2023 წლის 29 ნოემბერს, ასი წლის ასაკში, გარდაიცვალა მსოფლიო დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლიტიკური მეცნიერი, გეოპოლიტიკური კონსულტანტი და პოლიტიკოსი, ჰენრი კისინჯერი. მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციებზე მუშაობის მანძილზე, წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც აშშ-ს, ისე გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში.
ჰენრი კისინჯერი 1923 წლის 27 მაისს, ბავარიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა და, 1938 წელს, გერმანიის ნაცისტურ რეჟიმს გაექცა შეერთებულ შტატებში. იგი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდობისას, როგორც გერმანული და ინგლისური ენების მცოდნე, თავად აშშ-ს საგარეო დაზვერვის მომავალ ხელმძღვანელს, ალენ დალესს უთარგმნიდა საუბრებს ნაცისტური რეჟიმის მაღალი რანგის სამხედრო ტყვეებთან.
ჰენრი კისინჯერი სრულად ფლობდა დიპლომატიის განხორციელების ყველა არსებულ მეთოდს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მისი საქმიანობა „უკანა არხების დიპლომატიაში“ (Backchannel diplomacy). ზოგადად, უკანა არხის დიპლომატია მის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მომწიფებული და, შესაბამისად, გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლო დიალოგი გამართონ უცხო ქვეყნების იმ პირებთან, რომლებთანაც ღიად საუბარი იმ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. ამის კლასიკური მაგალითია ჰენრი კისინჯერის მიერ, 1971 წლის ივლისში, ჩინეთში განხორციელებული საიდუმლო ვიზიტი და იქ გამართული ფარული მოლაპარაკებები.
იმ ეტაპზე, შეერთებული შტატები ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს არ აღიარებდა, რადგან ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა, კორეის ომის შედეგებიდან გამომდინარე, მაო ძედუნის მიერ შექმნილ ტოტალიტარული რეჟიმს ამერიკის მტრად განიხილავდა. თუმცა, რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც გაბედული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარით გამოირჩეოდა, ჩათვალა, რომ დრო იყო ამერიკას ჩინეთთან სახელწიფო, დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა. ამისათვის კი საჭირო იყო დიპლომატიური საფუძვლის მომზადება, რაც ჩინეთში ჩასვლის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. გარღვევა მოხდა 1971 წლის აპრილში, როდესაც, ჩინეთის პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა ფაქტიურმა მინისტრმა, ჟოუ ენლაიმ, ამერიკელებს ფარული გზავნილი მიაწოდა, რომელშიც ეწერა: „ჩინეთის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, საჯაროდ მიიღოს პეკინში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი (მაგალითად, ბატონი კისინჯერი).“
კისინჯერმა ნიქსონისგან ჩინეთში გამგზავრების დავალება მიიღო. უკანა არხის ეს დიპლომატიური მისია იმგვარ, სრულიად საიდუმლო, ვითარებაში ხორციელდებოდა, რომ თვით სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატებიც კი არ ჩააყენეს საქმის კურსში. კისინჯერის ჩინეთში შესვლის ამბავი არავის არ უნდა გაეგო. ამის უზრუნველყოფა პაკისტანის პრეზიდენტმა, იაჰია ხანმა იკისრა, რომელმაც კისინჯერი მიიღო და მასთან გამართულ სადილზე კისინჯერის ჩინეთში შესვლის მისიას „ოპერაცია მარკო პოლო“ უწოდა.
კისინჯერი, პაკისტანის ავიახაზებით, პეკინში გადააფრინეს, საიდანაც მან ნიქსონს მაო ძედუნის მიერ მომზადებული „ნაყინი“ ჩამოუტანა, რომლის „გასინჯვის“ შედეგად ნიქსონმა კომუნისტურ ჩინეთთან სახელმწიფო ურთიერთობების დამყარების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რაც, 1972 წელს, მისი პეკინში ვიზიტითა და, 1979 წელს, ამერიკა-ჩინეთის სახელმწიფოთა შორის დადებული ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.
პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, ჰენრი კისინჯერი იყო გამორჩეული მეცნიერი და მკვლევარი და მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი. 1958 წელს, რობერტ ბოუისთან (Robert R. Bowie) ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტში, დააარსა „ უეზერჰედის სახელობის საგარეო ურთიერთობების ცენტრი“ (Weatherhead Center for International Affairs), სადაც, 2001-02 წლებში, პატივი მქონდა მემუშავა მეცნიერ-მკვლევარად.
და ბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჰენრი კისინჯერის საოცარი იუმორის გრძნობა. იგი საკმაოდ ამბიციური ადამიანი გახლდათ, მაგრამ როგორც ეს გენიალურ ადამიანებს ახასიათებთ, იგი თავის ამ თვისებას თვითირონიის ფორმით გადმოსცემდა. ერთხელ ბატონ გელა ჩარკვიანთან საუბრის ბოლოს, მან ბატონ გელას უთხრა: „მე რომ თქვენნაირი დახვეწილი ინგლისური მქონოდა, ამერიკის პრეზიდენტი გავხდებოდი.“
ბატონ ჰენრი კისინჯერს ბევრი კარგი რჩევა ჰქონდა მოცემული ქართული მხარისთვის, რაც ჩვენი მხრიდან უთუოდ დასაფასებელი და გასათვალისწინებელია.