით?
ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ორივე ქვეყანა შეპყრობილია ამერიკის მსოფლიო წესრიგის დაშლის იდეაფიქსით. მათ - რუსეთსა და ჩინეთს - ერთმანეთთან გეოპოლიტიკური მეტოქეობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რომელიც შესაძლოა განახლდეს, მას შემდეგ, რაც საერთო მიზანს მიაღწევენ, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი პოლუსები, რომლებიც მათ ერთმანეთთან დააპირისპირებს.
მაგრამ ისინი ამ ხიდს გადაკვეთენ, როდესაც იქ მივლენ, შეიძლება ასე 20 წელიწადში. მანამდე კი, რუსეთი და ჩინეთი არსებითად ჯერ ერთ მხარეზე იმყოფებიან. ამ მომენტისთვის ახალი ალიანსის შექმნისათვის ყველაზე დიდ წინააღმდეგობს ჩინეთისათვის დამახასიათებელი სიფრთხილეა. და რუსებმა ეს იციან.
ალიანსი, თუ ის კონკრეტული გახდება, თავდაყირა დააყენებს იმ პროცედურებს, რომლებითაც ჩვენ დღეს გლობალურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. წარმოიდგინეთ საერთაშორისო კრიზისი, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი უეცრად ერთ ბლოკში გაერთიანებულები ჩაებმებიან. შედეგი იქნება მნიშვნელოვანი და რაღაც დოზით განუჭვრეტადიც: ფსიქოლოგიურად, დასავლეთის აღქმაში, ეს იქნება კომბინაცია იმ შიშისა, რომელსაც დასავლეთს რუსეთის წინაშე აქვს და ჩინეთის მოუწყვლადობის იმიჯისა, რომელიც ასევე დასავლეთში პრევალირებს. ვაშინგტონს ექნება განცდა, რომ მას თავს ესხმიან, ხოლო ევროპა შეშინდება და აირევა.
ბებერ კონტინენტს ასევე დაემუქრება გაყოფის საფრთხე დასავლეთ ევროპასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რომლებიც შესაძლოა ყურადღება აღმოსავლეთისკენ გადაიტანონ, სადაც ნაღდი ფულის მქონე ჩინეთი მოხარული იქნება, რომ ინვესტიციები განახორციელოს რეგიონში.
ეს სრულიად განსხვავებული სამყარო იქნება და ეს ის სამყაროა, რომელის შექმნის პერსპექტივები უფრო და უფრო რეალისტური ხდება.
ამ მომენტისთვის, ჩინეთის სიფრთხილე მთავარ წინააღმდეგობად რჩება ახალი ალიანსის შექმნის გზაზე. და რუსებმა ეს იციან.
რამდენიმე კვირის წინ, პეკინში, მე კვლავ შევხვდი კარაგანოვს ჩინელი ოფიციალური პირებისა და მეცნიერ-მკვლევარების შეხვედრაზე. იქ რამდენიმე ჩინელმა მონაწილემ თქვა, რომ ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთის მტკიცებას, თითქოს მსოფლიო კვლავ ახალი ცივი ომის შუაგულში იყოს მოქცეული.
კარაგანოვმა ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი გადაერწმუნებინა და დაეჯერებინა ისინი, რომ ძალიან ცდებოდნენ, თუ ფიქრობდნენ, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგებით გადაწყდებოდა.
თუ პეკინი თავის ფსონს მშვიდობაზე და თანამშრომლობაზე დადებს, დიდი ჩინური ავანტიურა წარუმატებლად დასრულდება და ჩინეთს აშშ-ს ჩრდილში მოუწევს ცხოვრება კიდევ ერთი თაობის მანძილზე - და ალბათ უკვე სამუდამოდაც, თქვა კარაგანოვმა. ჩინელ ხელისუფალთ, თქვა მან, სულ 5 წელიწადიღა აქვთ დარჩენილი გადაწყვეტილების მისაღებად.
შეხვედრა ჩეთემ ჰაუზის წესების მიხედვით ტარდებოდა, და სამწუხაროდ უფლება არ მაქვს გითხრათ, თუ რა პასუხი გასცა მას ჩინურმა მხარემ; მხოლოდ კარაგანოვმა მომცა უფლება გადმომეცა მისი სიტყვები.
თუმცა, ჩემი საკუთარი ცალკეული საუბრებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩინელი ოფიციალური პირები თანხმდებიან, რომ საათი ჩართულია. ისინი უბრალოდ ჯერ არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათ უნდა ომი - თუნდაც ცივი ომი - აირჩიონ.
თუმცა, რუსეთისა და ამერიკის გარდა, ჩინეთისთვის არსებობს კიდე მესამე - ევროპული - არჩევანი. ევროპული ბაზარი და ევროპული ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი რესურსია ჩინეთისთვის. ჩინეთის ხელმძღვანელობა სულ უფრო და უფრო კარგად ერკვევა, თუ რას უნდა მოელოდნენ ამერიკისგან და რა შეიძლება მიიღონ რუსეთისგან. მაგრამ ევროპა სხვა საქმეა. პეკინი ევროპაზე უარს არ იტყვის და დაელოდება, რომ თავად ევროპელებმა მიიღონ გადაწყვეტილება.
შესაბამისად ჩვენ (ევროპელებმა) შეგვიძლია ისინი (ჩინელები) ლოდინის რეჟიმში ვამყოფოთ. ჩვენ შეგვიძლია ისინი ვაიძულოთ იაზროვნონ კიდევაც. ამ სახიფათო სამყაროში ევროპაა გამაწონასწორებელი ფაქტორი.
ბრუნო მაკაესი
ნატო და ჩინეთი
Foreign Policy-ის ანალიტიკოსის რობი გრამერის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინეთის კიბერ და კომერციული შესაძლებლობების შეწინააღმდეგება ნატოს ალიანსის პრიორიტეტი უნდა გახდეს. აშშ-სა და ევროპის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპი ზეწოლას ახდენს ნატოზე, რათა ეს უკანასკნელმა ყოველდღიურად განიხილოს ჩინეთიდან წამოსულ საფრთხეები ბრიუსელში და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ სამიტზე, რომელიც, შემდეგ თვეში, ვაშინგტონში, გაიმართება. ეს სვლა ამერიკული პრიორიტეტების გადასინჯვის იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ისლამისტური ტერორიზმთან ბრძოლის ფაზიდან ე.წ. დიდი სახელმწიფოებთან კონკურენციის ფაზაზე გადასვლაში მდგომარეობს.
თვეების მანძილზე, ტრამპის ადმინისტრაცია, მუშაობდა, რომ ევროპელები დაერწმუნებინა უარი ეთქვათ ჩინურ ინვესტიციებზე კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურისა და ტელეკომუნიკაციების ქსელებში. ამ კამპანიას მცირე ენთუზიაზმით შეხვდნენ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, სადაც აშშ-ს მოკავშირეებმა უკვე იზარალეს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის შედეგად და სადაც არ მოწონთ დონალდ ტრამპის მტრული გესლიანი გამონათქვამები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში.
მაშინ როდესაც ბევრი ევროპელი ჩინეთს განიხილავს, როგორც პოტენციურ გამოწვევას დასავლეთისთვის, ზოგიერთი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ნატო, რომელიც ორიენტირებულია რუსული საფრთხის თავიდან აცილებაზე და რომელიც მრავალწლიან ომშია ჩაბმული ავღანეთში, საუკეთესო ფორუმია ჩინური საფრთხის გასამკლავებლად. ჩინეთი აქამდე, არასდროს ყოფილა ალიანსის მთავარი განსახილველი თემა.
„ჩინეთს შეუძლია შეუქმნას საფრთხე ნატოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას პასუხი ნატოს საშუალებით უნდა გავცეთ,“ თქვა ერთმა ევროპელმა თავდაცვის სექტორის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პრინციპით ისაუბრა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა აღნიშნულ ცვლილებაზე თავის სიტყვაში, რომელიც გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქვა გერმანიაში. „არსებობს ნამდვილი პოტენციალი პარტნიორობისთვის და პოლიტიკური დიალოგისთვის...მაგრამ ჩინეთის წინსვლა გამოწვევასაც წარმოადგენს,“ თქვა მან, და მაგალითად მოიყვანა ჩინეთის მიერ ევროპის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია, მისი მეხუთე თაობის, ან 5G, უკაბელო კომუნიკაციების ქსელების ჩათვლით.
ოფიციალური პირები და ექსპერტები ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ კონკრეტულად რა შეიძლება ალიანსმა შეჰმატოს ჩინეთისადმი თავის დამოკიდებულებას. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც Foreign Policy-ესაუბრნენ, განმარტეს, რომ ვაშინგტონი არ აიძულებს ნატოს დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელიც ევროპის ნომერ 2 უდიდეს სავაჭრო პარტნიორად რჩება და რომელიც, იმავდროულად, აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. ერთი რაზეც ისინი თანხმდებიან არის ის, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ თემაზე უნდა დისკუსიები გამართონ.
რეიჩელ ელეჰუუსმა (Rachel Ellehuus) აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მოხელემ, რომელიც ნატოს საკითხებზე მუშაობდა და ახლა სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრში მუშაობს, თქვა, რომ ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთი ცდილობს მეტი გავლენის მოპოვებას ევროპაში და ძნელია მისი კომერციული ინტერესების გამიჯვნა მისივე გეოპოლიტიკური ინტერესებისგან. “ახლა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ, დიდი ჯამში, როგორც რუსეთი, ჩინეთი ცდილობს გამოიყენოს ტრანსაქციები, ფული, ფინანსები და ინვესტიციები ევროპაში გავლენის მოპოვების ბერკეტებად,“ თქვა მან.
მაგრამ, როგორც ერთმა ევროპის თავდაცვის სფეროს ოფიციალურმა პირმა, რომელიც შიდა ევროპულ ურთიერთობებში კარგად ერკვევა, თქვა, ამ თემის განხილვა ნატოში „რაღაც არაბუნებრივი იყო.“ ჩინეთი არ წარმოადგენს პირდაპირ სამხედრო საფრთხეს ნატოსთვის. მაგრამ არის რაღაც სოლიდური ელემენტები, რომლებიც ნატომ შეიძლება განიხილოს,“ თქვა მან. მან დაასახელა ჩინეთიდან წამოსული მზარდი კიბერ-უშიშროების საფრთხე, რუსეთ-ჩინეთის გარკვეული დოზის სამხედრო თანამშრომლობა და ჩინეთის გიგანტური ტელეკომის ჰუავეის ინვესტიცია ევროპის 5G ინფრასტრუქტურაში, რასაც აშშ-ს ოფიციალური პირები პეკინის დიჯიტალური შპიონაჟის ტროას ცხენს ადარებენ.
ელეჰუუსმა თქვა, რომ ნატოსთვის ჩინეთის თემის განხილვის დაძალება შეიძლება საქმეს წაადგეს. „ნატო როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო ორგანიზაციაა. მათ შეუძლიათ დისკუსიები გამოიყენონ კონსენსუსის მისაღწევად და ახალი საფრთხეების აღმოსაჩენად,“ თქვა მან. „მას აქვს მექანიზმები, სადაც შეიძლება განხილული იქნას, თუ როგორ იცავ თავს რუსეთისა და ჩინეთის ბოროტი ქცევებისგან, თუმცა, მას არანაირად არ აქვს ამის გაკეთებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო იარაღი.“
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უარი თქვა გაეკეთებინა რაიმე კომენტარი რაიმე კერძო დიპლომატიური განხილვების ალბათობის შესახებ მომავალ თვეში ვაშინგტონში ნატოს სამიტის ჩატარებამდე, რომელიც ალიანსის შექმნის 70 წლისთავს ემთხვევა.
კომენტარი:
როგორც ვხედავთ, შეერთებული შტატები, რომელიც, ფაქტიურად, ნატოს მთავარი დამაარსებელი და მისი მისიის ისტორიული გეზის მიმცემია, ამ ეტაპზე ალიანსის მიზნებისა და ამოცანების შეცვლას ცდილობს. ორიგინალურად ნატო მოდერნიზებული რუსული იმპერიის (სსრკ) მხრიდან ევროპის დაპყრობის მცდელობის საწინააღმდეგოდ შეიქმნა და სრული წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ამოცანას.
ცივი ომის დამთავრების და სოციალისტური საფრთხის მოსპობის შემდეგ, ნატომ პარალელურ რეჟიმში დაიწყო რუსული ავტორიტარული, ნაციონალისტური და ისლამური რელიგიური ტერორისტული საფრთხეების გამკლავება, რაც გარკვეული წარმატებით დღემდე გრძელდება. დღეს კი ვაშინგტონი აღარც რუსეთს და აღარც ისლამს აღარ განიხილავს მისთვის სტრატეგიულ საფრთხეებად და ალიანსის ყურადღების გადატანას ჩინურ გლობალურ საფრთხეზე ცდილობს.
ასეთი ექსპერიმენტები ნატოსთვის ახალი არაა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, იელცინის მმართველობის დროს, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები არნახულად დათბა, დადგა ნატოს ფუნქციისა და გეოგრაფიული არეალის გაზრდის საკითხი. 2010 წლის ნატოს 24-ე სამიტზე, რომელიც ლისაბონში ჩატარდა, საუბარი იყო აშშ-ს გლობალური მოკავშირეების ავსტრალიის, ახალი ზელანდიის ნატოს რიგებში მიღების პერსპექტივაზე.
ფაქტი ერთია, ნატო დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ევროპას, როგორც მის დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილებს, მანამ სანამ არ შექმნილა ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემა, რომელმაც შესაძლოა მომავალში ნატო ჩაანაცვლოს. მანამდე კი ღია კარის პოლიტიკა, რომელსაც ნატო ერთგულად მისდევს, მხოლოდ ევროპული სახელმწიფოებზეა გათვლილი, რაც საქართველოს აძლევს უნიკალურ შანსს გახდეს ალიანსის წევრი.
აშშ - ჩინეთის დაპირისპირების პერსპექტივები
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი უახლოეს მომავალში სერიოზულ მოდერნიზაციას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა National Interest წერს. თუ სტრატეგიამ მხარდაჭერა მოიპოვა, აშშ-ს საზღვაო ძალებს ხუთ წელიწადში რობოტიზირებული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტილია შეემატება. საუბარია ათ სამხედრო გემზე და ცხრა წყალქვეშა ნავზე. პროექტისთვის აშშ-ს თავდაცვის უწყება 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ჯერ კიდევ მარტში კონტრ-ადმირალმა რენდი კრაიტსმა განაცხადა, რომ პროექტი მომგებიანი ინვესტიციაა. ადმირალის შეფასებით, მცირე ზომის რობოტიზირებული სამხედრო გემები ეფექტიანად შეასრულებენ სადაზვერვო საქმიანობას.
უკვე ცნობილია, რომ რობოტიზირებულ წყალქვეშა ნავებს აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის Boeing ააგებს. ავტონომიურ წყალქვეშა ნავ Orca-ს კომპანია მის მიერ გამოშვებული წყალქვეშა დრონის Echo Voyager-ის საფუძველზე დაამზადებს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ავტონომიური წყალქვეშა დრონები საზღვაო ოპერაციებს სრულად გარდაქმნიან. Orca-ს ავტონომიურ რეჟიმში 11, 000 კილომეტრის გავლა შეეძლება, შეუმჩნევლად მოახერხებს ოკეანის გადაკვეთას და სხვა კონტინენტის სანაპიროსთან მოწინამღდეგეზე იერიშის მიტანას.
სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, აშშ-ს საზღვაო ფლოტში რობოტიზირებული, ავტონომიური გემებისა და წყალქვეშა ნავების დანერგვა პოტენციურ მოწინაამღდეგესთან: რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაში სჭირდება. მართალია, ამ ეტაპზე აშშ-ს საზღვაო ფლოტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩინეთის ან რუსეთის საზღვაო ძალები, მაგრამ ორივე ქვეყანამ თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა.
ის რომ აშშ აქცენტს სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებაზე აკეთებს გასაკვირი არ არის. გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე, აშშ-ს მიერ კონტინენტალური ჩინეთის დაპყრობა წარმოუდგენელია, ისევე როგორც ჩინეთის მიერ აშშ-ს ოკუპირება. ასევე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მათ შორის საბრძოლოს მოქმედებები მთელ წყნარ ოკეანეზე გავრცელდება. ყველაზე რეალურია, რომ ვაშინგტონი და პეკინი ერთმანეთს შემდეგ სამ არენაზე დაუპირისპირდნენ: სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სენკაკუს კუნძულები და ტაივანი.
ჩინეთი თავის თავს აღმოსავლეთ აზიის პირველი რანგის კანონიერ მმართველად განიხილავს. და თუ გავითვალისწინებთ მის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაიზარდოს და გაძლიერდეს, ის ეცდება რომ რეგიონი თავის ინტერესებს მოარგოს. არც ისაა საიდუმლო არავისთვის, რომ ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანის) დე ფაქტო სუვერენიტეტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პირველივე დღეებიდან ყელში აქვს გაჩხერილი. შესაბამისად, კომუნისტური ჩინეთი გამოიყენებს დიპლომატიური, ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდების კომბინაციას და ტაივანისთვის ძირის გამოთხრას კიდვე უფრო ინტენსიურად შეეცდება.
თუ აშშ-ს მომავალი ლიდერები გადაწყვეტენ, რომ ტაივანის სუვერენიტეტი მათ სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებში შედის, მაშინ კონფლიქტის თავიდან არიდება შეუძლებელი იქნება. მაგრამ თუ ამერიკა, ცივი გონებით, გააცნობიერებს, რომ ტაივანი მხოლოდ ერთი შორეული კუნძულია, რომელიც არა თამაშობს რამე როლს აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაშინ ჩინეთთან კონფლიქტის თავიდან არიდება, სულ მცირე ტაივანის გამო მაინც, შესაძლებელი იქნება. თვით ტაივანის დაპყრობაც კი ვერ გადააქცევს ჩინეთს რეგიონალურ ჰეგემონად, და მითუმეტეს ვერ მისცემს მას უნარს, რომ ამერიკისკენ მიმართოს მნიშვნელოვანი ძალები. ტაივანის მიერთება პეკინს ვერ მისცემს ჰავაიზე, მექსიკაში ან პერუში თავისი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას დიდი ხნის მანძილზე.
ახლო მომავალში ჩინეთს, თავის უკანა ეზოშიც, ბევრი სახელმწიფო ექნება თეფშზე დადებული. ამიტომ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ვიეტნამი და ავსტრალია, ყველა დაინტერესებულია, რომ ჩინეთი რეგიონალურ ჰეგემონად არ გადაიქცეს. ამერიკა იზიარებ მათ ინტერესს. თუმცა, ამერიკელი ექსპერტები ორად არიან გაყოფილნი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩინეთის შეკავება.
ერთნი ამბობენ, რომ საჭიროა ექსტენსიური უსაფრთხოების გარანტიების შექმნა ბირთვული ქოლგებითა და მეომრული რიტორიკით და ჩინეთის ყოველ დღიური გაკონტროლება, ხოლო მეორე ბანაკის წარმომდგენლები ამბობენ, რომ საჭიროა ამერიკა საერთოდ გამოვიდეს რეგიონიდან. მათი აზრით ამერიკის გამოსვლა ჩინეთის თეფშზე დადებულ აზიის „საშუალო სიძლიერის“ სახელმწიფოებს (იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ვიეტნამი და ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები) გაუჩენს მოტივაციას, რომ თავად დააბალნსონ ჩინეთი თავიანთი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ხარჯზე.
ყოველ შემთხვევაში ამერიკელებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან ის ალბათ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოს ისტორიაში. მას გარს არტყია ორი დიდი ოკეანე და ჰყავს სუსტი მეზობლები. ჩინეთის ზრდამ შესაძლოა ამერიკული ღირებულებები დააყენოს საფრთხის ქვეშ და შესაძლოა ამერიკული მსოფლიო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგიც კი შეაქანოს, მაგრამ, მაინც, ჩინეთი, უშუალოდ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ვერანაირად ვერ დაემუქრება
https://nationalinterest.org/blog/skeptics/conflict-china-not-inevitable-53897
რუსეთ - ჩინეთის ურთიერთობები
27 ივლისს გამოქვეყნდა დამოუკიდებელი ჟურნალისტის ში მინის[9] სტატია სახელწოდებით „თითქმის საუკეთესო მეგობრები“, რომელშიც ავტორი რუსეთ-ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობს.
ავტორის ინფორმაციით, ივნისის თვეში, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორის მოსკოვში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები შუადღემდე გრძელდებოდა. მოგვიანებით კი ჩინურმა საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიმ პუტინი თავის საუკეთესო კოლეგად დაასახელა სხვა საერთაშორისო ლიდერებს შორის და იმ იშვიათ პიროვნებად მოიხსენია, რომლებიც მის გულთან ახლოს არიან. ორივე მხარემ განაცხადა, რომ სი ძინპინის ვიზიტის წყალობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები „სტრატეგიული პარტნიორობის“ ახლა დონეზე ავიდა.
პუტინი და სი ძინპინი უკვე 30-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ჩინეთს და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ და თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში სარგებელს პოულობენ. მათ ალიანსს კი არც თუ მცირედად ხელს უწყობს დასავლეთი: გამომდინარე დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობებიდან, რუსეთს ეკონომიკური და სამხედრო ალტერნატივა სჭირდება, ხოლო პეკინი კი რუსეთთან პარტნიორობას ტრამპისა და მისი სავაჭრო პოლიტიკის მოსაგერიებლად იყენებს.
არა და სინამდვილეში, წერს ბატონი მინი, ურთიერთობები ჩინეთსა და რუსეთს შორის არც ისე „ლამაზად“ ვითარდება, როგორც ამას დანარჩენ მსოფლიოს აჩვენებენ. ორივე მხარეს სრულიად სხვადასხვა მიზნები აქვთ და თითოეულს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ კეთილად არ არიან განწყობილნი. ამის გასაცნობიერებლად, საკმარისია შევხედოთ ორივე ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას სხვა სახელმწიფოებთან.
გეო-ეკონომიკური კუთხიდან თუ შევხედავთ, ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად, ჩინეთსა და რუსეთს არც თუ სახარბიელო სიტუაცია აქვთ. რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა, რომელიც წელიწადში 100 მილიარდ ამერიკულ დოლარზე ცოტა ნაკლებია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთ - აშშ-ს, ჩინეთ-ევროკავშირის, ჩინეთ - იაპონიისა და ჩინეთ - გერმანიის ორმხრივი სავაჭრო მოცულობათა დონეებს.
ჩინეთისა და ევრაზიული კავშირის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც კი რომ ავიღოთ, რომელშიც რუსეთი დომინირებს, მაინც, ის 120 მილიარდ დოლარზე მეტს არ შეადგენს წელიწადში, რაც სურათს დიდად ვერ ცვლის.
მინის აზრით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ჩინეთის გეო - ეკონომიკური ძლიერების ზრდით, რადგან რუსეთს უჩნდება საფრთხე, რომ ჩინეთი მას წაართმევს პარტნიორებს, განსაკუთრებით დსთ-ს შემადგენლობიდან. მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური აზიის ისეთი სახელმწიფოები, როგორიც ყაზახეთი ან თურქმენეთია, უკვე ამ ეტაპზე, სისტემატურად აგდებენ ფასებს რუსულ ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე. ამას გარდა, უკრაინა ახორციელებს ჩინეთისათვის თანამედროვე შეიარაღების ტექნოლოგიების მიყიდვას, რითაც რუსეთის მონოპოლიურ მდგომარეობას უთხრის ძირს ჩინურ ბაზარზე.
ცოტა ხნის წინ, დაახლოებით მილიონმა რუსმა მოქალაქემ პეტიციით მიმართა მოსკოვს, რომელშიც ისინი აპროტესტებდნენ ჩინეთის კომპანიების პროექტს, რომლის მიხედვითაც რუსეთში მდებარე ბეკას ტბა უნდა გამოეყენებინათ ჩინეთის სასმელი წყლით მომარაგების ცენტრად. საზოგადოების მხრიდან განხორციელებულმა ძლიერმა ზეწოლამ აიძულა რუსეთის მთავრობა, რომ გაეყინა ზოგიერთი უკვე დაგეგმილი პროექტები ჩინეთთან. პეკინში არანაირად არ მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს რომ ეს პროექტები ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ შემადგენელი ნაწილებია. და ახლა როცა მათ მშენებლობას „სტრატეგიული პარტნიორი“ - რუსეთი - ამუხრუჭებს, ეს ბუნებრივია ჩინეთს არაფრით არ აწყობს.
ავტორის მტკიცებით, ორ ქვეყანას შორის არსებული გეოპოლიტიკური ურთიერთობები ხან პრაგმატულ და ზოგჯერაც შეგუებით ხასიათს ატარებს. მესამე, არც ისე შესამჩნევ, ძალად რჩება ვაშინგტონი. ხო ფაქტია, რომ ორივე ეს უდიდესი სახელმწიფო ისე ახორციელებენ ურთიერთობებს, რომ თავიდან აიცილონ სერიოზული კონფლიქტები შეერთებულ შტატებთან. რუსეთისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი, კონკრეტულად კი ორი შიიტური ქვეყანა - ირანი და სირია. ჩინეთი კი, თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სუნიტურ პაკისტანს. ეს ქვეყანა გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩინეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განხორციელებაში. ამასთანავე, პაკისტანი საუდის არაბეთის დიდი ხნის მოკავშირეა, რომელიც ირანის რეჟიმს მტრობს. ამიტომ ჩინეთი ერთგვარი „გაგებით“ მოეკიდება აშშ-ს მიერ ირანზე დადებულ სანქციებს.
იმავე დროს, ჩინეთის მთავრობის ყურადღება კონცენტრირებულია სამხრეთ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის რეგიონზე და მასში არსებულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე. იაპონია და სამხრეთ კორეა მთლიანად აშშ-ს მხარეზე არიან, იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ყველა ვარიანტს განიხილავს , რუსეთთან ურთიერთობების ჩათვლით, რათა შეაკავოს ჩინეთის გავლენა. რუსეთს არ სჭირდება იაპონია და სამხრეთ კორეა შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურად ათვისების საქმეში. იმავე დროს, მოსკოვს არ უნდა ხელიდან გაუშვას ჩრდილოეთ კორეის გამოყენების შანსი, როგორც ვაშინგტონის, ისე პეკინის წინააღმდეგ.
პუტინი ამბობს, რომ, ემოციების დონეზე, რუსეთი ჩინეთის მხარეზეა. მაგრამ როდის აქეთ ღებულობს სტრატეგი ვლადიმირ პუტინი თავის გადაწყვეტილებებს ემოციებისა და გრძნობების დონეზე? სვამს კითხვას ავტორი.
რუსეთ - ჩინეთის ურთიერთობების დაახლოების გეო - სამხედრო ვარიანტი შორეული პერსპექტივის საქმედ რჩება. ორივე მხარისთვის ის რჩება ერთგვარ საშუალებად დააშინონ თავიანთი რეალური და პოტენციალური მოწინააღმდეგენი ამგვარი „პარტნიორის“ ყოლით. მოსკოვისთვის ასეთი მოწინააღმდეგე ნატოა და ამიტომაც, პეკინი, მიმდინარე წელს, რუსეთთან ერთად სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩატარებას გეგმავს ბალტიის ზღვაში. თუმცა, ამჯერად, თვალში საცემია, რომ რუსეთი ანალოგიური სამსახურს არ უწევს ჩინეთს. წყნარ ოკეანეში ერთობლივი წვრთნების ჩატარება დაგეგმილი არაა. ბოლო წლებში ასეთი წვრთნები იქ არაერთხელ ჩატარდა. ისინი ერთმნიშვნელოვნად გამაფრთხილებელი სიგნალია აშშ-ს თვის და მისი მოკავშირეებისთვის დაწყებული სამხრეთ კორეით, იაპონიით, ტაივანითა და დამთავრებული ფილიპინებითა და ვიეტნამით.
მაგრამ, თვით სამხედრო დონეზეც კი, ურთიერთობები ერთგვაროვანი არ არის. ხშირად ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, პეკინი სამხედრო სფეროში არსებულ უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ პროგრამებს უკრაინისგან ყიდულობს, რომელიც სამხედრო კონფლიქტში იმყოფება რუსეთთან. რუსეთი კი შეიარაღებას აწვდის ჩინეთის კონკურენტებს - ვიეტნამსა და ინდოეთს. ამგვარად, ჰანოიმ მიიღო 6 რუსული წყალქვეშა ნავი, მათი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამოყენების მიზნით, რომელზე დომინირების პრეტენზიასაც ჩინეთი გამოხატავს. ახალი დელი კი მოსკოვთან ერთად რუსული გამანადგურებლის მიგ-35-ის განვითარების პროექტზე მუშაობს, რომელიც ყველაზე თანამედროვე რუსული სამხედრო მექანიზმია. პეკინმა შეიძლება ეს თვითმფრინავები მიიღოს რუსეთისგან, მაგრამ მათ პროგრამული უზრუნველყოფა არ ექნებათ, რადგან ის ინდოეთში კეთდება.
„და მიუხედავად იმისა, რომ, ამას წინათ, პეკინის მიერ გამოცემულ „თავდაცვის თეთრ წიგნში“ კიდე ერთხელ ქება-დიდებაა მიძღვნილი მოსკოვთან არსებულ „სტრატეგიულ პარტნიორობს“, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარ თანამშრომლობას თავისი ზღვარი აქვს. მაგალითად, პეკინი არანაირად არაა მზად მიიღოს ამერიკულ-რუსული შეთავაზება ჩაერთოს მოლაპარაკებათა ახალ რაუნდში, სადაც საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების შეზღუდვის საკითხი უნდ განიხილონ. ამის ნათელი დადასტურება იყო სი ძინპინის არა ორმნიშვნელოვნად ნათქვამი ფრაზა, რომ ჩინეთი და რუსეთი კვლავაც დარჩებიან თანამგზავრებად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოკავშირეებად, ასკვნის ბატონი ში მინი.
https://www.ipg-journal.io/regiony/mir/statja/show/pochti-luchshie-druzja-852/
რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია?
ორ თვეზე მეტია, რაც ჰონ-კონგში გამოსვლები არ წყდება. გასულ კვირაში დემონსტრანტებმა, ორი დღით, საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი იყო ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ბრალდებულთა გადაცემას ითვალისწინებდა. მეგაპოლისის ხელისუფლებამ ამ კანონზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ამან ქუჩის აქციების მონაწილეები ვერ შეაჩერა. ახლა ორი მთავარი კითხვაა: 1. რატომ ვერ უმკლავდება ჰონ-კონგის პოლიცია საპროტესტო გამოსვლებს და 2. ხომ არ ჩაერთვება პროტესტის ჩახშობაში ჩინეთი?
რატომ ვერ უმკლავდება ჰონ-კონგის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებს?
გასული კვირის დასაწყისში დემონსტრანტებმა დაბლოკეს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონა, რის გამოც, 12 და 13 აგვისტოს, ყველა რეისი გადაიდო. ადმინისტრაციამ სასამართლოს გზით მოიპოვა უფლება დროებით აეკრძალა აეროპორტში არასანქცირებული მასობრივი შეკრებების ჩატარება და ნებადართული მიტინგებისთვის, ჩამოფრენის ზონაში, ორი პატარა მონაკვეთი გამოყო.
მაგრამ აქციების უმრავლესობა ისედაც აკრძალულია: პოლიცია მასობრივად ეუბნება უარს დემონსტრანტებს მიტინგების და მსვლელობების ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. ყველა პროტესტანტი შეიძლება დააპატიმრონ „უკანონო შეკრებების“ მოწყობისთვის, ამიტომ ისინი არ მაგრდებიან ერთ კონკრეტულ ადგილას და როგორც კი პოლიციელების დიდ ჯგუფს მოკრავენ თვალს, სწრაფად იცვლიან აქციის ადგილს, უბრალოდ სხდებიან რა სწრაფად მეტროს მატარებელში. აქციების დაწყებიდან 700 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება „ამბოხისთვის“, რომლის გამოც სასჯელი 10-წლიანი პატიმრობაა.
ბოლო თვის განმავლობაში, საპროტესტო მოძრაობა მრავალმილიონიანი აღარ არის, როგორც ეს პირველ კვირებში იყო, სამაგიეროდ გეოგრაფია გაფართოვდა: ახლა აქციები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში არ ტარდება. როგორც წესი, ყოველ შაბათსა და კვირას, მსვლელობები და დემონსტრაციები ჰონ-კონგის სამ-ოთხ რაიონში იმართება, ასე რომ ივლისში და აგვისტოს დასაწყისში საპროტესტო აქციები თითქმის ყველგან ჩატარდა. ზოგად საპროტესტო მსვლელობებთან ერთად, მიტინგებს დამატებით მართავენ მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები: სახელმწიფო მოხელეები, ექიმები, ფინანსური დაწესებულებების წარმომადგენლები, კათოლიკეები, მოხუცები.
ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტზე უარი თქვა, რაც თავდაპირველი პროტესტის მიზეზი იყო.
აქციების გაფართოებასთან ერთად პოლიცია სულ უფრო აქტიურად იყენებს ცრემლმდენ გაზს, მათ შორის მეტროში და რეზინის ტყვიებს. დაპატიმრებებში მონაწილეობენ აგენტები, რომლებიც ხალხის მასებში დგანან და თავს აქციის მონაწილეებად ასაღებენ.
დაშინების მიზნით, დაპატიმრებულები სულ უფრო ხშირად გადაჰყავთ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით არსებულ ცენტრებში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ხოლო ამ რაიონებში მისასვლელად სპეციალური თანხმობაა საჭირო. და რაც მთავარია: არსებობს რისკი იმისა, რომ ამ ცენტრებიდან პატიმრებს უჩუმრად ჩინეთში გადაიყვანენ.
გარდა ამისა, ჰონგ-კონგის პოლიციას, პროტესტანტებთან ბრძოლაში, „ტრიადების“ გამოყენებაში ადანაშაულებენ. 21 ივლისს, ერთ-ერთ მეტროსადგურთან თეთრ მაისურებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი ფიზიკურად უსწორდებოდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ყველა გამვლელს - ეს პროტესტის მონაწილეთა „დრეს-კოდია“. პოლიციამ არაფერი იღონა. ხელისუფლებისადმი ლოიალური დეპუტატი, იუნიუს ჰო კი მოგვიანებით თეთრ მაისურებიანებს შეხვდა და მათ „გმირები“ უწოდა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა დეპუტატის მისაღები დალეწეს და მისი მშობლების საფლავი შეურაცხყვეს.
ხელისუფლება ლოიალურ მიტინგებს მართავს და ქმნის „პოლიციის მხარდამჭერ“ ჯგუფებს, რომლებიც რეგულარულად უპირისპირდებიან პროტესტის მონაწილეებს. ეს ყველაფერი ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს და პროტესტს აღვივებს.
გეოგრაფიულად ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური აქციები, 5 აგვისტოს, „საყოველთაო გაფიცვის“ დღეს ჩატარდა და ქალაქის შვიდი რაიონი მოიცვა. მომიტინგეებმა ნახევარი დღით დაბლოკეს მეტროს მარშრუტები - ისინი დგებოდნენ მატარებლების კართან და არ აძლევდნენ მათ დაძვრის საშუალებას. ასევე მათ დროებით შეაჩერეს გვირაბების მუშაობა, რომლებიც ჰონგ -კონგსა და ქალაქის კონტინენტურ ნაწილ, კოულუნს, ერთმანეთთან აკავშირებს. გაფიცვას მხარი დაუჭირეს აეროპორტის და ქალაქის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების თანამშრომლებმა. ის (გაფიცვა) პოლიციასთან შეტაკებებით და დღე-ღამის განმავლობაში დაპატიმრებულთა რეკორდული ციფრით (80 ადამიანი) დასრულდა.
10-11 აგვისტოს, ოპოზიცია აქციის გამართვას, ერთდროულად, ოთხ ადგილზე გეგმავდა, მაგრამ პოლიციამ ყველა მარში აკრძალა და მას მიტინგის ჩატარების ნებართვა მხოლოდ ერთ რაიონში მისცა. შედეგად, პროტესტანტები ქალაქის რამდენიმე რაიონის ქუჩებში გამოვიდნენ და ბარიკადები მოაწყვეს ყველაფრისგან რაც ხელში მოხვდათ. პოლიციელების გამოჩენისთანავე ხალხი გარბოდა, მაგრამ სამართალდამცველები ბარიკადების გამო ყოვნდებოდნენ. პარალელურად, პროტესტანტებმა პოლიციის განყოფილებები ალყაში მოაქციეს და ქვებსაც უშენდნენ.
მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ჩინურ სულების თვეს (მთვარის კალენდრის მიხედვით მეშვიდე თვე) დაემთხვა, როდესაც, გადმოცემის თანახმად, ცოცხლებისა და გარდაცვლილების სამყაროს შორის საზღვარი იშლება. ამ თვის განმავლობაში, სპეციალური რიტუალური ქაღალდისგან ამზადებენ ყოფით საგნებს, რომლებიც წინაპრებს შეიძლება იმქვეყნად დასჭირდეთ, შემდეგ კი მათ წვავენ. ამ კულტურულმა ტრადიციამ პროტესტის კიდევ ერთი სახეობა გააჩინა - პოლიციის განყოფილებებთან ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კერი ლამის და ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის ქაღალდის პორტრეტებს წვავენ.
რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები?
ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ პროტესტანტების თითქმის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სულ 5 მოთხოვნაა:
1. ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა
2. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ამნისტია
3. პოლიციის ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა
4. პროტესტებისთვის „ბუნტის“ კვალიფიკაციის მოხსნა
5. საყოველთაო არჩევნების ჩატარება
კანონპროექტის გაწვევაც გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ფორმალურად ის საკანონმდებლო საბჭოს მიერ განსახილველ კანონპროექტთა ჩამონათვალში რჩება. მისი გაწვევა პარლამენტიდან მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ ჰონგ-კონგის ხელმძღვანელის, კერი ლამის სიტყვები კანონპროექტის „სიკვდილის“ შესახებ დაპირებაა და არა ფაქტი. თუ ეს დაპირება არ შესრულდა, პარლამენტი ოქტომბერში დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს. დანარჩენი მოთხოვნები სრულად იგნორირებულია.
ოპოზიცია საყოველთაო არჩევნებისა და „ფუნქციური ოლქების“ გაუქმებას ითხოვს, ოლქების, რომლის მიხედვითაც ირჩევენ დეპუტატებს სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციებიდან - უმრავლესობა პრო პეკინურადაა განწყობილი, რადგან ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთთან. ოპოზიცია მოითხოვს ასევე ჰონგ-კონგის მეთაურის პირდაპირ არჩევნებს (ახლა არჩევნებს სპეციალური კომისია ატარებს). მოქმედი სისტემა პეკინს ჰოგნ-კონგზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ მოსახლეობის რეალურ განწყობებს არ ასახავს.
გამოიყენებს ჩინეთი ჯარს თუ არა?
ჰონგ-კონგში წესრიგის უზრუნველყოფა ქალაქის მთავრობის ვალდებულებაა. ამას პირდაპირ განსაზღვრავს 1984 წლის ჩინეთ-ბრიტანეთის დეკლარაცია და ჰონგ-კონგის მთავარი კანონის მე-14 მუხლი.
მაგრამ, იგივე მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ მთავრობას შეუძლია ჩინეთს დახმარება სთხოვოს და მისი არმიის სამხედრო ნაწილი, რომელიც ჰონგ-კონგშია განთავსებული გამოიყენოს თუ ეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ან ბუნებრივი სტიქიის დროს დასჭირდა. ასეთ შემთხვევაში ჰონგ-კონგის მთავრობა სამხედრო ნაწილის ჯარისკაცთა უფლებამოსილებას უთანაბრებს პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. 1997 წლიდან, როდესაც ჰოგნ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, ქალაქის მთავრობას არცერთხელ არ უთხოვნია ჩინეთისთვის მისი სამხედროების გამოყენების უფლება.
თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩინეთიდან ვრცელდება რეგულარული ცნობები იმის შესახებ, რომ საზღვრის მეორე მხარეს, ქალაქ შენჩჟენში წვრთნები ტარდება. ჩინეთის სამხედრო პოლიცია მასობრივ არეულობასთან ბრძოლის სცენარებს „ამუშავებს“. შენჩჟენიდან ჰონგ-კონგის ცენტრამდე დაახლოებით 25 კილომეტრია, ამიტომ 12 ათასი შეიარაღებული პოლიციელის გადაყვანა ჰონ-კონგში და მათი გამოყენება აქციების ჩასახშობად სწრაფად შეიძლება.
ჰონგ-კონჰში ჩინური გარნიზონის მეთაურმა განაცხადა, რომ არმია მზადაა „ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასაცავად“. გარდა ამისა, ჩინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მართავენ სამხედროები „ანტი საპროტესტო“ სწავლებებს. ჰონგ-კონგში ეს ვიდეო საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა პირდაპირ გაფრთხილებად მიიღეს.
მიუხედავად ამისა, ჩინური სამხედრო ნაწილის გამოყენება და მით უფრო ჩინეთიდან ჰონ-კონგში არმიის შეყვანის ალბათობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ეს სისტემის „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ დანგრევის ნიშანი იქნებოდა, რომლის ფარგლებშიც ჰონგ-კონგს 2047 წლამდე ფართო ავტონომია აქვს, და ერთდროულად რამდენიმე ნეგატიურ შედეგს გამოწვევდა.
ჩინეთი ტაივანთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსს დაკარგავს. ახლა კუნძულზე, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელია, მაგრამ ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ხელისუფლებაშია პრეზიდენტია ცაი ინვენი. ის „მწვანე ბანაკს“, ანუ იმ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს, რომლებიც ემხრობიან იმას, რომ ტაივანმა ჩინეთთან ფორმალურ ურთიერთობაზეც უარი თქვას და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. 2020 წლის იანვარში იქ საპრეზიდენტო არჩევნებია და ივენის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება პარტია „გომინდანას“ კანდიდატი „ცისფერი ბანაკიდან“, რომელიც ტრადიციულად ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა.
ჩვეულებრივ, „ცისფრების“ არგუმენტია: ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გაფართოება, რაც კუნძულზე ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. „მწვანეები“ კი პირიქით, ჩინეთისგან დისტანცირებას ემხრობიან, მაგრამ ამის ფასი ეკონომიკური პრობლემებია. ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა ჰონ-კონგში, ჩინეთს დაუკარგავს მისთვის მისაღები კანდიდატის არჩევის შანს ტაივანში და შესაძლო გაერთიანების საკითხს იმავე პრინციპით „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ დიდი ხნით მოხსნის დღის წესრიგიდან.
დასრულდება ჰონ-კონგის განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სთან. ახლა აშშ-ის და ჰონ-კონგის ურთიერთობები მოწყობილია 1992 წლის Hong Kong Policy Act-ის საფუძველზე, რომლის თანახმად, მეგაპოლისი დამოუკიდებელ ტერიტორიად მიიჩნევა და მასზე არ ვრცელდება ვაჭრობის სფეროში ის შეზღუდვები, რაც ჩინეთს აქვს დაწესებული (მათ შორის ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლი და სპეციალური დამატებითი ტარიფები, რაც სავაჭრო ომის შემოღებისას ამოქმედდა). თუ ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა დაირღვევა, აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედი ყველა შეზღუდვა და ტარიფი შესაძლოა მასზეც გაავრცელოს.
გარდა ამისა, აშშ-ის შეუძლია მიიღოს Hong Kong Human Rights and Democracy Act (ამ სახელწოდების დოკუმენტის პროექტი კონგრესმა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიმუშავა), რასაც ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები აქტიურად ემხრობიან. აქტი „მაგნიტსკის კანონის“ მსგავსია და ჰონგ-კონგის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, ასევე ეს დოკუმენტი შეზღუდავს ჩინური კომპანიების წვდომას ამერიკული კაპიტალის ბაზარზე.
ჰონ-კონგი დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის რეპუტაციას. ახლა ეს მეგაპოლისი - ნიუ-იორკის და ლონდონის გვერდით, მსოფლიოს მთავარი ფინანსური ცენტრების სამეულშია და ერთ-ერთი მთავარი მოედანია უცხოეთში ჩინური კომპანიების აქციების განთავსებისათვის (ისევ ნიუ-იორკთან ერთად) და ჩინეთში უცხოური ბიზნესის შესვლის მთავარი წერტილია. მაგრამ უცხოური ბიზნესი ჰონგ-კონგში უკვე განიხილავს ძირითადი საქმიანობის, მაგალითად სინგაპურში გადატანის შესაძლებლობას. ნებისმიერი რეპუტაციული დარტყმა, რომელიც არმიის გამოყენებას მოჰყვება, ამ პროცესს დააჩქარებს. ჯარის შეყვანა თითქმის გარდაუვლად გამოიწვევს კაპიტალის გადინებას და ჩინურ ბიზნესს საზღვარგარეთ დაფინანსების მოპოვებაში პრობლემებს შეუქმნის.
ჩინეთისთვის გაუარესდება აშშ-სთან სავაჭრო ომის შედეგები. და ბოლოს, პროტესტის ძალიან მკაცრი ჩახშობა შეიძლება აშშ-ის მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ უფრო ფართო სანქციების მიზეზი გახდეს - ისეთივე სანქციების, როგორიც 1989 წელს ამოქმედდა ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების დახვრეტის შემდეგ. ეს გაართულებს ჩინეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც ამერიკელებთან სავაჭრო ომის პროცესში ისედაც არ აკლია პრობლემები და კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნისთვის მაღალტექნოლოგიური წარმოების მოზიდვას, რომელიც მას ძალიან სჭირდება. შარშანდელი ივლისის მონაცემებთან შედარებით, ქარხნული წარმოება ჩინეთში 4,8%-ით გაიზარდა, რაც ამ ქვეყნისთვის ცოტაა. მეტიც, ეს 2002 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ამიტომ, მიუხედავად მკაცრი განცხადებებისა, ჩინეთისთვის სამხედროების გამოყენება უკანასკნელი შესაძლებლობაა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში შეიძლება მიმართოს. მანამდე აქციების ჩახშობას ჰონგ-კონგის პოლიციის ძალით შეეცდებიან.
23 აგვისტოს, ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა აეროპორტში საპროტესტო აქციების ამკრძალავი დადგენილება.
კომენტარი:
დღევანდელ ჩინეთს სერიოზული სეპარატისტული პრობლემები აქვს, რომლებიც „ჩინეთის სესეციონისტური მოძრაობების“ (The Chinese secessionist movements) სახელწოდებით დამკვიდრდა უკვე პოლიტოლოგიაში.
ეს მოძრაობებია: 1. ჩინეთის სინძიანის ოლქში მცხოვრები, თურქული წარმოშობის, უიგურების სეპარატიზმი, 2. ინდოეთის მიერ მხარდაჭერილი ტიბეტური სეპარატიზმი, 3 ამერიკანიზირებული ტაივანის დე ფაქტო დამოუკიდებელი კუნძული; და 4. ბრიტანიზირებული ჰონგ კონგი, რომელიც სისტემის - ერთი სახელმწიფო - ორი სისტემის შემადგენელი ნაწილია.
როგორც ვხედავთ, ამ მოძრაობების უკან, პირდაპირ თუ ირიბად (როგორც ახლა მიღებულია - ჰიბრიდულად) დგანან უცხოეთის ისეთი დიდი სახელმწიფოები. როგორიცაა თურქეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო.
პეკინი ოთხივე რეგიონს უდიდეს ყურადღებას აქცევს და არც ერთი წამით არ უშვებს რომელიმე მათგანისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესაძლებლობას.
საინტერესოა, რომ ჩინეთის მთავრობა გაცილებით უფრო ეფექტიანია უიგურებისა და ტიბეტელების სეპარატიზმის გამკლავებაში, ვიდრე ტაივანელებთან და ჰონგ კონგელებთან დაპირისპირებაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო.
სინძიანისა და ტიბეტის შემთხვევაში მათ საქმე აქვთ არა ჩინური ეთნოსების წარმომადგენლებთან, რომელთა, დაჩაგვრა და ფიზიკური განადგურებაც კი ჩინეთის დანარჩენი მოსახლობის მიერ, ფრიად დასაშვებია. ხოლო რაც შეეხება, ტაივანსა და ჰონგ კონგს, ამ სეპარატისტულ ერთეულებში, უპირატესად, ჩინური ეთნოსის მოსახლეობა ცხოვრობს და სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, პეკინს ახალი, „ტიანანმენის“ ტიპის გაცილებით მასშტაბური, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება მოუწევს, რასაც ის ერიდება და, რაც, ალბათ, ერთად - ერთი, მთავარი მიზეზია, იმისა, თუ რატომ ითმენს ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი მის უშუალო საზღვრებთან ამერიკანიზირებული ტაივანისა და ბრიტანიზირებული ჰონგ კონგის არსებობას.
ტაივანი და ჰონგ კონგი იმითაცაა უფრო საშიშია პეკინის კომუნისტური, ტოტალიტარული რეჟიმისათვის, რომ არც ტიბეტელებსა და არც უიგურებს, ამ ეტაპზე, არა აქვთ ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის არც სურვილი და არც შესაძლებლობა, განსხვავებით ტაივანისა და ჰონგ კონგის ჩინური მოსახლეობისა, რომლებმაც უკვე, დიდი ხანია, გაიგეს დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სიკეთეების გემო და არის იმის საშიშროება, რომ მათ ამ დასავლური იდეოლოგიის ექსპორტი კონტინენტალურ ჩინეთშიც მოახდინონ.
შესაბამისად, ჰონგ კონგის საპროტესტი აქციები გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთისათვის, ვიდრე ეს შეიძლება ერთი დანახვით ჩანდეს. დასავლური სააგენტოები ამ აქციების გაშუქებისას, ჰონგ კონგს ისე წარმოადგენენ, თითქოს ის ჩინეთის მიმდებარე მეზობელი ქალაქი სახელმწიფო იყოს. არა და ეს ასე სულაც არაა. ჰონგ კონგი ჩინეთის სახელმწიფო ორგანული ნაწილია. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის პეკინის რეჟიმი და არაა გამორიცხული, თუ ჰონგ კონგელები ამ აქციებს გააგრძელებენ და ისინი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებენ, მაშინ სი ძინპინმა, რომელსაც, მაოს შემდეგ, ყველაზე ძლიერ მმართველად აღიარებენ, სამხედრო ძალა გამოიყენოს ჩინეთის „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ.
[1] მსოფლიოში არსებულ ყველა სტრატეგიულ საზღვაო სრუტეს დღეს ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალები იცავს და მათი შეცვლის არც შესაძლებლობა და, შესაბამისად, არც სურვილი არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ გააჩნია.
[2] ფინეთიზაცია - დიდი სახელმწიფოს მიერ მისი მცირე მეზობელ სახელმწიფოზე გავლენას მოხდენა.
[3] „სამხრეთ ჩინეთის ზღვის 9 გამყოფი ხაზი“ - მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ 1947 წელს გავლებულ სადემარკაციო ხაზს, რომლის მიხედვითაც პარასელის კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიები ვიეტნამს და ტაივანს აქვს და სფრეთლის კუნძულები, რომლებსაც ფილიპინები, მალაზია, ბრუნეი და ვიეტნამი ითხოვს, ჩინეთის საკუთრებაა.
[4] თავის მხრივ, ტაივანის მთავრობა, დღემდე, კონტინენტალურ ჩინეთს თავის ნაწილად განიხილავს, რომელიც დროებით არის ოკუპირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ.
[5] 22 ოქტომბერს, ამერიკულმა სამხედრო საზღვაო გემებმა ტაივანის სრუტეში გაიარეს, ჩინეთსა და აშშ-შორისი მზარდი დაძაბულობის ფონზე. The USS Curtis Wilbur-მა და The USS Antietam-მა ეს რუტინული მანევრი იმის საჩვენებლად განახორციელეს, რომ აშშ კვლავ ერთგულია „თავისუფალი და ღია“ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის პრინციპისა, განაცხადა აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის სპიკერის მოადგილემ ნეიტ კრისტენსენმა „აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები განაგრძობენ, ფრენას, ცურვას და ოპერირებას ყველგან, სადაც ეს საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულია,“ თქვა მან. ამ ტრანზიტის დროს ამერიკულ გემებს, უსაფრთხო დისტანციაზე, რამდენიმე ჩინური გემი აკონტროლებდა. ეს ვოიაჟი რისკავს კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობები ჩინეთთან, მაგრამ ტაივანი, რომელიც დამოუკიდებლად მართავს თავის თავს, ალბათ ამას აღიქვამს, როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობის მხარდაჭერის გამოხატულებას, მაშინ როდესაც დაპირისპირება ტაიპეისა და პეკინს შორის სულ უფრო და უფრო მატულობს. ბოლო სამი თვის მანძილზე, აშშ-ს გემებმა ეს უკვე მეორედ განახორციელეს მანევრი, რომელიც ემსახურება „ნავიგაციის თავისუფლების“ პრინციპის გაძლიერებას.
[6] ისრაელის 2019 წლის ბიუეჯტი 119 მილიარდი დოლარია, ხოლო ტაივანის 400 მილიარდი. ისრაელი, ამას გარდა, ამერიკის ფინანსური დახმარების ნომერ პირველი მიმღებია. ყოველს წელს ის ამერიკისგან 8 მილიარდ დოლარს იღებს საჩუქრად.
[7] Poligraph.info - ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფალი ევროპის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ხდება მთელ მსოფლიოში გავრცელებული და გაზიარებული დეზინფორმაციებისა და მცდარი ინფორმაციების გადამოწმება.
[8] Global Risk Insights - დააფუძნა ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) 4-მა კურსდამთავრებულმა. რომელთა მიზანი იყო პოლიტიკური რისკების რადიკალური ტრანსფორმირება. „ჩვენ დავინახეთ, რომ მრეწველობის სფერო გაჭედილი იყო ტრადიციულ მიდგომებში და მასზე წვდომა ბაზრის ყველა მოთამაშეს არ ჰქონდა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებსა და ინვესტორებს. ჩვენ შევეცადეთ 21ე საუკუნეში შეგვემუშავებინა პოლიტიკური რისკის ინდუსტრია ახალი რადიკალური მიდგომებით და უზრუნველვყავით, რომ ჩვენი ანალიზი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ბიზნესისთვის მცირე იქნებოდა ის, თუ დიდი, დაწყებული სტარტ-აპებითა და საინვესტიციო ფირმებითა და მრავალეროვნული კომპანიებით დამთავრებული.“
[9] ში მინი (Shi Ming) - გერმანიაში მოღვაწეობს და წერს ARD, ZDF ტელეარხებისთვის, ზოგადეროვნული რადიო Deutschlandfunk -ისთვის და ასევე ისეთი ბეჭვდითი გამოცემებისთვის, როგორიცაა Frankfurter Allgemeine Zeitung, Süddeutsche Zeitung, Le Monde Diplomatique და Cicero).