შესავალი
დიპლომატია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც მას, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში დასახული მიზნებისა და სტრატეგიების მშვიდობიანი გზით მოგვარების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ალიანსები და საერთაშორისო ურთიერთობების სხვა გამოვლინებები, როგორც წესი, დიპლომატიური პროცესებისა და მოლაპარაკებების შედეგია.
დიპლომატიის წარმოშობის ისტორიასთან დაკავშირებით, დიპლომატებს გვაქვს ასეთი ხუმრობა: დიპლომატია შეიქმნა მაშინ, როდესაც ადამიანები (დაპირისპირებული მხარეები) მიხვდნენ, რომ შუამავლის შეჭმას მისი მოსმენა სჯობს.
თავად ტერმინი დიპლომატია მომდინარეობს მე-18 საუკუნის ფრანგული ტერმინიდან diplomate („დიპლომატი), რომელიც ეფუძნება ძველბერძნულ სიტყვას „დიპლომა“, რომელიც, ორიგინალურად, „ორად დაკეცილ საგანს“ ნიშნავდა. კონვერტის გამოგონებამდე, დოკუმენტის დაკეცვა მისი შიგთავსის კონფიდენციალურობის დაცვას ემსახურებოდა.
მოგვიანებით, ეს ტერმინი ყველა ისეთ ოფიციალურ დოკუმენტთან მიმართებაში გამოიყენებოდა, რომლებიც მთავრობებს შორის შეთანხმებებს შეიცავდა და, შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებთან იგივდებოდა. ერთი სიტყვით, დიპლომატი იყო პიროვნება, რომელიც ერთი მონარქის მიერ დაწერილ და ორად დაკეცილ დოკუმენტს ხელიდან ხელში გადასცემდა მეორე მონარქს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი თანამედროვე ტიპის მოდელი (თავისი რეგიონალური და ფუნქციონალური დეპარტამენტებით), კარდინალმა რიშელიემ შექმნა, რომელიც 1624-1642 წლებში საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა. შემდგომ კი, საფრანგეთის რევოლუციურმა პერიოდმა და ნაპოლეონის ეპოქამ დამატებითი ბიძგი მისცა საგარეო საქმეთა ბიუროკრატიზაციას, რის შედეგადაც, 1825 წელს, ჩამოყალიბდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურის საბოლოო თანამედროვე მოდელი. სწორედ ამიტომ დიპლომატიური ტერმინების უმეტესობა ფრანგული წარმოშობისაა და ფრანგული ენის ცოდნა ფრიად სასურველი ნებისმიერი დიპლომატისთვის.
აშშ-ის მეორე პრეზიდენტის, ჯონ ადამსის აზრით, ამერიკის ელჩს, ქვეყნის საგარეო ინტერესების ოპტიმალურად განსახორციელებლად, შემდეგი თვისებები უნდა ჰქონოდა:
1. უნდა იცოდეს ზოგადი ისტორია - როგორც უძველესი, ისე თანამედროვე - კერძოდ საფრანგეთის, ინგლისის, ჰოლანდიისა და ამერიკის ისტორიები;
2. კარგად უნდა ერკვეოდეს ეთიკის პრინციპებში და ბუნებისა და სახელმწიფოების კანონებსა და კანონზომიერებებში;
3. უნდა იცოდეს რომაული - კონტინენტალური, ევროპის საჯარო სამართლისა და ინგლისისა და შეერთებული შტატების (ანგლო-საქსური) პრეცედენტული სამართლის კანონები და მათ შორის არსებული განსხვავება;
4. იცოდეს იმ დიადი ადამიანების წერილები, მემუარები და ისტორიები, რომლებიც განაგებდნენ სახელმწიფოთა და მსოფლიოს საქმეებს.
5. ელჩი უნდა იყოს ასაკოვანი, რომ ჰქონდეს განსჯის საუკეთესო უნარი, რომელიც მის საქმიან გამოცდილებას ეფუძნება;
6. უნდა იყოს აქტიური, ყურადღებიანი და შრომისმოყვარე
7. უნდა ჰქონდეს წრფელი გული და დამოუკიდებელი სულისკვეთება;
8. თავისი ქვეყნის ინტერესი თავისი ქცევის წესად უნდა აქციოს
დიპლომატიაში, როგორც სახელმწიფოთა შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელოვნებაში, ისტორიული გამოცდილებით, მისი განხორციელების შემდეგი სახეები და მეთოდები გამოიკვეთა:
1. ძალისმიერი დიპლომატია - Coercive diplomacy
2. ზღურბლზე მიყვანის დიპლომატია - Brinkmanship diplomacy
3. უკანა არხების დიპლომატია - Back channel diplomacy
4. შატლის დიპლომატია - Shuttle diplomacy
5. ეკონომიკური დიპლომატია - Economic diplomacy
6. საგანმანათლებლო დიპლომატია - Educational diplomacy
7. სპორტული დიპლომატია - Sport diplomacy
8. სახალხო დიპლომატია - Public diplomacy
9. კულტურული დიპლომატია - Cultural diplomacy
10. სამეცნიერო დიპლომატია - Science diplomacy
11. კიბერ დიპლომატია - Cyber diplomacy
12. ენერგეტიკული დიპლომატია - Energy Diplomacy
13. რეგიონალური დიპლომატია - Regional diplomacy
14. სამედიცინო დიპლომატია - Health diplomacy
ძალისმიერი დიპლომატია - Coercive diplomacy
შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატიის განხორციელების ყველაზე ნაკლებად დიპლომატიური, თუმცა, ყველაზე მეტად ეფექტიანი მეთოდი „ძალისმიერი დიპლომატიაა. როგორც წესი მას დიდი სახელმწიფოები (იმპერიები) მიმართავენ, როდესაც დრო ცოტა აქვთ თავიანთი გადაუდებელი და სასწრაფო მიზნის მისაღწევად. ამის კარგი მაგალითია, 2001 წელს, ჯორჯ ბუშის უმცროსის მიერ პაკისტანის მთავრობის იძულება, რათა ამ უკანასკნელს ამერიკული ჯარები ავღანეთში შეეშვა პაკისტანის ტერიტორიის გამოყენებით.
11 სექტემბრის ტერორისტული აქტის განხორციელებით, ტერორისტული დაჯგუფების, ალ ქაედას ლიდერმა, ბინ ლადენმა, 3.000-მდე ამერიკის მოქალაქე მოკლა და ავღანეთში მიიმალა. ეს არნახული ტრაგედია და შეურაცხყოფა იყო ამერიკისთვის. შესაბამისად, ბუშმა გადაწყვიტა ავღანეთში ჯარები გაეგზავნა. და რადგან, ავღანეთი ხმელეთში ჩაკეტილი სახელმწიფოა, ყველაზე მოკლე გზა, იქ ამერიკული ჯარების შესაყვანად პაკისტანის გავლით იყო შესაძლებელი. ამიტომ, ბუშმა პაკისტანის პრეზიდენტ, მუშარაფს, ასეთი პირობა დაუყენა: ან აიღებთ ფულს და ჩემს ჯარებს ავღანეთისკენ გაატარებთ, ან ჯერ თქვენ გადაგივლით და მერე შევალ ავღანეთში. პაკისტანი უმალ დათანხმდა და უკვე, 7 ოქტომბერს, ამერიკამ ავღანეთში სამხედრო ოპერაცია (Enduring peace) დაიწყო. ძალისმიერმა დიპლომატიამ წარმატებით იმუშავა.
ზღურბლზე მიყვანის დიპლომატია - Brinkmanship diplomacy
შეიძლება ითქვას, რომ ზღურბლზე მიყვანის დიპლომატია ძალისმიერი დიპლომატიის გამოყენებისას იჩენს ხოლმე თავს, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხარე იწყებს ძალისმიერი დიპლომატიის გამოყენებას და მეორე მხარე არ ნებდება მას და საპირისპირო ადეკვატური ძალის გამოყენებით ემუქრება მოწინააღმდეგეს.
ეს ისეთი საგარეო პოლიტიკური პრაქტიკაა, რომლის დროსაც ორივე მხარეს, მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტი, კონფრონტაციის ზღურბლამდე მიჰყავთ, რათა აგრესიული მოლაპარაკებების შედეგად მომგებიანი პოზიცია მოიპოვონ. იგი ხასიათდება აგრესიული რისკების აღებით, რაც ორივე მხარეს პოტენციური კატასტროფის (გარდაუვალი შეჯახების) წინაშე აყენებს, როდესაც ორივე მხარე თანაბრად ზარალდება (collateral damage).
უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზღურბლზე დადგომის ამგვარი პრაქტიკა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟიდან არსებობდა, თავად მისი აღმნიშვნელი ტერმინი - „ზღურბლზე მიყვანის დიპლომატია“ (Brinkmanship diplomacy) აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ფოსტერ დალესმა მოიგონა, რომელიც, 1956 წელს, ჟურნალ Life-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ „უნარი - დაპირისპირების ზღურბლზე ისე მიხვიდე, რომ ის ომში არ გადაიზარდოს - დიპლომატიის აუცილებელი ხელოვნებაა... თუ ზღურბლზე დადგომის გეშინია, მაშინ წაგებული ხარ,“ წერდა დალესი. ამის საპასუხოდ, ამერიკელმა პოლიტიკოსმა და დიპლომატმა, ადლაი სტივენსონმა (Adlai Stevenson) დალესს დასცინა და მის ზღურბლზე დადგომის დიპლომატიურ მეთოდს უგუნური საქციელი უწოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერმინი არაერთხელ გამოიყენებოდა ცივი ომის პერიოდში, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული უაღრესად დაძაბული ურთიერთობებით ხასიათდებოდა.
ზღურბლზე დგომის დიპლომატიის საუკეთესო მაგალითი იყო, 1962 წელს, საბჭოთა კავშირის მცდელობა, კუბაზე, ფარულად განეთავსებინა ბირთვული რაკეტები, რასაც შეერთებული შტატების ადექვატური საპასუხო რეაქცია მოჰყვა, რამაც აშშ და საბჭოთა კავშირი კინაღამ ბირთვულ ომამდე მიიყვანა. პრეზიდენტ კენედის ბრძანებით, ამერიკის ატომური ბომბებით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავები, რამდენიმე დღის მანძილზე, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრების პერიმეტრზე დაფრინავდნენ, რის შედეგადაც, შეშინებულმა ხრუშჩოვმა ატომური რაკეტებით დატვირთული ატლანტიკის ოკეანეში მყოფი კუბაზე მიმავალი საბჭოთა გემები შუა გზიდან მოატრიალა და უკან დააბრუნა. ზღურბლამდე მიყვანის დიპლომატიის ეს დუელი აშშ-ის გამარჯვებით დამთავრდა.
უკანა არხების დიპლომატია. ჰენრი კისინჯერი, დიპლომატიის „მარკო პოლო.“ - Backchannel diplomacy
უკანა არხის დიპლომატია მის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მომწიფებული და, შესაბამისად, გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლო დიალოგი გამართონ უცხო ქვეყნების იმ პირებთან, რომლებთანაც ღიად საუბარი იმ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის. ამის კლასიკური მაგალითია ჰენრი კისინჯერის მიერ 1971 წლის ივლისში ჩინეთში განხორციელებული საიდუმლო ვიზიტი და იქ გამართული ფარული მოლაპარაკებები.
იმ ეტაპზე, შეერთებული შტატები ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს არ აღიარებდა, რადგან ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა, კორეის ომის შედეგებიდან გამომდინარე, მაო ძედუნის მიერ შექმნილ ტოტალიტარული რეჟიმს ამერიკის მტრად განიხილავდა. თუმცა, რიჩარდ ნიქსონმა, რომელიც გაბედული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარით გამოირჩეოდა, ჩათვალა, რომ დრო იყო ამერიკას ჩინეთთან სახელწიფო, დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა. ამისათვის კი საჭირო იყო დიპლომატიური საფუძვლის მომზადება, რაც ჩინეთში ჩასვლის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. გარღვევა მოხდა 1971 წლის აპრილში, როდესაც, ჩინეთის პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა ფაქტიურმა მინისტრმა, ჟოუ ენლაიმ, ამერიკელებს ფარული გზავნილი მიაწოდა, რომელშიც ეწერა: „ჩინეთის მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, საჯაროდ მიიღოს პეკინში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი (მაგალითად, ბატონი კისინჯერი).“
კისინჯერმა ნიქსონისგან ჩინეთში გამგზავრების დავალება მიიღო. უკანა არხის ეს დიპლომატიური მისია იმგვარ, სრულიად საიდუმლო, ვითარებაში ხორციელდებოდა, რომ თვით სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატებიც კი არ ჩააყენეს საქმის კურსში. კისინჯერის ჩინეთში შესვლის ამბავი არავის არ უნდა გაეგო. ამის უზრუნველყოფა პაკისტანის პრეზიდენტმა, იაჰია ხანმა იკისრა, რომელმაც კისინჯერი მიიღო და მასთან გამართულ სადილზე კისინჯერის ჩინეთში შესვლის მისიას „ოპერაცია მარკო პოლო“ უწოდა.
კისინჯერი, პაკისტანის ავიახაზებით, პეკინში გადააფრინეს, საიდანაც მან ნიქსონს მაო ძედუნის მიერ მომზადებული „ნაყინი“ ჩამოუტანა, რომლის „გასინჯვის“ შედეგად ნიქსონმა კომუნისტურ ჩინეთთან სახელმწიფო ურთიერთობების დამყარების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რაც, 1972 წელს, მისი პეკინში ვიზიტითა და, 1979 წელს, ამერიკა-ჩინეთის სახელმწიფოთა შორის დადებული ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.
შატლის დიპლომატია - Shuttle diplomacy
დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, შატლის დიპლომატია (A shuttle bus - შატლის ავტობუსი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უმოკლესი მარშრუტით, წინ და უკან, სწრაფად და გაუჩერებლივ მოძრაობს ორ გაჩერებას შორის) წარმოადგენს ავტორიტეტული, შუამავალი მხარის სწრაფ მოქმედებას, როდესაც ის მრავალჯერად ვიზიტებს ახორციელებს, როგორც წესი, ომში მყოფი მხარეების ლიდერებთან და მათ შორის არსებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას ისე აგვარებს, რომ ამ უკანასკნელთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი და ნახვა არ უწევთ.
ამ ტერმინის შექმნაც, უშუალოდ, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის სახელთან არის დაკავშირებული. ეგვიპტესა და ისრაელს შორის მიმდინარე იომ ქიფურის ომის დასრულების შემდეგ საომარ მოქმედებებს მაინც ჰქონდა ადგილი ორ მხარეს შორის. ამიტომ, კისინჯერმა 1973 წლის 5 ნოემბერს დაიწყო შატლის დიპლომატიის განხორციელება და 2 კვირასა და 5 დღეში საომარი მოქმედებები დაასრულა.
ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების დროს (1969–1977) კისინჯერი წარმატებულად ახორციელებდა შატლის დიპლომატიას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რის შედეგადაც დაიდო შეთანხმებები ისრაელსა და სირიას შორის გოლანის სიმაღლეებზე 1974 წელს და „სინაის დროებითი შეთანხმება“ 1975 წელს. ამის შედეგად, კისინჯერის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ტერმინი „შატლის დიპლომატია“ ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
ეკონომიკური დიპლომატია - Economic Diplomacy
ეკონომიკური დიპლომატიის მიზანია, სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსების მთელი სპექტრის განვითარება საზღვარგარეთ არსებული ისეთი ეკონომიკური საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოზიდვა, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური კეთილდღეობის წახალისებას. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კონფლიქტების მოსაგვარებლად და სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური კავშირების გასაუმჯობესებლად.
ეკონომიკური დიპლომატიის ნიმუშად აშშ-ის პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დაასახელა არკანზასელი მეფრინველეობის ინდუსტრიის მაგნატის, დონალდ ტაისონის მაგალითი, რომელიც მან დიპლომატიური მისიით ჰონგ კონგში მიავლინა. ამის გამო, კლინტონის ოპონენტებმა იგი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ პროტექციონიზმს, რადგან ტაისონი კლინტონის წინა საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, როგორც გუბერნატორის (არკანზასი), ისე, შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნების დონეებზე. კლინტონმა ამის საპასუხოდ წარმოთქვა სიტყვა, სადაც შეეცადა აეხსნა, თუ რა სარგებელი ნახა აშშ-მა ტაისონის ჰონგ კონგში მივლინებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა ტაისონის ეკონომიკურ ნიჭს, რომელმაც ამ უკანასკნელს მისცა საშუალება, რომ შეენიშნა, რომ ჩინურ კულტურაში ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ქათმის ბარკლებსა და ფრთებს, ხოლო დასავლურ კულტურაში ( აშშ, ევროპა) გამოიყენება მხოლოდ მკერდის თეთრი ხორცი. შესაბამისად, ჩინური მეფრინველეობის ინდუსტრია თეთრ ხორცს ყრის და ანადგურებს, ხოლო დასავლური მეფრინველეობის ინდუსტრია უარყოფს ბარკლებს და ფრთებს. კლინტონის თქმით, ტაისონმა შესთავაზა ჩინელ კოლეგებს, რომ ორივე მხარეს მათ მიერ უარყოფილი ქათმის ნაწილები გადაყრის მაგივრად ერთმანეთში გაეცვალათ, რამაც ორივე მხარეს ორმაგი მოგება მოუტანა.
საგანმანათლებლო დიპლომატია - Educational Diplomacy
განათლების დიპლომატიის მიზანია განათლების გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინტერ კულტურული ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად. ის მოიცავს საერთაშორისო უნივერსიტეტებს, მათ შორის იდეების გაცვლას, რაც ხელს უწყობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებას, რაც ასე საჭიროა ეროვნულ საზღვრებს შორის თანამშრომლობისა და გლობალური ურთიერთგაგების დასამკვიდრებლად.
სპორტული დიპლომატია - Sports Diplomacy
სპორტული დიპლომატია ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, რისი მიზანიც დიპლომატიური ურთიერთობების, გლობალური მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამყარებაა. ის იყენებს მძლეოსნობას კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოებში, კულტურებსა და საზოგადოებებში არსებული ხარვეზების გადასალახად. სპორტულმა დიპლომატიამ შეიძლება ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებს და სოციალურ და ეკონომიკურ ზრდას. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ერებს შორის დიპლომატიური კავშირების გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო პრობლემების განხილვის ფორუმის შესაქმნელად.
შეიძლება ითქვას, რომ სპორტული დიპლომატია მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ძველ საბერძნეთში, ძველი წელთაღრიცხვით 776 წლიდან 393 წლამდე, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ტარდებოდა ოლიმპიური სპორტული თამაშები. ეს იყო რელიგიური ფესტივალის ნაწილი, რომელიც ძველბერძნულ ღმერთთა მეფის, ზევსის საპატივსაცემოდ იმართებოდა და მისი სახელწოდება -„ოლიმპიური“ - ოლიმპის მთის სახელიდან მომდინარეობდა, რომელიც ბერძნული ღმერთების სახლს წარმოადგენდა. ოლიმპიური თამაშები ბერძენთა ცხოვრების ცენტრალური ნაწილი იყო და ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ოლიმპიადების დროს ომები არ ყოფილიყო. თავიდან ოლიმპიადა ერთი დღე გრძელდებოდა, შემდგომ კი ის ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც ბოლო დაემატა მეხუთე დამაგვირგვინებელი დღე, როდესაც ხდებოდა გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემა და მათთვის ეწყობოდა საზეიმო ბანკეტები.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური თამაშები ჩვენ წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში დასრულდა, კაცობრიობას მათდამი ინტერესი არ დაუკარგავს, რის შედეგადაც, 1896 წელს, ათენში, ერთობლივი ძალისხმევით პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.
სახალხო დიპლომატია - Public Diplomacy
სახალხო დიპლომატია არის დიპლომატიის სახეობა, რომელიც ხაზს უსვამს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. ეს არის რბილი ძალის სახეობა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებს შორის კავშირებისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო გამოცდილების გაცვლის გზით. სახალხო დიპლომატია ასევე შეიძლება მოიცავდეს უცხოელ აუდიტორიასთან მედიისა და სხვა სახის კომუნიკაციის საშუალებით დაახლოვებას.
კულტურული დიპლომატია - Cultural Diplomacy
კულტურული დიპლომატია არის იდეების, ხელოვნების ნიმუშების, ინფორმაციისა და კულტურის სხვა ელემენტების გაზიარება სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს შორის ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად, რაც ასე აუცილებელია კულტურული განსხვავებებისა თუ დაპირისპირებების გადასალახად. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიის ეს სახეობა ხშირად უგულვებელყოფილია, მის გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევაში.
სამეცნიერო დიპლომატია - Science Diplomacy
სამეცნიერო დიპლომატია არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენება საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოებს შორის ხიდების შესაქმნელად. მისი მიზანია ისეთი გლობალური საკითხების მოგვარება, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, პანდემია, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიებისა და ექსპერტიზის გამოყენება. სამეცნიერო დიპლომატია ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ინფორმაციისა და რესურსების გაცვლის უზრუნველყოფას.
კიბერ დიპლომატია - Cyber Diplomacy
კიბერ დიპლომატიის მიზანია ელექტრონული კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების გამოყენება დიპლომატიის და საგარეო საქმეების პროგრესისათვის. იგი მოიცავს ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუმენტებს, როგორიცაა სოციალური მედია, ვებსაიტები და სხვა ონლაინ პლატფორმები, რომლებიც ელექტრონული დიპლომატიური შეხვედრების, დებატებისა და გლობალური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
კიბერდიპლომატია არის ხელოვნება, მეცნიერება და საშუალება, რომლის გამოყენებით სახელმწიფოები, პოლიტიკური დაჯგუფებები, ან ინდივიდები კიბერსივრცეში აწარმოებენ თავიანთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ან სამეცნიერო ურთიერთობებს იმ მიზნით, რომ შენარჩუნდეს მშვიდობიანი ურთიერთობები.
სამწუხაროდ, დღეს ინტერნეტი იქცა გეოპოლიტიკური ბრძოლებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ასპარეზად. ამის კარგი მაგალითებია კიბერ დანაშაულის ის შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ს არჩევნებში, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის საარჩევნო კამპანიისა და გერმანიის ბუნდესტაგის არჩვენების დროს.
შესაბამისად, კიბერ დიპლომატიის ამოცანაა მინიმუმამდე დაიყვანოს კიბერ აგრესიის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა: კიბერშეტევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე, მონაცემთა დარღვევები, კიბერდანაშაული, კიბერ ჯაშუშობა, ონლაინ ქურდობა და შეურაცხმყოფელი კიბერ ოპერაციები, რომლებსაც ზოგიერთი სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო აქტორები ახორციელებენ.
ენერგეტიკული დიპლომატია - Energy Diplomacy
ენერგეტიკული დიპლომატია არის დიპლომატიური ურთიერთობების გამოყენება ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ერების ინტერესების წინსვლის დასაცავად. იგი გულისხმობს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკებებს ენერგეტიკულ საკითხებზე, ასევე ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის მართვას. ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება და ენერგეტიკული მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ენერგეტიკული დიპლომატიის ნაწილია.
ენერგეტიკული დიპლომატიის კარგი მაგალითია ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ენერგეტიკული მილსადენის აშენება და მისი გავლენა რეგიონალურ სტაბილურობაზე.
რეგიონალური დიპლომატია - Regional Diplomacy
რეგიონული დიპლომატია მოიცავს ურთიერთობების წარმართვას იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც კონკრეტული გეოგრაფიული არეალის შემადგენელი ნაწილები არიან. რეგიონული დიპლომატია ახლა მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო საქმეებში. თანამედროვე მსოფლიოში, ყველა სახელმწიფოს კარგად ესმის ეფექტიანი სამეზობლო ურთიერთობების მნიშვნელობა და ღირებულება როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დამყარების საქმეში.
რეგიონალური დიპლომატიის შედეგის თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა კავშირის შექმნა (The Union of South American Nations (Unasur) რომლის საკონსულტაციო ხელშეკრულებას 2008 წელს მოეწერა ხელი და ძალაში შევიდა 2011 წელს. იგი მოიცავს სამხრეთ ამერიკის 12 - ივე დამოუკიდებელ სახელმწიფოს (არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, გაიანა, პარაგვაი, პერუ, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა).
ჯანდაცვის დიპლომატია - Health Diplomacy
ჯანდაცვის დიპლომატია იყენებს დიპლომატიურ ტექნოლოგიებს გლობალური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა პანდემიები და ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. მაგალითად, Covid-19-ის დროს, სახელმწიფოები ერთობლივად მუშაობდნენ ამ გლობალური დაავადების სამკურნალო ვაქცინების შესაქმნელად და გასაზიარებლად.
ჯანდაცვის დიპლომატიის კარგი მაგალითია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. ნობელის პრემიის სამგზის ლაურეატი ეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია 1949 წელს დაარსდა ჟენევის საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე და მასში მონაწილე სახელმწიფოებმა მას საერთაშორისო და შიდა შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის მანდატი მიანიჭეს. ასეთ მსხვერპლთა შორის მოიაზრებიან ომში დაჭრილები სამხედროები, ტყვეები, ლტოლვილები, მშვიდობიანი მოქალაქეები და სხვა არა მებრძოლი კატეგორიის ადამიანები.
ბოლოსიტყვაობა
როგორც ვხედავთ, კაცობრიობის ისტორიის საწყისიდან დღემდე, დიპლომატია საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად რჩება. თუ რიჩარდ ნიქსონის ცნობილ ციტატას გავითვალისწინებთ, რომ „დიპლომატია ძალაუფლების შეკავების ხელოვნებაა“, შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის ეპოქაში დიპლომატიამ ერთგვარ პიკს მიაღწია, რადგან მანამდე არასდროს ისე არ დასჭირვებიათ ადამიანებს ძალაუფლების შეკავების ხელოვნების ყველა ფორმის გამომჟღავნება, როგორც ატომური იარაღის იმ ძლევამოსილ და საშიშ ერაში.
აღნიშნულ პერიოდში, კაცობრიობა ოთხჯერ იდგა საყოველთაო, ბირთვული კატასტროფის ზღვარზე (1950 - კორეის ომი; 1975 - სუეცის არხის კონფლიქტი; 1963 კუბის კრიზისი და 1972 - იომ ქიფურის ომი) და ამერიკის პრეზიდენტების, ტრუმენის, ეიზენჰაუერის, კენედისა და ნიქსონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თავიანთი კეთილგონიერებითა და პრინციპულობით მსოფლიოს ოთხჯერვე თავიდან აარიდეს ეს საშინელი საფრთხე.
თუ გავითვალისწინებთ დღეს მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებებს, კაცობრიობა არანაკლები სამხედრო გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს და, ამიტომ, დიპლომატიას და მის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც დიდი ისე პატარა სახელმწიფოებისთვის.