რუსეთის სამხედრო ბაზები ცხინვალის რეგიონში

ავტორი:

საზოგადოებისთვის, ზოგადად, ცნობილია იმის შესახებ, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის არაერთი სამხედრო ბაზაა განთავსებული, სადაც, ჯამში, დაახლოებით 5,000 სამხედრო მოსამსახურე იყრის თავს. ეს რიცხვი მოიცავს როგორც რუსულ არმიას, ისე მასში ინტეგრირებულ ოსურ ძალებს, რომლებიც, ერთიანობაში, რუსეთის 58-ე არმიის ნაწილია.
 

ამასთან, სამხედრო ბაზების განლაგების ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანია. მხოლოდ სატელიტური რუკების მონაცემებით, სულ მცირე 18 სამხედრო ბაზის ლოკალიზება  ხერხდება.  ესენია (ვიწყებთ მცხეთა-მთიანეთის მოსაზღვრე ბაზებით, ვაგრძელებთ შიდა ქართლის მოსაზღვრე ბაზებით, შემდეგ იმერეთის, ბოლოს კი ცხინვალის რეგიონის სიღრმეში არსებულით):
 

  1. სოფელ ბალაანთან, ფასანაურის გასწვრივ, დაახლოებით 15 კმ
  2. სოფელ ლარგვისთან, ანანურის გასწვრივ, დაახლოებით 15 კმ
  3. სოფელი ახმაჯი, ლამისყანადან დაახლოებით 5 კმ
  4. სოფელი ორჭოსანი, ცენტრალური გზის ხურვალეთის მონაკვეთიდან დაახლოებით 5 კმ
  5. სოფელი გდულეთი, ცენტრალური გზის შავშვების მონაკვეთიდან დაახლოებით 5 კმ
  6. სოფელი ღრომი, სოფელ მეჯვრისხევიდან დაახლოებით 3 კმ
  7. სოფელი აძვისთავი, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი აძვიდან 1 კმ
  8. სოფელი დისევი, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი გუგუტიანთკარიდან 1 კმ
  9. სოფელი დმენისი, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მერეთიდან 3-4 კმ
  10. ცხინვალი, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 4-5 კმ
  11. სოფელი ავნევი, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი დვანიდან 4-5 კმ
  12. სოფელი დიდმუხა, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი დვანიდან 1 კმ
  13. სოფელი სერიბალთა, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ატოციდან 3-4 კმ
  14. სოფელი სინაგური, ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი პერევიდან 2-3 კმ
  15. სოფელი ვახტანა, ზნაურის (ყორნისის) მუნიციპალიტეტი
  16. დაბა ყორნისი, ცხინვალიდან 25 კმ
  17. დაბა ჯავა, ცხინვალიდან 22 კმ
  18. კვაისა, რაჭის მხარეს ცენტრ. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 2 კმ


რუკა გვაჩვენებს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზები განლაგებული აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ყველგან, სადაც რელიეფი ამის საშუალებას აძლევს. მაგალითისთვის, მცხეთა-მთიანეთის მიმდებარედ, სოფელ მლეთასთან და ფასანაურთან ახლოს, გამყოფი ქედი არ აძლევს საშუალებას ბაზა განალაგოს 15 კილომეტრზე ახლოს. ამიტომ ამ მონაკვეთზე მათი ბაზები ბალაანთან და ლარგვისთან არის.
 

ყველაზე დიდი კონცენტრაცია შიდა ქართლში, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ არის: როგორც ვნახეთ, ახმაჯი, ორჭოსანი და გდულეთი ცენტრალური ტრასიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრის დაშორებითაა. ეს ის მონაკვეთის, სადაც ადმინისტრაციული საზღვარი მაგისტრალთან  ყველაზე ახლოს არის. სწორედ ამიტომ, დაახლოებით, სოფელ ხურვალეთთან, წითელუბანთან და შავშვებთან ჩავლისას, ორჭოსანის და გდულეთის ბაზები პირდაპირ ჩანს, შეუიარაღებელი თვალით. 


ღრომის, აძვისთავის, დისევის და დმენისის ბაზები მაქსიმალურად მჭიდროდ არის ადმინისტრაციულ საზღვართან და რამდენიმე მსხვილ ქართულ სოფელთან, როგორიცაა მეჯვრისხევი და მერეთი.
 

ცხინვალის დასავლეთით უკვე ქარელის მუნიციპალიტეტის გასწვრივ, ადმინისტრაციულ საზღვართან ასევე მაქსიმალურად მჭიდროდ არის ავნევის, დიდმუხას და სერიბალთას ბაზები. საუბარია 1-დან 4 კმ-მდე დაშორებაზე.
 

რაც შეეხება იმერეთისა და რაჭის მოსაზღვრე ტერიტორიას, აქ საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრედ არის სინაგურის ბაზა (პერევთან) და კვაისას ბაზა ონთან.
 

რუსული სამხედრო ბაზების უმრავლესობა არ არის აღჭურვილი მძიმე ტექნიკით. ამის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ხსენებული ბაზები, საჭიროების შემთხვევაში, ქართული არტილერიით მარტივი ხელმისაწვდომია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დამოუკიდებელი სამხედრო ამოცანის გადაჭრის უნარის მქონენი იყვნენ. მათი ძირითადი ფუნქცია ტერიტორიის კონტროლი, მოსახლეობის უკანონო დაკავება, დაშინება და სტატუს ქვოს გამყარების მცდელობაა. თეორიაში, წინააღმდეგობის გაუწევლობის პირობებში, მათ ნაწილს შეუძლია მოკლე ვადაში დაიკავოს რამდენიმე საკვანძო მაგისტრალი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამის ეფექტურად განხორციელებას მხოლოდ ქართული მხრიდან წინააღმდეგობის გაუწევლობის შემთხვევაში შეძლებენ.
 

გააზიარე: