ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის” ეკონომიკური ხედვა


1.    საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა
 

ეკონომიკური ზრდა თითოეული ქვეყნისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ქვეყანაში ცხოვრების დონეს და მეტყველებს პროგრესზე. ეკონომიკური ზრდის მიღწევა კი მჭიდრო კავშირშია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებასთან.


ბოლო წლებში განვითარებული ეკონომიკური ცვლილებები მუდმივ გამოწვევას წარმოადგენდა თითოეული ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსთვის. განსაკუთრებული ფაქტორებიდან ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ Covid – 19 -ის პანდემია, რომელმაც ძირეულად შეცვალა ეკონომიკური მიდგომები და წარმოშვა მდგრადი ეკონომიკური მოდელების ინტეგრირების აუცილებლობა. 


აღსანიშნავია ასევე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური შოკიდან გამოსასვლელად ქვეყნებმა შექმნეს ინდივიდუალური ეკონომიკური სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები.


როგორც სხვა ქვეყნების, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დაზარალებული სექტორების მხრივ, ტურისტულიც აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (შემდგომში მშპ) დაახლოებით, 8%-ს შეადგენდა, რაც, თავის მხრივ, დასაქმების ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენდა. 


აღსანიშნავია, რომ  საქართველოში 2019 წელს, პანდემიამდე, დაახლოებით 9 მილიონი ტურისტი დაფიქსირდა, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენდა. 


კოვიდ 19-მა კი ყველაზე მეტად სწორედ ტურისტული სექტორი დააზარალა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია  შემოსავლების კლება მოსახლეობაში, სამუშაო ადგილების დაკარგვა და შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დიდი აქცენტი გაკეთდა შიდა ტურიზმის განვითარებაზე. შეიქმნა წახალისების მექანიზმები, თუმცა, თითოეული გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა  ეფექტურობის მაჩვენებელი ყოფილიყო, ჯამში ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. 


მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ ომის განახლება . 


უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებად, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ირგვლივ განვითარდა. აღნიშნულმა ასევე, გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.


ის, რომ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მსგავსი სახის სამხედრო კონფლიქტები მჭიდრო კავშირშია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, წარმოადგენდა გაეროს 2023 წლის მდგრადი განვითარების ასამბლეაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც, თავის მხრივ, სამიტის რეპორტშიც იქნა შეტანილი. ასევე, რუსეთის მიერ ომის განახლებამ უკრაინაში, კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. 


ამასთან აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის რეპორტში, გამოიკვეთა ეკონომიკისა და პოლიტიკის მჭიდრო თანხვედრა, მათ შორის,  მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ფონზე, თანაც, განსაკუთრებით - განვითარებადი ქვეყნებისათვის.


მიუხედავად რეგიონში მიმდინარე კონფლიქტისა, 2022 წელს საქართველომ მიაღწია 10%-იან ეკონომიკურ ზრდას. ამასთანავე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს ეკონომიკური ზრდა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთ-უკრაინის ომთან, კერძოდ კი, საქართველოში მიგრანტების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან (სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში რუსეთის 1,459,546 მოქალაქე შემოვიდა). სხვა გარემოებებთან ერთად,  მიგრაციამ ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, უცხოური ვალუტის შემოდინებასა და პროდუქტებსა თუ სერვისებთან დაკავშირებულ მოთხოვნის ზრდაზე.


2022 წლის აღნიშნული მაჩვენებელი  დადებითად აისახა პოსტპანდემიურ პერიოდზე და, თავის მხრივ, გავლენა იქონია  ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორზე, ტურიზმზე. 


აღსანიშნავია ასევე, რომ 2022 წელს დაფიქსირდა ინფლაციის 12%-იანი მაჩვენებელი. თუმცა, აქვე ხაზგასასმელია ისიც,  რომ ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში სტაბილურდება, როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე:

 

 


  
*შენიშვნა: საქსტატის აღნიშნულ ინფოგრაფიკაში მარჯვენა ქვედა გრაფაში 2022 წლის ნაცვლად მოცემული უნდა იყოს  2023 წელი.  
2023 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით შემცირებულია, რაც, ასევე, შესაძლოა დავიდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან მაჩვენებელზე.


2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (შემდგომში FDI) დაახლოებით 40%-ით აღემატებოდა 2021 წლის ინვესტიციებს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 პანდემიურ წელს წარმოადგენდა: შესაბამისად 2022 წელს საინვესტიციო ბრუნვა ბევრად უფრო გახსნილი იყო და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა.ასევე დავძენთ რომ იმისათვის, რომ ქვეყნის საინვესტიციო პროგრესი შეფასდეს, საინტერესო იქნება 2022 და 2023 ფისკალური წლების შედარება. 


FDI-ის მაჩვენებლით 2022 წელს ყველაზე დიდ 20.8%-იან წილს დიდი ბრიტანეთი იკავებდა, 17.2%-ს ესპანეთი, 9.4%-ს ნიდერლანდები, 8.4%-ს აშშ, ხოლო დანარჩენი ქვეყნები - 44.2%. 


სექტორულ ჭრილში 2022 წელს ყველაზე დიდი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაზე მოდიოდა (25.6%), რომელსაც უძრავი ქონების (17.5%), წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა (9.4%), ვაჭრობა (9.0%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (7.9%) მოსდევდა, დანარჩენი წილი კი ნაწილდებოდა სხვადასხვა სექტორზე. 


ხაზგასასმელია, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საინვესტიციო წილით  წარმოდგენილი იყო ენერგეტიკისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორები. 


საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ  2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  2023 წლის იანვარ-ივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.


2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები  არიან: რუსეთი (266.6 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (197.8 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (188.2 მლნ. აშშ დოლარი).


ადგილობრივი ექსპორტის ათეულში, პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები 336.2 მლნ. აშშ დოლარით არის წარმოდგენილი. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 125.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 109.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).


2023 წლის მონაცემებით საქართველოში  ასევე გაზრდილია  იმპორტის მაჩვენებლები, აღნიშნული კუთხით, ყველაზე მსხვილ საიმპორტო ქვეყანას წარმოადგენს თურქეთი, რომელსაც მოჰყვება რუსეთი და აშშ. 


1.1 საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის შეფასება


როგორც აღვნიშნეთ, პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და მისი ეკონომიკური ზრდა რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა და 2022 წელს ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწია. ხოლო, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდა 7.5%-ს აღწევდა. მეტიც, მაგალითად, გასული წლის მონაცემებით მშპ ერთ სულზე 6 671 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5 000 $ მცირედით თუ აჭარბებდა. 


ამ ერთი შეხედვით პოზიტიური მონაცემების ფონზე, მაინც, გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალური მაჩვენებლებიც. მაგალითად, არსებული მონაცემებით, უმუშევრობის დონე 17.3%-ს აღემატება, რაც განვითარებული ან განვითარებადი ქვეყნების შედარებით, საკმაოდ მაღალია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად 3.7 მილიონიან ქვეყანაში სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 17.4 % იღებს, რაც 676,641 ადამიან უდრის. 


ერთი შეხედვით პარადოქსია ამ ორი სრულიად განსხვავებული ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ ქვეყანაში არსებობა, თუმცა, ხაზგასასმელია გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება დაბალი ინკლუზიურობით, რაც თავის მხრივ, განაპირობებს აღნიშნული ორი მაჩვენებლის თანაარსებობას.  უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, ქვეყანაში ნაწარმოები სიკეთე და დოვლათი მხოლოდ მცირე ჯგუფების კეთილდღეობაზე ისახება, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სიკეთეს ვერ გრძნობს.


საგულისხმოა ისიც, რომ მშპ არ წარმოადგენს იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას ნათლად აღწერდეს. ძალიან ბევრი ქვეყანა ამისთვის სხვა, შედარებით უფრო მოქნილ მეთოდოლოგიას იყენებს, როგორიცაა მაგალითად, PPP-ის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი), რაც უფრო თვალსაჩინო სურათს გვაძლევს, ვიდრე მშპ.


„ჯეოქეისის“ აზრით, შესაძლებელი და აუცილებელია  მაღალი ინკლუზივობის მიღწევა და ქვეყანაში ნაწარმოები სიკეთის თანაბრად გადანაწილდება მოსახლეობაზე. აღნიშნულის მიზნით, რამდენიმე პრაქტიკულ რესურსს დავასახელებთ.


1.2 DCFTA:


საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). 


საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N 186 დადგენილებით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ასპექტების განხორციელების ზოგადი კოორდინაცია და მონიტორინგი.


გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
 

DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოიცვას შემდგომი მიმართულებები: 

1.    საქონლით ვაჭრობა;
2.    ვაჭრობაში დაცვითი ზომები;
3.    ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება ;
4.    სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები;
5.    საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა;
6.    დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია;
7.    მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა;
8.    საჯარო შესყიდვები;
9.    ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;
10.    კონკურენცია;
11.    ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში;
12.    გამჭვირვალობა;
13.    ვაჭრობა და მდგრადი განვითარება;
14.    დავების მოგვარება;
15.    დაახლოების ზოგადი დებულებები.


1.3 Diagonal Cumulation: 


საქართველომ, ევროკავშირმა და თურქეთმა 2021 წლის 29 აპრილს გააფორმეს ხელშეკრულება ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შესახებ, რომელიც  ქართველ მეწარმეებს აძლევს ევროკავშირში ექსპორტის დამატებით ხელშემწყობ საშუალებას. კერძოდ, საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომელშიც გამოყენებულია თურქული ნედლეული,  თავის მხრივ, თანაბრად ისარგებლებს ყველა იმ შესაძლებლობითა და სარგებლით,  რაც საქართველოს DCFTA-ს ფარგლებში გააჩნია.


2023 წლის მონაცემებით, ლიდერობს ტექსტილის ინდუსტრია, რომლის მაჩვენებელიც დიაგონალური კუმულაციის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გაორმაგებულია. 


მიუხედავად შესაძლებლობებისა და სარგებლისა, დიაგონალური კუმულაციის მხრივ არსებობს გამოწვევები, ერთი მხრივ აღსრულების, ხოლო მეორე მხრივ ცნობადობის კუთხით. ასე მაგალითად, ტექსტილის სექტორისაგან განსხვავებით,  სხვა სექტორები ჯერჯერობით ვერ იყენებენ ხსენებულ შესაძლებლობას ისეთივე წარმატებით. 


1.4 საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები


მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის უკრაინაში ომის განახლებამ, მსოფლიოში მიწოდებათა ჯაჭვის პროცესი რადიკალურად შეცვალა, განსაკუთრებით, აზიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის ირგვლივ. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდგომ, შუა დერეფნის პროექტის აქტუალურობასა და მნიშვნელობას არა ერთხელ გაესვა ხაზი, სადაც საქართველო ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს. 


საქართველოსთვის, შუა დერეფნის პროექტის განხორციელების მხრივ, იქმნება შესაძლებლობათა ნაკადი, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს მხრიდან უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელება, რისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 


შუა დერეფანთან ერთად, საქართველოსთვის უაღრესად საინტერესო და მიმზიდველ პროექტს წარმოადგენს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტი, რომელიც dაკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს. 


აღსანიშნავია, რომ ხსენებული შესაძლებლობები საქართველოს მხრიდან სწორად უნდა იქნას გამოყენებული, რათა ერთი მხრივ განვითარდეს ეკონომიკური გარემო, ხოლო მეორე მხრივ საქართველო იქცეს რეგიონში გლობალური ლოგისტიკური პროცესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად.

 
1.5 საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წელს:


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის  4-5%-ს მივიღებთ.  ხოლო, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა  4.5%-ით გაიზრდება. 


IMF - ის პროგნოზის თანახმად, 4-5%-იანი ეკონომიკური მატება, რაც ასევე ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკური მოდელების ზრდასა და ინვესტიციების გააქტიურებას, მკვეთრად განსხვავდება 2022 წლის მაჩვენებლისაგან. 


საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გარდამტეხი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც  ქვეყანაში შექმნის მდგრად ეკონომიკურ საფუძველს,  მათ შორის, მომდინარეს იმ ფაქტორებიდან,  რომლებიც რეგიონსა და საქართველოში ვითარდება. 
 

2.    „ჯეოქეისის“ ეკონომიკური დღის წესრიგი


„ჯეოქეისის“ ეკონომიკურ დღის წესრიგს წარმოადგენს, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების სიღრმისეული ანალიზისა და კვლევის ფონზე, საუკეთესო გზების შეთავაზება, ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.


„ჯეოქეისი“ ეკონომიკური ხედვა და იდეები მჭიდრო კავშირშია ინოვაციებთან, მწვანე ეკონომიკასთან, დიგიტალიზაციასთან, ევროკავშირთან სავაჭრო/ეკონომიკური პროცესების განვითარებასა და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებასთან, განახლებად ენერგიებთან, საინვესტიციო კლიმატის გაჯანსაღებასთან, რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებასთან და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან.


მუდმივი მონიტორინგისა და მდგრადი უკუკავშირის მექანიზმების ჩამოყალიბებით, „ჯეოქეისი“ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იკვლევს, ავითარებს და საუბრობს ეკონომიკურ საკითხებზე, რომელიც გრძელვადიან ხედვაში უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად განვითარებას. 


2.1  „ჯეოქეისის“ პოზიცია ეკონომიკაში მაღალი ინკლუზივობის მისაღწევად


ამ მხრივ, „ჯეოქეისის“ პოზიცია გამომდინარეობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებიდან, რომელთა მოგვარებითა და გადაჭრით, შესაძლებელია ქვეყანაში მაღალი ინკლუზივობის მიღწევა.


განსჯისათვის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მოდელი, რომელიც უფრო მეტად ორიენტირდება მომსახურების ეკონომიკისაკენ. ეგზოგენური შოკების დროს, აღნიშნული მიმართულება გამოირჩევა დაბალი ინკლუზივობითა და მაღალი მოწყვლადობით, რაც თავის მხრივ Covid 19-ის პანდემიის დროს უფრო მეტად დადასტურდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ვარდნას წარმოადგენდა. 


სწორედ ასეთი შოკების გადასაზღვევად და მაღალი ინკლუზივობის მისაღწევად არის საჭირო ახალ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა, რომელიც მომსახურების ეკონომიკიდან  ქვეყანას მწარმოებელი ეკონომიკაზე გადაიყვანს. ეს კი ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ინკლუზივობის წინაპირობა იქნება, როგორც საშუალოვადიან ისე  გრძელვადიან პერსპექტივაში.


„ჯეოქეისის“ შეფასებით ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს საკანონმდებლო და საგადასახადო ცვლილებების გატარებით. ჩვენი აზრით, ფუნდამენტური და სწორად დაგეგმილი საგადასახადო-საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას და გაზრდის სამუშაო ადგილებს. აღნიშნული ცვლილებები  წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, ისევე როგორც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების სტაბილურობას. 


ასე მაგალითად, ჩვენ თუ შევხედავთ „თამბაქოს შესახებ“ კანონს, ის თავისი არსით მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივ წარმოებასთან. რომელიც ადვალური გადასახადისა თუ აქციზური განაკვეთების გათანაბრების ხარჯზე, მნიშვნელოვნად არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ადგილობრივ წარმოებას. კერძოდ კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზების გათანაბრება პირდაპირი დარტყმა იყო თამბაქოს ადგილობრივი წარმოებისთვის, რადგან უფილტრო სიგარეტის 90%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების იყო და ეს უკანასკნელი შედარებით ბიუჯეტურ პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტური პროდუქციის იგივე განაკვეთით დაბეგვრამ, როგორც იმპორტირებული პრემიუმ პროდუქცია იბეგრება, ადგილობრივი წარმოება არათანაბარ პირობებში ჩააყენა და პრაქტიკულად მოკლა. 


ამას ადასტურებს კიდეც ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზების რაოდენობა ადგილობრივ თამბაქოს წარმოებაზე. რომელიც, კანონის ამოქმედების შემდეგ დრამატულად შემცირდა. 


მისი მეორე ეფექტი კი ფასების დონეზე მნიშვნელოვანი გადაცემა იყო, რომელმაც ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა და ფასების დონემ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელს.


ფასების დონეზე კიდევ ერთი წნეხს ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდა წარმოადგენს. კერძოდ, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთი წლების წინ ერთჯერადი საჭიროების გამო გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი  2017 წელს „გადასახადების ესტონური მოდელის“ გამო ბიუჯეტში ერთჯერადი დეფიციტი შეიქმნა, რომელიც სწორედ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდით იქნა დაბალანსებული. 


შესაბამისად, აღნიშნული აქციზური განაკვეთის 2017 წლამდელ ნიშნულზე დაბრუნება, 2018 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს შეიძლებოდა. ეს ცვლილება ქვეყანაში ერთი მხრივ კერძო სექტორს მეტ თანხას დაუტოვებდა, ხოლო მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებდა წნეხს ფასების საერთო დონეზე.

 
მწარმოებელი ეკონომიკის რელსებზე ქვეყნის გადაყვანა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკასთან. სწორად განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკა წარმოადგენს ეკონომიკური დარგების დივერსიფიკაციისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტს და ამის პარალელურად მნიშვნელოვანი ხელშემწყობია დასაქმების ზრდის მიმართულებით. 


სწორედ საინვესტიციო პოლიტიკის განმსაზღვრელი  დოკუმენტით ურთიერთობს სახელმწიფო ინვესტორებთან; ამბობს, თუ რომელი ტიპის ინვესტიცია უფრო ხელსაყრელია ქვეყნისთვის, რომელი ინვესტორისა და რა ტიპის შეთავაზება მეტად დააინტერესებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრაქტიკულად საერთოდ არ გააჩნია გაცხადებული საინვესტიციო პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში მას დღის სინათლე, ნამდვილად არ უნახავს. 


ნიშანდობლივია ისიც, რომ  ქვეყანა, რომლის მთავარი რესურსიც წყალია, არ გააჩნია ენერგეტიკის სამინისტრო, რაც თავის მხრივ აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. 


დღეს, ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას წარმოადგენს, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოპოვება.  „მეტობა“ ერთი მხრივ დადებითი მოვლენაა, თუმცა, ახლავს ხარვეზები და რისკები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იქნას დაბალანსებული. 


საინვესტიციო მიმართულებების გაანალიზებით, დავინახავთ, რომ მოწინავე პოზიციებს საფინანსო სექტორი, ხოლო უკანასკნელს კი მსოფლიოს მეურნეობა იკავებს.


ბუნებრივია ისიც,  როდესაც ინვესტორი ინტერესდება იმ დარგით, რომელიც უფრო მაღალ ლიკვიდურია, რომელი დარგიდანაც მეტ მოგებას მიიღებს ნაკლებ დროში. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დარგები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. 


აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწყვლად დარგებს (საინვესტიციო კუთხით) ესაჭიროებათ მეტი მოტივაცია და ინვესტორთათვის დამატებითი ბიძგი, რათა მათ თავიანთი კაპიტალი, შედარებით ნაკლებ მომგებიან დარგში დააბანდონ.


მკაფიოდ გაწერილი საინვესტიციო სტრატეგია, ერთი მხრივ ინვესტორთათვის, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად  დამატებით სტიმულსა და მოტივაციასთან პირდაპირ კავშირშია. 
 

3. „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების სამოქმედო გეგმა


ეკონომიკური მიმართულების სამოქმედო გეგმა გულისხმობს პროაქტიულ მოქმედებებს, ჩართულობას, კვლევებს, ანალიზსა და იდეების გენერირებას. 


„ჯეოქეისის“ ეკონომიკური გუნდი კონცენტრირდება იმ ასპექტებზე, რაც სიახლეა ქართული ეკონომიკისთვის; საამისოდ  წარმოადგენს   შესაბამისად პუბლიკაციებსა და ნაშრომებს. 


„ჯეოქეისის“ ეკონომიკური გუნდი თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან, „ჯეოქეისის“ ეკონომიკური გუნდი ერთვება პარტნიორ დაწესებულებებთან თანამშრომლობით ანალიტიკურ, სამეცნიერო, ეკონომიკურ აქტივობებში,  ვორქშოფებში, სემინარებში და ა.შ. 

გააზიარე: